გაიცანი გულშემატკივარი: დათო დათუკიშვილი

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი მსახიობი და მწერალი დათო დათუკიშვილია…

– გამარჯობა, დათო. გაეცანი ჩვენ მკითხველს…
– გამარჯობა. დათო დათუკიშვილი, 31 წლის. მსახიობი და მწერალი. ვარ იტალიური ფეხბურთისა და “იუვენტუსის” ქომაგი.

– ფეხბურთი საიდან შეგიყვარდა?
– 8 წლის ვიყავი, როცა 1994 წლის ზაფხული იდგა და მუნდიალი გახურებული იყო. ყველას გახსოვთ რობერტო ბაჯოს ტრიუმფი და იტალიელი ხალხის უმადურობა, რომელთაც დაავიწყდათ ბაჯოს მონაპოვარი და ნერვების ხარჯზე აცილებული პენალტის გამო დღემდე კრიტიკის საგანია. ჩემ ფანტაზიაში მან ეს თერთმეტმეტრიანი ბევრჯერ გაიტანა. აქედან მოყოლებული, 8 წლის ასაკიდან ვარ იტალიური ფეხბურთის ერთგული გულშემატკივარი. რობერტოს კარიერის დასრულების შემდეგ გამოჩნდნენ ალესანდრო დელ პიერო და ფრანჩესკო ტოტი და 21–ე საუკუნეში განსაკუთრებით მიყვარდა ეს 2 მოთამაშე.

– რატომ “იუვენტუსი”?
– იმიტომ, რომ სხვა გუნდებთან შედარებით, ფეხბურთში მუდამ განსხვავებული სტილის დანერგვას ცდილობს. როგორც ხელოვნებაშია, რომ თუ ექსპერიმენტი არ ჩაატარე, არ შეიცვალე, წინ ვერ წახვალ. ყველაზე უიღბლო გუნდია, რადგან ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ბევრი ფინალი აქვს წაგებული. სამწუხაროა, რომ გადამწყვეტ მატჩებში ალესანდრო დელ პიერო თავის კლასს ვერ ავლენდა, რის გამოც მუდამ ატირებული ვიყავი, მაგრამ პაულო დიბალას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომელსაც ღირსეული ნომერი შეხვდა და ეს მემკვიდრეობა ღირსეულად უნდა გადაიბაროს.

– შევაფასოთ გასული სეზონი და როგორ ფიქრობ, კარდიფის ფინალში რა დააკლდა გუნდს?
– სიმართლე გითხრათ, გასული სეზონის “იუვენტუსი” ძალიან ჰგავდა 2015 წლის “იუვეს”. კარდიფის ფინალში კრიშტიანუ რონალდუს კომპლექსმა უდიდესი როლი ითამაშა, ეს ყველაფერი კი ნებისმიერ ფეხბურთელს დასდევს. გუნდს, ჩემი აზრით, რწმენა აკლია და როცა საქმე საქმეზე მიდგება, სწორედ ბაჯოს აცილებული პენალტი მახსენდება.

– ამ სეზონში რა იმედებით ხარ?
– ვფიქრობ, მინიმუმ ნახევარფინალს ითამაშებს.

– შენი ნება რომ იყოს, ვის გაუშვებდი და ვის დაიმატებდი გუნდში?
– გავუშვებდი გონსალო იგუაინს და მოვიყვანდი არიენ რობენს, რომელიც ვფიქრობ, დიბალასთან ერთად მოედანზე დახატავდა და გაგვახსენებდა იმ ოქროს პერიოდს, რასაც დელ პიერო–ზიდანი ერქვა.

– შენთვის რომელი მწვრთნელის პერიოდია ყველაზე კარგი?
– უდავოდ მარჩელო ლიპის პერიოდი და აქვე ვიტყვი, რომ ჩემი ოცნებაა “იუვეს” თავკაცად ალესანდრო დელ პიერო იქცეს. მთავარია, მან ეს მოისურვოს და უარს არავინ ეტყვის.

– რომელი უფრო დიდი ტურინელია: ჯიჯი თუ დელ პიერო?
– ეს ყავას და ჩაის და მოცარტისა და ბეთჰოვენის შედარებას ჰგავს. ჩემი აზრით, მაინც ჯიჯი, რადგან დროს გაუძლო და არის უდიდესი მოვლენა.

– შენთვის გამორჩეული მატჩი და გოლი “იუვეს” შესრულებით…
– 2008/09 წლების სეზონში “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩი “რეალის” წინააღმდეგ, 0:2 ტურინელთა სასარგებლოდ და დელ პიეროს გენიალური ჯარიმა. მანამდე კი ტურინში ასევე ბრწყინვალე გოლი გაუტანა ლეგენდარულ იკერ კასილასს.

– Top 5 “იუვენტუსელი”…
– ალესანდრო დელ პიერო, ჯიჯი ბუფონი, ზინედინ ზიდანი, ედგარ მხეცად წოდებული დავიდსი და ჩეხი გენიოსი პაველ ნედვედი.

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. როგორ ფიქრობ, შესწევს ჯამპიერო ვენტურას გუნდს იმის ძალა, რომ შვედეთი გამოაგდოს?
– იტალია ისეთი გუნდია, რომელსაც კარში ჯიჯი ბუფონი ჰყავს და ვფიქრობ, ორივე მატჩში კარს მშრალად შეინახავს და ამით დაამტკიცებს, რომ იგი დღემდე ღირსია იდგეს “სკაუდრა აძურას” ნაკრების კარში. შვედების მაქსიმუმი იქნება შეხვედრის პენალტების სერიამდე მიყვანა.

– როგორ ფიქრობ, ვინაა მუნდიალის მთავარი ფავორიტი და რა შანსები აქვს იტალიას?
– მიუხედავად საშინელი საკვალიფიკაციო ეტაპისა, მგონია, რომ არგენტინა შორს წავა და ისეთი გენიალური ფეხბურთელი, როგორიც ლეო მესია, იმსახურებს მსოფლიო თასს. ასევე გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან. აქ მხოლოდ მესის შემოქმედება არ კმარა, როცა აქეთ მიულერი–კროოსია, იქით კი მბაპე–გრიზმანი – აქ ზებუნებრივი ძალები ერთვებიან. დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის გაუღიმებს ფორტუნა. ფეხბურთის ალოგიკურობიდან გამომდინარე, არგენტინის უთასოდ დარჩენა არ გამიკვირდება. რაც შეეხება იტალიას, ობიექტურად რომ შევაფასოთ, ამ ფორმაციისთვის მეოთხედფინალში გასვლაც უკვე ჩემპიონობის ტოლფასი იქნება და აქ სწორედ ზებუნებრივი ძალების იმედზე ვარ.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– ძალიან ბევრია, მაგრამ გამორჩეულ მეპასედ რობერტო ბაჯოს დავასახელებ, ხოლო რაც შეეხება გოლს, 1998 წელს საფრანგეთის მუნდიალზე ნიგერიის წინააღმდეგ იეროს გადაკიდება ცენტრიდან და რაულის ერთი შეხებით შესრულება.

– მესი თუ რონალდუ?
– ეს ისევ მოცარტს და ბეთჰოვენს მახსენებს (იღიმის). შესრულება რონალდუ, პასი – მესი. ისინი ოლიმპოელები არიან. რომელიმეს გაქილიკება ფეხბურთის საზღვრებს ცდება და ჩემთვის მიუღებელია. მესამე ვარსკვლავად არიენ რობენი მიმაჩნია, რომელსაც ფენომენალური სისწრაფე და მარცხენა აქვს. მის უიღბლობებზე ყოველთვის ბაჯო მახსენდებოდა.

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები, ვინც გინახავს + მწვრთნელი…
– ბუფონი – ლამი, ნესტა, კანავარო, მალდინი – დავიდსი – დელ პიერო, ზიდანი, მესი – რონალდუ, რონალდო. ამ გუნდს ვანდობდი ვალერი ლობანოვსკის, რომლის დროსაც კიევის “დინამო” დაფრინავდა.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

მსგავსი სიახლეები
165 ნახვა