გაიცანი გულშემატკივარი: გიორგი ფულარიანი

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარია გიორგი ფულარიანი, რომელიც ძალზე უცნაური ქომაგობით გამოირჩევა…

– გამარჯობა, გიორგი. გაეცანი ჩვენ მკითხველს…

– გიორგი ფულარიანი, 21 წლის. ბედნიერი ვარ, რომ 14 წლიდან ვაკეთებ ბავშვობიდან მოყოლებული ორივე საოცნებო საქმეს – ვარ სპორტული ჟურნალისტი და მსახიობი. გარდა ამისა, წლებია აქტიურად ვვარჯიშობ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში და ზოგადად, მივსდევ ცხოვრების ჯანსაღ სტილს. ჩემთვის სპორტი და ხელოვნება უდიდესი რამაა!

– საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?

– ფეხბურთის ყურება 2003/04 წლების სეზონში დავიწყე და საბედნიეროდ, საბერძნეთის ევროპის ჩემპიონობა მაშინ კარგად ვერ გავიაზრე (იცინის). დღემდე ვფიქრობ, რომ ის ევროპა აუცილებლად ჩეხეთს უნდა მოეგო. ზოგადად, ძალიან უცნაური ფანი ვარ: ფეხბურთი შემაყვარა უკრაინელმა გენია ანდრეი შევჩენკომ და იმ ბრწყინვალე “მილანმა”, ხოლო 2005 წლიდან მოყოლებული ვარ “ბაიერნი”–”ჩელსის” ქომაგი ერთად, მაგრამ იტალიაში ჩემი ფავორიტი კლუბი, რა თქმა უნდა, დღემდე “როსონერია”, რომელსაც უმძიმესი ვითარება უდგას და იმედია, მალე გამოვა კრიზისიდან.

– პირველად ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა მატჩმა მოახდინა?

– ეფექტურობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სტამბულის ფინალმა და სწორედ ამ საოცარ ფინალს უკავშირდება ჩემი პირველი საფეხბურთო ცრემლებიც.

– “ბაიერნი” და “ჩელსი” როგორღა შეგიყვარდა?! 

– ჯერ იყო “ჩელსი”, რომელმაც “ბარსელონას” 4:2 მოუგო და სამუდამოდ დაისადგურა ჩემ გულში ადგილი, ხოლო “ბაიერნი”, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მარცხის შემდეგ შემიყვარდა, როცა იგივე “ჩელსისთან” განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩი 3:2 მოიგეს, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელად არ ეყოთ. მომეწონა ბოლომდე ბრძოლის ჟინი, გერმანული ხასიათი და ცივსისხლიანობა.

– საინტერესოა, 2012 წლის ფინალში ვისკენ იხრებოდი?

– (იცინის) ბუნებრივია, ეს კითხვა არაერთხელ დაუსვამთ. გამომდინარე იქედან, რომ “ჩელსის” იმ თაობას აუცილებლად ეკუთვნოდა ლიგა, ოდნავ მაინც “ჩელსისკენ” ვიხრებოდი, თუმცა მომდევნო სეზონში უკვე დარწმუნებული ვიყავი იმაში, რაც მოხდა – 2013 წლის “ბაიერნმა” ყველას და ყველაფერს გადაუარა!

– რამდენად მოგწონდა “ბაიერნი” და ტიკი–ტაკა?

– რაღაცნაირად არ უხდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ პეპ გუარდიოლასგან დასაფასებელი ქმედებაა, რომ გუნდს თამაშის სისწრაფეები და პასის კულტურა გაუზარდა. კარლო ანჩელოტის ძალიან მეიმედება, მაგრამ ვფიქრობ, გუნდს ჯერ კიდევ გუარდიოლას ინერცია მოჰყვება და ტიკი–ტაკას შტამპიდან ვერ გამოვიდნენ.

– რამდენად მოგწონს “ბაიერნის” ის მიდგომა, რომ კონკურენტებს ასუსტებს, ყიდულობს ფეხბურთელს და ხშირ შემთხვევაში სკამზე სვამს და აფუჭებს. მოქმედებს თუ არა გუნდზეც, რომ სხვა კლუბების მხრიდან კონკურენცია უვარდება?

– მათი ეს მიდგომა მეც არ მხიბლავს. რეალურად “ბაიერნს” “დორტმუნდის” გარდა, კონკურენტი არ ჰყავს. მაგალითად, გუარდიოლა ბუნდესლიგას მარტში იგებდა, მაგრამ ლიგის გადამწყვეტ სტადიაზე გუნდს ეტყობოდა, რომ შიდა ჩემპიონატში ყველანაირი დაძაბულობა მოხსნილი ჰქონდა. ტრანსფერებს რომ დავუბრუნდეთ… არ ვმალავ და აქაც ვიტყვი, რომ რობერტ ლევანდოვსკის გადმოსვლა ძალიან გამიხარდა, მაგრამ მარიო გიოტცეს ტრანსფერი დღემდე ვერ ამოვხსენი. მიუხედავად იმისა, რომ მუნდიალის ფინალში უდიდესი სიხარული მომანიჭა, “ბაიერნში” თავისი პოტენციალის 1/4–იც ვერ გამოავლინა.

– ვის დაიმატებდი “ბაიერნში”?

– დიდი სიამოვნებით დავიბრუნებდი ტონი კროოსს და ასევე დიდი სიამოვნებით შევიძენდი გარეთ ბეილსა და რაჯა ნაინგოლანს, რომელსაც ვიდალს შევუწყვილებდი. მიუხედავად იმისა, რომ ტიაგო ალკანტარას ამოგდება ძალიან მენანება, გერმანულ ხასიათში ნაინგოლანი უფრო ჯდება.

– როგორ შეაფასებდი ანტონიო კონტეს მუშაობას?

– თავიდანვე მჯეროდა მისი. კი, მძიმედ დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გუნდი 3–4–3 სქემაზე გადააწყო, საქმე “ხუთიანზე” აეწყო. რომელუ ლუკაკუს დამატებასთან ერთად მჯერა, რომ ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის თასისთვის პრეტენზია აუცილებლად ექნება.

– “ჩელსიში” შენი ტოპ 5 ფეხბურთელი…

– ჩეხი, ტერი, ლამპარდი, დროგბა, ბალაკი.

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. გერმანია საიდან შეგიყვარდა?

– ოჯახში დედაჩემი და ბიძაჩემი “გერმანისტები” არიან და მათგან უკვე ვიცოდი, რომ შესანიშნავ გუნდს ქომაგობდნენ, ხოლო მე 2005 წლიდან შემიყვარდა, როცა კონფედერაციის თასზე მექსიკას 4:3 მოუგეს და მაშინ მახსოვს, ბალაკმა ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა – სწორედ ლეგენდარულმა მე–13 ნომერმა იქონია მთავარი გავლენა.

– რამდენად მოგწონს იოახიმ ლიოვის მიდგომა, რომელმაც კონფედერაციის თასზე ლამის მესამე შემადგენლობა წაიყვანა?

– ორაზროვანი თემაა. ერთი, რომ თითქოს, გუნდს გამარჯვებულის ფსიქოლოგია მოაკლდება და მეორე: ფეხბურთელების გამოცდილების ამბავში მე ლიოვს ვეთანხმები. დანარჩენს კი ეს გათამაშება გვაჩვენებს.

– რას შეცვლიდი გერმანიის ნაკრებში?

– მიროსლავ კლოზეს წასვლის შემდეგ ნაკრებში ცენტრფორვარდის დეფიციტია. საუბედუროდ, შტეფან კისლინგი უკვე ასაკშია თორემ გვახსოვს წლები, როცა ლიოვი მას ერჩოდა და არაფრის დიდებით არ იძახებდა. ყოველთვის ვნატრულობ ხოლმე, რომ ლევანდოვსკი გერმანელი იყოს (იღიმის).

– როგორ გგონია, ვინ არის მუნდიალზე მთავარი ფავორიტი და რას იზამს გერმანია?

– მას შემდეგ, რაც “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო, ვამბობ, რომ “მუნდიალის რეალი” უნდა გავხდეთ–მეთქი (იცინის). ვფიქრობ, რომ გერმანია საფრანგეთთან ერთად მთავარი ფავორიტი იქნება და თუ მანამდე არ შეხვდნენ, არ გამოვრიცხოთ გერმანია–საფრანგეთის ფინალიც. ასევე, რა თქმა უნდა, არ უნდა ჩამოვწეროთ იტალია, რომელიც ზუსტად მაშინაა სახიფათო, როცა მისგან ყველაზე ნაკლებად ელი საფრთხეს – მით უმეტეს, რომ ჯიჯი ბუფონისთვის უკანასკნელი მუნდიალი იქნება.

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…

– ერთი გოლის გამორჩევა ძალიან მიჭირს და ამიტომ, სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი მარიო გიოტცეს გოლს არგენტინელთა კარში. რაც შეეხება გადაცემას, გამოვარჩევ რამდენიმე პასს: კაკას გადაცემა სტამბულის ფინალში კრესპოს მიმართულებით; იგივე კაკას პასი 2 წლის შემდეგ ასევე “ლივერპულთან” ინძაგის მიმართულებით; ბექჰემის ცნობილი შორეული გადაცემა რონალდოს მიმართულებით და ექსტრაორდინალურობის მხრივ გამოვარჩევ გუტის გადაცემას ბენზემას მისამართით “დეპორტივოს” წინააღმდეგ.

– ყველა დროის 2 საუკეთესო ფორმაციის გუნდი და ნაკრები შენთვის…

– თუ გუნდებზე ვილაპარაკებთ, ანჩელოტის “მილანი” და გუარდიოლას “ბარსელონა”, ხოლო ნაკრებებიდან 2006–ის იტალია და 2014–ის გერმანია.

– და ბოლოს: შენი ყველა დროის სიმბოლური ნაკრები…

– ბუფონი – ლამი, ტერი, ნესტა, მალდინი – ლამპარდი, ზიდანი, რონალდინიო, კაკა – რონალდო, შევჩენკო და ამ გუნდის მწვრთნელად კარლო ანჩელოტი იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ გენიალურ მოთამაშეებს ერთად მასზე უკეთ ვერავინ ათამაშებს.

ესაუბრა ტატო მახაშვილი

მსგავსი სიახლეები
709 ნახვა