გაიცანი გულშემატკივარი: გიორგი ჯანელიძე

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი ცნობილი იუმორისტი და სცენარისტი გიორგი ჯანელიძე გახლავთ.

– გამარჯობა, გიორგი. გაეცანი ჩვენს მკითხველს…
– გიორგი ჯანელიძე, სცენარისტი.

– ფეხბურთი საიდან შეგიყვარდა?
– ჯერ ეზოდან, შემდეგ სტადიონიდან.

– რატომ “ბაიერნი”?
– ჩემ ბავშვობაში ყველაფერს იგებდნენ.

– გასულ სეზონს როგორ შეაფასებდი და ახალი სეზონისთვის რა იმედებით ხარ?
– ცოტა ასაკიანი გუნდი იყო, მაგრამ ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ. საერთო ჯამში, დამაჯერებელი სეზონი ჰქონდათ და ჩემპიონთა ლიგაზეც თავი არ შეურცხვენიათ, უბრალოდ “რეალს” იმ დაპირისპირებაში უფრო გაუმართლა.

– რას შეცვლიდი გუნდში და ვის დაიმატებდი?
– ამ წუთისთვის არაფერს შევცვლიდი, თუმცა ბოლო წლებში გუნდში ძალიან ცოტა ცენტრალური მცველი იყო და გულშემატკივრებს მათი, (ზოგჯერ დარჩენილი ერთადერთის) შესაძლო ტრავმა გვაშფოთებდა.

– ყველაზე შთამბეჭდავი ფორმაციის “ბაიერნი”, რომელიც გინახავს…
– “ბაიერნი” ყოველთვის შთამბეჭდავია. ჩავარდნა, ალბათ, ამ საუკუნის პირველ 5 წელს დაემთხვა, როდესაც გერმანიაში უცებ წავიდნენ ვარსკვლავები და ამხელა 80 მილიონიანი ქვეყანა სებასტიან დაისლერის იმედზე იყო. შემდეგ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ თავისი შეასრულა და ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გამოჩნდა.

– რამდენად მოგწონდა გუარდიოლა და ტიკი–ტაკა?
– ცუდი არ იყო.

– მოგწონს “ბაიერნის” ის მიდგომა, რომ კონკურენტებს ასუსტებს?
– თბილისის “დინამოს” წინა, მოკლე ჩემპიონატის განათხოვრებული ფეხბურთელების შედეგებს თუ არ ჩავთვლით, მე არ მინახავს გუნდი, კონკურენტებს აძლიერებდეს. საუკუნის დასაწყისში, დორტმუნდის ,,ბორუსია” გაკოტრების პირას იყო და სწორედ “ბაიერნის” ფინანსურმა ინექციამ გადაარჩინა. ასე რომ, “ბაიერნს” 2 სახე აქვს…

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. გერმანია როგორ შეგიყვარდა?
– მამაჩემს ვკითხე, “ბაიერნი” რომელი ქვეყნის გუნდია–მეთქი და მაშინვე.

– როგორ ფიქრობ, რა შანსები აქვთ მუნდიალზე?
– გერმანიას ყველგან და ყოველთვის უმაღლესი მიზნები აქვს. ამ შემთხვევაში რას მიაღწევენ, წარმოდგენა არ მაქვს.

– კანი თუ ნოიერი?
– კანი. ჩემ ახალგაზრდობას მახსენებს (იღიმის).

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– უცებ რაც მახსენდება, ვან ბასტენის გოლი 1988-ში სსრკ-სთან და ხედირას, იოზილის და კროოსის პასები ბრაზილიასთან 7:1-ის დროს.

– ყველა დროის სიმბოლური გუნდი შენი გემოვნებით + მწვრთნელი…

– შმეიხელი, ბრემე, მალდინი, მათეუსი, გატუზო, მესი, ზიდანი, მარადონა, რონალდო, გარინჩა, ვან ბასტენი. ამათ მწვრთნელი არ უნდათ.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

მსგავსი სიახლეები
287 ნახვა