გაიცანი გულშემატკივარი: ბაჩო სალუქვაძე

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი ბაჩო სალუქვაძეა, რომელიც “ლივერპულის” გულშემატკივარია და საინტერესოა, რომ ამ გუნდის ქომაგს პირველად ვმასპინძლობთ.

– გამარჯობა, ბაჩო. გაეცანი ჩვენს მკითხველს…
– გამარჯობა. ბაჩო სალუქვაძე, სტუდენტი თბილისიდან. “ლივერპულის” გულშემატკივარი.

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
2004 წლის ევროპის ჩემპიონატიდან. ინგლისი–პორტუგალიის მატჩის შემდეგ მივხვდი, რომ ეს სპორტი განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებდა ჩემს ცხოვრებაში (ჩოგბურთთან და კალათბურთთან ერთად).

– რატომ “ლივერპული”?
– აბა, “ევერტონი”?! (იღიმის).

– გასულ სეზონს როგორ შეაფასებდი?
– იდეალურს ვერ ვუწოდებდი, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დამაკმაყოფილებელი სეზონი იყო.  შედარებით სუსტ გუნდებთან ქულების განიავება უკურნებელი სენია. თუ განვიკურნეთ, იქნება იდეალური სეზონიც.

– ზოგადად, კმაყოფილი ხარ იურგენ კლოპით?
– ზედმეტად კმაყოფილიც კი. პირველივე სეზონებში ტიტულებს ნამდვილად არ ველოდი.  მისი მოსვლის შემდეგ კი  უდიდესი პროგრესი არამარტო გუნდმა, არამედ ფეხბურთელებმა განიცადეს. იგივე ლალანა, რომელიც გულშემატკივრებში ანტიპათიას იწვევდა, გასული სეზონიდან მოყოლებული მათი ერთ–ერთი საყვარელი ფეხბურთელია.

– როგორ ფიქრობ, სად სჭირდება გუნდს გაძლიერება?
ულაპარაკოდ დაცვის ცენტრში.  მინიმუმ ერთი მაღალი დონის  ცენტრალური მცველი და უკვე თავისუფლად ვიბრძოლებთ მაღალი მიზნებისთვის.

– რას შეცვლიდი “ლივერპულში”?
– მე “ლივერპული” ისეთი მიყვარს, როგორიც არის.  თავისი ნაკლებითა და პლიუსებით. იდეალური ჩემი თავიც მეზარება (იცინის).

– როგორი გრძნობა იყო სტამბულის ფინალში გამარჯვება?
– იმ ღამით ენით აღუწერელი ბედნიერება განვიცადე. დღემდე ჟრუანტელი მივლის, როცა სტამბულის ფინალს ვიხსენებ.

– როგორ აღწერ რაფა ბენიტესის პერიოდს?
– ბენიტესის ფორმაცია ფილმს ჰგავდა, რომელსაც ნაკლებად ცნობილი შემოქმედებითი ჯგუფი ჰყავდა, სადაც რეჟისორიდან დაწყებული, მსახიობებით დამთავრებული, ყველამ იცოდა საკუთარი საქმე.

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. აქ საით იხრება ბაჩოს სიმპათიები?
– სიმართლე  გითხრათ, არცერთი ნაკრების თავგადაკლული ფანი არ ვარ, მაგრამ ინგლისის ნაკრებისკენ ვიხრები ყველაზე მეტად.

– შენი აზრით, მუნდიალზე ვინაა ფავორიტი?
არგენტინა. მესიმ უნდა დაუსვას წერტილი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელზე დავას და დიდი ალბათობით დაუსვამს კიდეც.

– საუკეთესო პასი და გოლი, რაც გინახავს…  
– პასის დასახელებისას დიდი ფიქრი არც დამჭირდება და დავასახელებ გუტის გადაცემას ბენზემას მიმართულებით “დეპორტივოსთან”. აი, გოლს რაც შეეხება, კაკას გოლი “მანჩესტერ იუნაიტედთან”. “იუნაიტედის” დიდი “ჰეითერი” ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ერთმანეთზე შეჯახებულ ორ მანჩესტერელზე კარგი სანახავი ცოტა რამეა ამ ქვეყნად. სხვათა შორის, დიდად არც ის მწყენია ფინალში რომ დაგვამარცხეს “მანჩესტერის” გამოგდების შემდეგ და თან, სტამბულის შემდეგ “მილანი” რევანშის აღებას იმსახურებდა.

– ყველა დროის სიმბოლური გუნდი შენი გემოვნებით + მწვრთნელი…

ბუფონი – ალვეში, კანავარო, ნესტა, კარლოსი – ჯო ალენი, ლამპარდი,  ჯერარდი – ანრი, მესი, არნაუტოვიჩი. მწვრთნელი იურგენ კლოპი, რადგან მიუხედავად უამრავი ტიტულისა, გერმანელს ამ ფეხბურთელებში მოტივაციის შენარჩუნება არ გაუჭირდებოდა.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

მსგავსი სიახლეები