გაიცანი გულშემატკივარი: გიორგი გორგაძე

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარია გიორგი გორგაძე, რომელიც იტალიური ფეხბურთის დიდი ქომაგია…

– გამარჯობა, გიორგი. გაეცანი ჩვენს მკითხველს…
– მოგესალმებით. მე ვარ გიორგი გორგაძე, 15 წლის. ტურინის “იუვენტუსის” გულშემატკივარი.

 

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
– ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული 2010 წლიდან დაიწყო, მაშინ “აძურაც” და “იუვენტუსიც” თაობათა ცვლას განიცდიდნენ, რის გამოც ფორმაში ვეღარ იყვნენ, მაგრამ ეს ყველაფერი არანაირად არ მაძლევდა იმის საბაბს, რომ მათთვის არ მეგულშემატკივრა.
– რატომ “იუვენტუსი”?
– იტალიური გუნდის სახელი, რომელიც ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს: სიყვარული, სიძლიერე, გვერდში დგომა, ერთგულება და ა.შ. საერთოდ, ჩემი ფეხბურთისადმი სიყვარული მამაჩემის უდიდესი დამსახურებაა. მახსოვს, როდესაც პატარა ვიყავი, ნედვედის ფორმა მიყიდეს და იქედან დაიწყო ყველაფერი, თუმცა 2010–ში საბოლოოდ ჩავერთე ფეხბურთში. ჩემი აზრით. არ სჭირდება იმას ბევრი ახსნა, თუ რატომ “იუვენტუსი” და არა ნებისმიერი სხვა კლუბი.
– გასულ სეზონს როგორ შეაფასებდი?
– გასული სეზონის შეფასებას დავიწყებ სერია A–დან. გუნდი ყოველ მატჩში ბოლომდე ხარჯავდა ძალებს, ყოველი მატჩის შემდეგ თითქოს ფეხბურთელებიც უფრო მეტ გამოცდილებას იღებდნენ და უფრო მეტად ძლიერები იყვნენ, რაც შედეგზეც აისახა. ბოლო ექვსი წელია, “იუვენტუსი” იგებს სკუდეტოს, რაც ნამდვილად მიხარია და იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ, ზედიზედ მეშვიდედაც მოიგებენ სკუდეტოს, თუმცა მინდა სხვა კლუბების მეტად გაძლიერება, რომ სერია A–ში ისევ ისეთი კონკურენცია იყოს, როგორიც ადრე იყო. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, საუბარს დავიწყებ პირდაპირ მერვედფინალიდან. “იუვენტუსი” “პორტუს” დაუპირისპირდა. ამ კლუბს “იუვენტუსისთვის” დიდი პრობლემები არ შეუქმნია და მარტივად გავიდნენ მეოთხედფინალში. ზუსტად ვიცოდი, რომ კენჭისყრის შედეგად აუცილებლად რომელიმე ძლიერ კლუბს შევხვდებოდით და ასეც მოხდა. პირველივე წუთების შემდეგ იგრძნობოდა დაძაბულობა… თუმცა ეს დაძაბულობა ცოტა ხნით დიბალამ განმუხტა, როდესაც პირველი გოლი გაიტანა. “ბარსელონა” ბევრს ცდილობდა და გვახსოვს ინიესტას ძალიან სახიფათო მომენტიც, მაგრამ როდესაც დაცვის ხაზში ალექს სანდრო, ბონუჩი, კიელინი და დანი ალვეში გიდგას და მათ ზურგს ბუფონი უმაგრებს, ისინი პრობლემას აღარ წამოადგენდნენ. 3:0 – ეს ის ანგარიშია, რომელსაც ალბათ, არავინ ელოდა. მშვენიერი მატჩი გამოდგა, ახალგაზრდა ვარსკვლავის დუბლით და იტალიელი “კინგ-კონგის” თავით გატანილი გოლით. როდესაც განმეორებით მატჩამდე ცოტა დრო რჩებოდა ხალხი წერდა: “პსჟ-ს რა უქნეს და იუვენტუსს რას უზამენ”, მაგრამ იმას ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ ორ გუნდს შორის განსხვავება დიდი იყო. “იუვენტუსმა” ჩვენი მოლოდინები გაამართლა და თავდაუზოგავად იბრძოლა “ბარსელონას” წინააღმდეგ კატალონიაში. ეს 2 მატჩი ჩემთვის ყველაზე გამორჩეული იყო გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე.
– როგორ ფიქრობ, რა მოხდა კარდიფში?
– კარდიფში მომხდარი მოვლენების შესახებ ბევრი რამ წავიკითხე, მაგრამ მე ვერაფერს ვიტყვი, ეს მხოლოდ მათ იციან. მე უბრალოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდს, რომელსაც მთელი ჩემპიონთა ლიგის განმავლობაში ყველაზე ნაკლები გოლი ჰქონდა გაშვებული და მგონი მთელ ჩემპიონთა ლიგაზე სულ არ გაუშვია 4 გოლი, ამის შემდეგ მეუცნაურება ის ფაქტი, რომ 1 მატჩში 4 გოლს უშვებს და მეორე ტაიმში აბსოლუტურად სხვა ფეხბურთს თამაშობს იმასთან შედარებით, რაც პირველ ტაიმში ითამაშა.
– რას შეცვლიდი გუნდში და ვის დაიმატებდი?
– რაც შეეხება გუნდში ცვლილებებს. როდესაც გუნდიდან უშვებ იმ მცველს, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესოდ მაინც მოიაზრება, სასწრაფოდ უნდა მოიყვანო გუნდში მისი შემცვლელი. ძალიან მხიბლავდა მარიო გიოტცე გამთამაშებლის პოზიციაზე, მაგრამ როდესაც მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ძალიან ბევრი პრობლემა შეიქმნა, რის გამოც ფეხბურთელის ყიდვა ვეღარ მოახერხეს. ძალიან მინდა ნახევარდაცვაში ვიხილო ტონი კროოსი. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. ისეთია, როგორიც მის პოზიციას შეეფერება და იგი იუვენტუსს დახატავდა. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი დიბალას შენარჩუნებაა, ძნელია, თანამედროვე ფეხბურთში მოძებნო მისი ასაკის ფეხბურთელი, რომელიც მას შეცვლის. ჩემი აზრით, ის თავისი ასაკის ფეხბურთელებში უდავოდ ფავორიტია. ფეხბურთელებთან ერთად გუნდის ხელმძღვანელობაში არის ხალხი შესაცვლელი. ამაზე ნაკლებად ვისაუბრებ.
– შენი საყვარელი მატჩი და გოლი ფავორიტი გუნდის შესრულებით…
– ჩემი საყვარელი მატჩი “იუვენტუსის” შესრულებით გახლავთ 2002/2003 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა “იუვე”–”რეალი” 3:1. თუ რატომ, ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. რაც შეეხება გოლს, გავიხსენებდი 2015 წლის ასევე ნახევარფინალურ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე, “რეალი”–”იუვე”,  როდესაც მორატამ ანგარიში გაათანაბრა.
– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. იტალია საიდან შეგიყვარდა?
– რაც შეეხება “სკუადრა აძურას”, ყველაფერი იქედან დაიწყო, როდესაც მამაჩემი ბავშვობაში ბუფონზე და ბაჯოზე მელაპარაკებოდა. უცნაურია, არა? ბუფონი, რომელიც საუკეთესოა და მოქმედი ფეხბურთელია და ბაჯო, რომელიც იმ დროში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და კარიერა ჰქონდა დამთავრებული. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი სიყვარული იტალიისადმი სწორედ ამ ორი ფეხბურთელიდან დაიწყო. უფრო კარგად კი მახსოვს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატი, საიდანაც დაიწყო ჩემი და ფან-კლუბის “სიყვარული.
– როგორ ფიქრობ, ვინაა მუნდიალის ფავორიტი და რა შანსები აქვს იტალიას?
– მუნდიალის ფავორიტი ალბათ, ისევ გერმანია იქნება. ვერ ვიტყვი, რომ იტალიას შანსები არ აქვს, ყველაზე ძნელია ამ ნაკრებზე და ზოგადად, იტალიურ გუნდებზე, რაიმე წინასწარი პროგნოზის გაკეთება. მინდა, რომ იტალია, “იუვენტუსის” მსგავსად ბოლომდე დაიხარჯოს და ის ტიტული მოიგონ, რომელსაც მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი იმსახურებს.
– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ყველაზე მაგარი გოლი, რაც მინახავს არის გასული სეზონის ფინალში მანჯუკიჩის მიერ გატანილი ბურთი. ამ კითხვას არ ეკუთვნის, მაგრამ არ შემიძლია, არ დავწერო ჩემი საყვარელი გოლი, რომელიც არ მინახავს. ეს გოლი არის 2006 წლის მუნდიალის ნახევარფინალში გატანილი გოლი დელ პიეროს მიერ მატჩში, სადაც იტალიამ გერმანია მისსავე მოედანზე დაამარცხა.  ეს ბურთი მთლიანად შედევრია თავისი კონტრშეტევით, პასით და რა თქმა უნდა, დელ პიეროს შესრულებით.
– შენი ფავორიტი 3 იტალიელი…
– ბუფონი, დელ პიერო, ბაჯო.
– ყველა დროის სიმბოლური გუნდი, რაც გინახავს + მწვრთნელი…
– ბუფონი – მალდინი, ნესტა, კანავარო, გატუზო – პირლო, ინიესტა, რობენი – რონალდუ, დელ პიერო, მესი. მწვრთნელი ანტონიო კონტე.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

მსგავსი სიახლეები
302 ნახვა