გაიცანი გულშემატკივარი: სოფო ერქვანია

ჩვენი რუბრიკის მორიგი სტუმარი “მილანის” გულშემატკივარი სოფო ერქვანიაა.

– გამარჯობა, სოფო. გაეცანი ჩვენ მკითხველს…
– გამარჯობა! სოფო ერქვანია “მსოფლიო სპორტისა” და WORLDSPORT.GE-ს ჟურნალისტი. “მილანის” გულშემატკივარი.
 

საიდან შეგიყვარდა ფეხბურთი?
– ფეხბურთის სიყვარული და გულშემატკივრობა 6 წლის ასაკიდან დავიწყე. 1999 წლის მაისი იყო. მე და ბაბუა ვუყურებდით “შავ-წითლებისა” და “ბებერი ქალბატონის” დაპირისპირებას. გამომდინარე იქედან, რომ ბაბუა “როსონერის” ქომაგი იყო, ამ გუნდზე ბევრი ისტორია მქონდა მოსმენილი და დიდ პატივს ვცემდი, თუმცა იმ დღეს ლიბერიელმა ლეგენდამ, ჟორჟ ვეას მიერ შესრულებულმა საოცარმა დუბლმა ჩემი სიმპატიები “მილანის” მიმართ გააასმაგა და მას მერე ამ გუნდით ვარ მოწამლული. აგერ უკვე 18 წელია ერთგულად ვქომაგობ.
 

– რატომ “მილანი”?
– წინა კითხვაშიც აღვნიშნე უკვე, რომ არჩევანის გაკეთება ორ გუნდს შორის მომიწია. შესაბამისად, არა იმიტომ, რომ “მილანმა” “იუვენტუსი” დაამარცხა და ავირჩიე, არა. იყვნენ გუნდში ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემი სიყვარული პირველივე თამაშში დაიმსახურეს და მადლობა ვეას, რომ სწორი არჩევანი გამაკეთებინა.
 

– როგორ ფიქრობ, რა სჭირს “როსონერის” და რა არის მთავარი პრობლემა?
– ჩავარდნები ყველა გუნდს აქვს, თუმცა “მილანს” ეს ძალიან გაუგრძელდა. გუნდი ერთდროულად ძალიან ბევრმა მაღალი დონის ფეხბურთელმა დატოვა და ისეთივე დონის ფეხბურთელებით ვეღარ შეივსო. რა თქმა უნდა, რთულია შეცვალო: მალდინი, ნესტა, ინძაგი, გატუზო და ბევრი სხვა… შემდეგ უკვე დაიწყო ძალიან სუსტი და იაფფასიანი ტრანსფერების გაკეთება. ბერლუსკონისა და გალიანის სიძუნწის გამო გუნდში ისეთი ფეხბურთელები ხვდებოდნენ, როგორებიც იყვნენ კონსტანტი, აჩერბი… ეს ფაქტი კი უკვე მეტყველებდა, რომ სერიოზული ჩავარდნები ექნებოდა გუნდს გარკვეული პერიოდი. უკვე დღეს რაღაც ძვრა შეინიშნება. ვერ ვიტყვი, რომ აღფრთოვანებული ვარ იმ შენაძენებით, რომლებიც ამ სატრანსფერო ფანჯრის დროს განვახორციელეთ, თუმცა წინა წლებთან შედარებით თავი სიზმარში მგონია.
 

– ყველაზე მეტად სად სჭირდება გუნდს გაძლიერება?
– დაცვის ხაზს გავაძლიერებდი, რადგან მოგეხსენებათ, რომ “მილანის” ერთ-ერთი პლიუსი ყოველთვის იყო უძლიერესი დაცვა, თუმცა არც სხვა პოზიციებზე ვკაშკაშებთ. მეკარის გარდა, ყველა პოზიციას მინიმუმ 2 მაღალი დონის მოთამაშის დამატება სჭირდება.
 

– გაქვს ჩინელების იმედი?
– პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ გალიანი-ბერლუსკონის წასვლამ ძალიან დამწყვიტა გული, თუმცა უკვე დრო იყო. რაც შეეხება ჩინელებს, კარგად დაიწყეს. გუნდში უკვე ასე თუ ისე შედარებით კარგი მოთამაშეები დავიმატეთ და ამ ეტაპზე ევროპალიგას უნდა “გაუქაჩოს” ამ ფორმაციის გუნდმა, მომავალ წელს კი უფრო სხვა დონეს და სხვა შედეგებს ველოდები მათგან. მეიმედება.
 

– როგორ აღწერდი კარლო ანჩელოტის პერიოდს?
– მიუხედავად იმისა, რომ საკის ფორმაციის “მილანი” გაცილებით სხვა დონე იყო, ჩემთვის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული მწვრთნელი სწორედ ანჩელოტის ხანაა. რა შემიძლია მასზე ვთქვა? მხოლოდ დადებითი. სწორად მოაზროვნე, ამბიციური და გენიალური მწვრთნელია. ვისურვებდი, რომ “მილანში” დაბრუნებულიყოს.
 

– როგორ ფიქრობ, მაინც რა მოხდა სტამბულის ლეგენდარულ ფინალში?
– არ ვიცი. ალბათ, ერთადერთი მატჩია, რომლის დავიწყებაც მინდა. ისეთი გუნდი, როგორიც მაშინ “მილანს” ჰყავდა, რთულად წარმოსადგენია პირველ ტაიმში მოგებული 3:0–ის შემდგომ ასე ანიავებდეს შედეგს, მით უმეტეს ფინალში. კოშმარული ღამე მქონდა, თუმცა ეს ფეხბურთია, საოცარი სპორტი და ყველაფერი ხდება. 2007-ში რევანშის დრო დადგა და ამით ვიმშვიდებ თავს.
 

– შენი ტოპ 5 მილანელი…
– 
ბარეზი, ვეა, მალდინი, კაკა და შევა. ბარეზის თამაშს ვერ მოვესწარი სამწუხაროდ, თუმცა ვამაყობ, რომ “მილანს” ისეთი კაპიტნები ჰყავდა, როგორებიც ბარეზი და მალდინი არიან. რაც შეეხება ვეას, “მილანი” შემაყვარა. კაკა ჩემი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია და მასთან ერთად შევაც!

– გადავიდეთ სანაკრებო ფეხბურთზე. როგორ ფიქრობ, რა შანსები აქვს იტალიას მუნდიალზე?
– იტალიის ნაკრები ისეთია, შანსები ყოველთვის აქვს. მაშინაც კი, როდესაც მათგან არაფერს მოელიან. არა აქვს მნიშვნელობა როგორი გუნდით თამაშობს, ყოველთვის შეუძლია ბრძოლა. ბევრჯერ დაამტკიცეს ეს და მუნდიალზეც ველოდები, რომ მაღალ დონეს აჩვენებენ, ისევე, როგორც ევრო 2016–ზე. ძალიან დასანანი მარცხი განიცადეს და მინდა, რომ გამოასწორონ.
 

– ყველაზე მაგარი გოლი და პასი, რაც გინახავს…
– კაკას გოლი “მანჩესტერთან”. პასს რაც შეეხება, პირლოს პასი ცენტრიდან ბაჯოს მიმართულებით და ბრწყინვალე გოლი “იუვენტუსის” კარში.
 

– ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შენი გემოვნებით…
– ბუფონი; მარცხენა მცველი პაოლო მალდინი, კანავარო, ბარეზი, მარჯვენა მცველი ფილიპ ლამი; ზეედორფი, პირლო, კაკა; დელ პიერო, ვეა, შევა. მწვრთნელი ანჩელოტი…
 

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

მსგავსი სიახლეები
547 ნახვა