გაიცანი გულშემატკივარი: თომა მამულაძე

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარია თომა მამულაძე, რომლის სიმპათიებიც ლონდონის “ჩელსისკენ” და იტალიის ნაკრებისკენ იხრება.

– გამარჯობა, თომა. გაეცანი ჩვენს მკითხველს…
– გამარჯობა. თომა მამულაძე, 22 წლის. საზღვაო აკადემიის მეოთხე კურსელი, “ჩელსის” გულშემატკივარი.
– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
– ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული 2003 წლის “ჩემპიონთა ლიგის” ფინალიდან დაიწყო, სადაც ერთმანეთს ორი იტალიური გრანდი “მილანი” და “იუვენტუსი” დაუპირისპირდნენ. მაშინ მე 8 წლის ვიყავი, თამაშს მამაჩემის და სხვა გულშემატკივრებთან ერთად ვუყურებდი. ფინალის შემდეგ ვხედავდი გულშემატკივრების ორ სახეობას: ისინი, რომლებსაც გამარჯვება უხაროდათ და ისინი, რომლებიც მარცხისგან ცრემლებს ვერ იკავებდნენ. მაშინ მე ერთი რამ გავიგე: გავიგე ის, რომ ეს უბრალოდ სპორტი არ არის – ეს არის ცხოვრების კიდევ ერთი ნაწილი, სადაც ადამიანის ზღვა ემოცია იყრის თავს.
– რატომ “ჩელსი”?
– ამისი ბევრი მიზეზი არსებობს. შემიძლია დავასახელო კონკრეტული ფეხბურთელი და ასევე მთლიანი გუნდი. პირველად “ჩელსის” თამაშს 2005 წელს ვუყურე, კონკრეტულად “ჩემპიონთა ლიგის” 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრას, სადაც “ჩელსი” “ბარსელონას” დაუპირისპირდა და 4:2 სძლია. ლონდონელთა თამაში იმდენად ლამაზი და სწრაფი იყო, რომ თვალს ვერ ვაშორებდი. მე მოვიხიბლე მათი ბრძოლისუნარიანობით. ისინი მზად იყვნენ მოედანზე ბოლომდე დაცლილიყვნენ ენერგიისგან მანამ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევდნენ.
– გასულ სეზონს და კონკრეტულად ანტონიო კონტეს მუშაობას როგორ შეაფასებდი?
– გასული სეზონით სრულიად კმაყოფილი დავრჩი. არ დავმალავ და ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი იტალიელი სპეციალისტის მიმართ და მეგონა, რომ ჩვენი მაქსიმუმი ოთხეული იქნებოდა, მაგრამ ნანახით დღემდე გაოცებული ვარ. ჯერ მარტო იმით, რომ ისეთ ფეხბურთელებში გამოაღვიძა ბრძოლისუნარიანობა, რომლებსაც თავდაჯერებულობა დაკარგული ჰქონდათ. ისინი ერთ მუშტად, ერთ ოჯახად აქცია. ასევე გაოცებული ვარ იმ ფაქტით, რომ ეს ყველაფერი ადამიანმა ერთი ფეხბურთელის, ნგოლო კანტეს მოყვანით შეძლო. ამ პატარა ფრანგის დახმარებით იტალიელმა “ატომური რეაქტორი” შექმნა, რომლისგანაც ენერგიას იღებდნენ სხვა პატარა რეაქტორები მოედანზე.
– ბაკაიოკო, რუდიგერი, მორატა… იტალიელისგან ეს უკვე სერიოზული სვლაა. როგორ მოგეწონა ეს 3 ტრანსფერი?
– ტრანსფერებით საკმაოდ კმაყოფილი ვარ. შევიძინეთ კიდევ ერთი უნიჭიერესი ფრანგი ნახევარმცველი – ბაკაიოკო, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია კანტეს გვერდით პრემიერლიგის საუკეთესო ნახევარდაცვა ჩამოაყალიბოს. რაც შეეხება რუდიგერს, ნამდვილად კარგი ბიჭია, ნიჭიერი, დიდი პოტენციალით. მართალია, აქვს მინუსები, მაგრამ ჯერ ახალგაზრდაა და მჯერა, რომ კონტე მისგან სერიოზულ მებრძოლს და მცველს ჩამოაყალიბებს. ესპანელი ფორვარდის შეძენით ძალიან გახარებული ვარ, მასზე ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია. ეს არის ის ფორვარდი, რომელიც სჭირდება “ჩელსის” და კონტეს. ფორვარდი, რომელსაც გააჩნია ყველა ის საჭირო კრიტერიუმი, რაც უნდა ჰქონდეს კლასიკურ ფორვარდს და მჯერა, რომ კონტეს ხელში ის სერიოზულად გაიბრწყინებს.
– რას შეცვლიდი გუნდში?
– ესაა – ფლანგის მცველები. ძალიან მომწონს ალონსოც და მოზესიც, ორივე მშრომელი და ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაღალი მწვერვალის დასაპყრობად აუცილებელია მათზე ძლიერი მცველები ფლანგზე, რომელთაც კონკრეტულ მომენტებში დაცვა არ გაუჭირდებათ და საჭირო არ გახდება სხვა ფეხბურთელების ხშირი დახმარება მათ ფლანგზე.
– საუკეთესო მატჩი შენი საყვარელი გუნდის შესრულებით და შესაბამისად, საყვარელი გოლი…
– სიმართლე გითხრათ, არასდროს არ გამომირჩევია საუკეთესო მატჩი და არც არასდროს მიფიქრია მასზე, რადგან ძალიან ბევრი მატჩის ჩამოთვლა შემიძლია და მათ შორის არჩევა გამიჭირდება, მაგრამ მაინც გამოვყოფ 2012 წლის ფინალს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი გრანდის – “ბაიერნის” წინააღმდეგ. ფინალს, რომელიც “ალიანს არენაზე” ჩატარდა, ჩვენი მეტოქის სტადიონზე და იქ გამარჯვება, პლიუს პირველი გამარჯვება ამ ტურნირზე – ვერც კი აღვწერ, თუ როგორ ემოციებში ვიყავი იმ დროს. ეს ხომ ის მომენტი იყო, როცა პირველად ვიგრძენი, თუ რას ნიშნავს, როცა საყვარელი კლუბი საკლუბო დონეზე ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს – “ჩემპიონთა ლიგას” იგებს. ჩემთვის საყვარელი გოლი – ფრენკ ლამპარდის გოლი “ბარსელონას” წინააღმდეგ, რომელმაც მახვილი კუთხიდან ელეგანტურად და არისტოკრატულად მოათავსა ბურთი ვიქტორ ვალდესის კარში.
– ყველაზე მეტად რომელი ფორმაციის “ჩელსი” მოგწონდა?
– სილამაზით და შედეგიანობით ყოველთვის მომწონდა და დღესაც მომწონს კარლო ანჩელოტის “ჩელსი”, მაგრამ ამ გუნდს ყოველთვის აკლდა რაღაც წარმატების მისაღწევად. რაც შეეხება სიძლიერეს, რა თქმა უნდა, ანტონიო კონტეს “ჩელსი”, თავისი სქემით – 3-4-3.
– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. აქ ვისკენ იხრება თომას სიმპათიები?
– ჩემი სიმპათიები იტალიის ნაკრებს ეკუთვნის 2006 წლიდან. იცი. ჯერ არ მოუფიქრებიათ ისეთი სიტყვები, რითაც შესაძლებელი იქნება იტალიური სულის, ბრძოლისუნარიანობის, მათი თავდადების აღწერა მოედანზე. როცა ისინი მინდორზე გამოდიან, ამ დროს ისინი ადამიანები აღარ არიან – ისინი იქცევიან ცივსისხლიან, უგრძნობ გლადიატორებად, მათი მიზანი კი ნებისმიერ ფასად საწადელის მიღწევაა.
– როგორ ფიქრობ, ვინ იქნება მუნდიალის მთავარი ფავორიტი?
– რა თქმა უნდა, გერმანიის ნაკრები. შემდეგ მოდის საფრანგეთი, იტალია, არგენტინა.
– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ეს არის ყველაზე ჭირვეული და რთული კითხვა. ამდენი წლის განმავლობაში უამრავი მინახავს ულამაზესი გოლიც და საგოლე გადაცემაც. ამიტომ, ძალიან რთულია გამოყოფა, მაგრამ მაინც ვიტყვი ლეო მესის გოლს “ხეტაფეს” წინააღმდეგ, როცა ნახევარი მოედანი და მთელი გუნდი მარტომ გაიარა და გოლითაც დააგვირგვინა. რაც შეეხება საგოლე გადაცემას – აქ გამოვყოფდი ფრანჩესკო ტოტის პასს “იუვენტუსის” წინააღმდეგ, ეს მოხდა 2002 წელს, გადაცემა კი კერძოდ კასანოზე გაკეთდა.
– ყველა დროის სიმბოლური გუნდი შენი გემოვნებით + მწვრთნელი…
– ბუფონი – კაფუ, კანავარო, ნესტა, მალდინი – დე როსი, ზიდანი – კრიშტიანუ რონალდუ, ტოტი, მესი – რონალდო. მწვრთნელი – კარლო ანჩელოტი.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

მსგავსი სიახლეები
333 ნახვა