ატალანტას აღმოჩენა კარიერას იტალიურ გრანდში გააგრძელებს

ბერგამოს ატალანტასა და სერია ა-ს მიმდინარე სეზონის აღმოჩენა, ფრენკ კესიე მრავალი ევროპული გრანდის ყურადღების ქვეშ მოექცა. აფრიკელი ნახევარმცველს პარი-სენ ჟერმენის, ჩელსისა და ტოტენჰემის სკაუტები ადევნებენ თვალყურს. აღსანიშნავია იტალიური გრანდების დაწინაურება სატრანსფერო მოლაპარაკებებში. სერია ა-ს მეორე წრის დაწყებისას აქტიურად იწერებოდა კესიეს იუვენტუსში ტრანსფერის შესახებ. თუმცა, მოგვიანებით ახალგაზრდა ვარსკვლავის გადაბირების ინიციატივა რომამ გამოიჩინა და დედაქალაქელებმა გარიგების პირველი ეტაპის წარმატებით დახურვა მოახერხეს.

პრესაში გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, გასულ კვირას კოტ-დ’ივუარელის ტრანსფერით მილანის ახალი ხელმძღვანელობა დაინტერესდა. უნივერსალური თვისებების მქონე ნახევარმცველი სრულად აკმაყოფილებს მილანის ახალი პროექტის მოთხოვნებს. ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო კლუბის ახალმა მფლობელმა იონგონგ ლიმ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მომავალ სეზონს ჩემპიონთა ლიგის გარეშე ჩაატარებს, ლომბარდიული გრანდის აღმასრულებელმა გუნდმა, ფასონე-მირაბელის დუეტის ხელმძღვანელობით წარმატებას მიაღწია ფეხბურთელის აგენტთან – ჯორჯ ატანანიასთან მოლაპარაკებებში. მათ რომაელების სახელფასო შეთავაზება (1.8 მილიონი ევრო წელიწადში) გააორმაგეს, ხოლო კლუბისთვის დედაქალაქელების მსგავსად 28 მილიონი ევროს + ბონუსების შეთავაზებას გეგმავენ. ატანანიას თქმით, ფეხბურთელი ორივე კლუბის  შემოთავაზებას ინტერესით განიხილავს და ოფიციალურ გადაწყვეტილებას სეზონის დასრულებისთანავე გაახმაურებს.

20 წლის კესიე პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია, თუმცა თავს ჩამშლელადაც კომფორტულად გრძნობს და ფლეიმეიქერის პოზიციაზეც საკმაოდ პროდუქტიულია. მიმდინარე სეზონში რამოდენიმეჯერ ცენტრალური მცველის როლიც საკმაო წარმატებით მოირგო.  კოტ-დ’ივუარელის ანგარიშზე 23 მატჩში 6 გოლი, 3 გადაცემა და 85% გადაცემების სიზუსტეა.

 

მსგავსი სიახლეები