გაიცანი გულშემატკივარი: ბექა გოგიბერიძე

გარკვეული პაუზის შემდეგ განახლდა ჩვენი რუბრიკა “გაიცანი გულშემატკივარი”, რომლის მორიგი სტუმარიც ბექა გოგიბერიძე გახლავთ.

– გამარჯობა, ბექა. გაეცანი ჩვენ მკითხველს…
– გამარჯობა. ბექა გოგიბერიძე, 23 წლის. ფეხბურთი და კინომატოგრაფია ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია. 2003 წლიდან ვარ ფრანჩესკო ტოტის და შესაბამისად, “რომას” გულშემატკივარი.

– ფეხბურთი საიდან შეგიყვარდა?
– ფეხბურთს პირველად ვუყურე 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. 8 წლის ვიყავი, როცა ბრაზილიის ნაკრების ყვითელი მაისური მქონდა და ბრაზილიისკენ ვიყავი. კარგად ვერც ვხდებოდი რა ხდებოდა, მაგრამ კი გამიხარდა, რომ “სელესაომ” მოიგო (იცინის). 2003 წლიდან დავიწყე უფრო აქტიურად ფეხბურთის ყურება, რადგან “ნტვ პლიუსის” არხები ჩამირთეს. ყველაზე მეტად მოვიხიბლე მაშინდელი სერია A–თი, კონკრეტულად კი “რომას” თამაშებით, სადაც ბრწყინავდა ფრანჩესკო ტოტი. “რომა” მაშინდელ სერია A–ში ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა და ტოტის გარდა, ჰყავდა კიდევ რამდენიმე მაღალი დონის მოთამაშე (კაფუ, ემერსონი,კანდელა, კასანო და სხვები). ერთგვარი შეჯამებასავით რომ გავაკეთო: ამ კითხვის პასუხია ტოტის თამაში. ის მოედანზე აკეთებდა ყველაფერს –  გაჰქონდა არანორმალური სილამაზის გოლები, ჰქონდა ყველანაირად გენიალური პასი(გრძელი, მოკლე, პარტნიორის დასარტყმელ პოზიციაზე გამყვანი). ტოტის ქუსლით პასი კი ხელოვნება იყო ყოველთვის. ასევე ბრწყინვალედ ასრულებდა ჯარიმებს და მაშინდელი ტოტი საკმაოდ კარგ დრიბლინგებსაც აკეთებდა. ერთი სიტყვით, ვისაც ნანახი აქვს ხსენებული პერიოდის ტოტის თამაშები, ამ ყველაფერში ყველა დამეთანხმება.

– რატომ “რომა”?
– ერთხელ ჯოვანი ტრაპატონის (მაშინ იტალიის ნაკრების მწვრთნელი იყო) სთხოვეს დაესახელებინა 5 საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი იმ დროისთვის. ტრაპატონის პასუხი იყო: “ტოტი, ტოტი, ტოტი, ტოტი და ტოტი”. აი ასეთი პასუხი მაქვს მეც ამ კითხვაზე. ერთადერთი და მთავარი მიზეზი იყო ფრანჩესკო ტოტი და მისი გენიალური თამაში. “რომა” ყოველთვის გამოირჩეოდა იტალიური გუნდებისგან თამაშის შემტევი სტილით. მართალია, ამის გამო არაერთხელ შევრცხვით (იცინის), მაგრამ “რომას” თამაშის ხილვა უმეტესად სასიამოვნო სანახაობა იყო.

– აღწერე მომენტი, როცა ფრანჩესკო ტოტის გაცილებას უცქერდი…
– საშინელება იყო, ნამდვილი ტრაგედია! სულ ვიცოდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და მძიმედ გადავიტანდი,  მაგრამ როცა დადგა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მთელი საღამო რამდენიმე საათის განმავლობაში ვტიროდი (მაგის მეასედი ცხოვრებაში ერთიანად არ მიტირია). ტოტის გაცილება “ოლიმპიკოზე” იყო ერთ-ერთი საუკეთესო გაცილება და დრამატული მომენტი ფეხბურთის ისტორიაში. 70 ათასი კაცი, რომელიც “ოლიმპიკოზე” იყო იმ საღამოს მთელი გულით ტიროდა და აცილებდა თავის კუმირს ფეხბურთიდან. ბევრი, ვინც იყო სტადიონზე, დაბადებულიც არ გახლდათ, როცა ტოტიმ “რომაში” თამაში დაიწყო, ბევრი კი შეიძლება ითქვას ტოტისთან ერთად გაიზარდა ან დაბერდა ცხოვრებაში. რონალდუს და მესის გაცილებაზე იტირებს ყველაზე მეტი ადამიანი მსოფლიოში, მაგრამ კონკრეტულად “ოლიმპიკოზე” რაც ხდებოდა ისეთი ემოციები ვერ იქნება ვერც “კამპ ნოუზე” და ვერც იქ, სადაც რონალდუ დაამთავრებს კარიერას, რადგან ტოტის და “რომას” სხვანაირი სიყვარული ჰქონდათ. თამაშის წინ “ჯალოროსის” ფანების სექტორმა “კურვა სუდმა” გამოფინა ბანერი, სადაც ეწერა: “ტოტი არის “რომა”, “რომა” არის ტოტი”.

– წარმოგედგინა ოდესმე “რომა” ტოტის გარეშე?
– არა, არ წარმომედგინა და სიმართლე გითხრათ, ვერც ახლა წარმომიდგენია. ბოლო ორი სეზონი ფაქტობრივად არ თამაშობდა ტოტი, მაგრად ის მოლოდინიც კი ადრენალინს მგვრიდა, რომ ბოლო 10 წუთი გამოვიდოდა და რაიმეს იზამდა. სხვათა შორის, ბოლო წუთებზე გამოსვლით ბევრი თამაში შემოუტრიალებია.

– როგორ შეაფასებდი გასულ სეზონს და კონკრეტულად ამ სეზონში რა იმედებით ხარ?
– გასულ სეზონში “რომამ” საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა და სპალეტიც მაღალი დონის სპეციალისტია, თუმცა აქვს რამდენიმე მინუსი, რის გამოც გუნდმა ვერაფერი ვერ მოიგო გასულ სეზონში. სპალეტიმ არ იცის ცვლილებების გაკეთება, მაქსიმალურად ბოლო წუთებისკენ აკეთებს ცვლილებას. არ უყვარს შემადგენლობის შეცვლა – ცდილობს სულ ათამაშოს ის ბირთვი, რაც მას მოწონს, ამის გამო გადაიწვნენ “რომას” ლიდერები. ყოველ კვირა 3-3 თამაშის გამართვა ნორმალური დასვენების გარეშე ძალიან რთულია და ბოლოს კონფლიქტი ტოტისთან, რაც გუნდზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებდა. ამ სეზონში იმედი მაქვს, რომ ლიგის ოთხეულში შევალთ. მეტის იმედი არ მაქვს სერია A–ში. სეზონის დაწყებამდეც და ახლაც ვფიქრობ, რომ იტალიაში მთავარი ფავორიტი “ნაპოლია”. უბრალოდ, ამ გუნდს მწირი სათადარიგოთა სკამი ჰყავს და იმაზეა დამოკიდებული, როგორ აღიდგენენ ძალებს ფეხბურთელები. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ჩემთვის მოულოდნელობა იყო “ჩელსისთან” გმირულად ნათამაშები ფრე “სტემფორდ ბრიჯზე”, შემდეგ კი დამაჯერებელი გამარჯვება რომში, რამაც ჯგუფიდან გასვლის შანსები საგრძნობლად გაგვიზარდა.

– შენი გადასაწყვეტი რომ იყოს, რომელ ტრანსფერს განახორციელებდი “ჯალოროსისთვის”?
– ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, პირველ რიგში, “მომოჰამონს”, იგივე მოჰამედ სალაჰს არ გავუშვებდი ან თუ მაინც და მაინც ტრანსფერი გარდაუვალი იყო დავიმატებდი რიად მარეზს. ასევე არ გავუშვებდი გუნდიდან ახალგაზრდა ლეანდრო პარედესს. ისე კი, დიდი სიამოვნებით ვიხილავდი “ნაპოლიდან” დრის მერტენსს (რომელსაც ჩემს აღმოჩენად ვთვლი დიდი ხანია). ასევე ინსინიეს და უნიჭიერეს პიოტრ ზელინსკის.

– შენი საყვარელი გოლი და მატჩი “რომას შესრულებით…
– ასეთი ბევრია. გოლებიდან გამოვყოფდი ტოტის “ყუმბარას” ბუფონის კარში 2013 წელს და იმავე ჩესკოს ლეგენდარული “სელფის” გოლს “ლაციოსთან”, სადაც სრულიად უიმედო სიტუაციაში თავისი დუბლით გაათანაბრა ანგარიში. რაც შეეხება მატჩებს, მე რაც მაქვს ნანახი “რომა”–”ინტერი” 4:1 03-04 წლების სეზონში, სადაც “რომას” 0:0–ზე 3 ასპროცენტიანი სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს და მიუხედავად ამისა, 4:1 მოვიგეთ და მაგ სეზონშივე იყო “რომა”–”იუვე” 4:0. ასევე ერთ–ერთი საუკეთესო თამაში “მგლების” შესრულებით რაც მინახავს იყო 2007 წლის იტალიის თასის ფინალი, სადაც “ინტერს” 6:2 მოუგეს.

–  სანაკრებო ფეხბურთში ვისკენ იხრება შენი სიმპათიები?
– სანაკრებო ფეხბურთში ასე კონკრეტულად არავისკენ არ იხრება. არის პერიოდები, როცა ამა თუ იმ ნაკრების თაობა ან შემადგენლობა მომწონს და სხვადასხვა ტურნირზე სხვადასხვა ნაკრებისკენ ვარ ხოლმე. ბოლო წლებია არგენტინის ნაკრებს ვგულშემატკივრობ ლეო მესის გამო, თუმცა ვნანობ, რომ ყველა თამაშს ვუყურებ და ღამეს ვათენებ ამ საზიზღარი ნაკრების გამო. არგენტინის ნაკრები გუნდი არაა. არც ლეო მესია ლიდერი, მაგრამ მასზე ამ წარუმატებლობების მასზე გადაბრალება არ მიმაჩნია მართებულად, რადგან მოედანზე თავის საქმეს აკეთებს, უამრავ მომენტს ჰქმნის.  უბრალოდ, რაღაც ჯადო აქვს არგენტინის ნაკრების ფეხბურთელებს. სათითაოდ კლუბში ყველა კარგია, მაგრამ ნაკრებში ვერ თამაშობენ.

– როგორ ფიქრობ, მუნდიალის მთავარი ფავორიტი ვინაა?
– მუნდიალის ფავორიტად ბრაზილიის ნაკრებს ვთვლი. საკმაოდ დაძაბულ და მაღალი დონის ტურნირს ველოდები. ევროპული ნაკრებებიც ძალიან ძლიერები არიან, მაგრამ თითქმის ყველას მწვრთნელის პრობლემა აქვს. პირველ რიგში, მაინც ბელგიაზე და საფრანგეთზე მაქვს აქცენტი.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ეს კითხვა არ მიყვარს, რადგან N რაოდენობით ძალიან მაგარი გოლი და პასი მაქვს ნანახი, მაგრამ მაინც გეტყვით რამდენიმეს: ტოტის თავზე გადაგდება “ინტერთან” 2005–ში; მესის შედევრი “ხეტაფესთან” და რუნის სასწაული “მაკრატელა” “სიტისთან”. ბევრის თქმა მინდა კიდევ, მაგრამ უმჯობესია ამ სამზე გავჩერდე. საგოლე პასები? ტოტის პასი “იუვენტუსთან” 2002 წელს, როდესაც ცენტრიდან ქუსლით პასით “იუვეს” დაცვა მოჭრა და კასანო ბუფონთან დატოვა ერთი-ერთზე; რონალდუს ქუსლით პასი “ასტონ ვილასთან” რუნიზე (მაგ თამაშში სამი საგოლე გააკეთა რონალდუმ და სამივე მაგარი), გუტის ქუსლით პასი ბენზემაზე და სხვები.

– ყველა დროის სიმბოლური გუნდი შენი გემოვნებით + მწვრთნელი…
– ვინც მინახავს, მინდა, 2 გუნდად ვთქვა: კასილასი/ნოიერი-მარსელო/კარლოსი-ნესტა/კანავარო-ტერი/რამოსი-დანი ალვესი/ლამი-დე როსი/ბუსკეტსი-ინიესტა/ლამპარდი-ხავი/ჯერარდი-ტოტი/რობენი-რონალდინიო/ნეიმარი-ანრი/დელ პიერო. ორივე გუნდს სხვადასხვა სქემა ექნებოდა, პირდაპირ პოზიციებით არ მიწერია.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

მსგავსი სიახლეები
505 ნახვა