ევროპული უიქ–ენდის წინ: ანონსები და პროგნოზები

მომავალი ევროპული უიქ–ენდი ბევრ საინტერესო დაპირისპირებას გვპირდება. ჩვენ მაქსიმალურად გამორჩეული შეხვედრებისწინა პერიპეტიებზე ვისაუბრებთ და ასევე პროგნოზების სახით რჩევებსაც მოგცემთ.

ინტერი–მილანი (15 აპრილი. 14:30)

დავიწყოთ დაპირისპირებით, რომელიც მიუხედავად ორივე გუნდში ვარსკვლავების ნაკლებობისა, მაინც ძალიან მასშტაბური და დიდია! მილანური დერბი უბრალო მოვლენა როდია.

გუნდები ამჟამად არა სკუდეტოსთვის, არამედ ევროსაგზურებისთვის იბრძვიან: “მილანს” 57 ქულით მე–6 ადგილი უკავია, “ინტერი” კი მე–7 პოზიციაზეა და მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩება.

“ინტერმა” გასული 2 დაპირისპირება მარცხით დაასრულა და თანაც, “ნერაძურის” მთავარ ბომბარდირ მაურო იკარდის უკვე 3 მატჩია არ გაუტანია, როცა “როსონერის” გოლეადორ კარლოს ბაკას ანგარიშზე ბოლო 5 შეხვედრაში ამდენივე გოლია.

პირველ წრეში გუნდების დუელი ძალზე ეფექტური გოლების ფონზე ფრედ 2:2 დასრულდა და ახლაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ბურთები ორივე გუნდის კარში გავა.

პროგნოზი: მეტი გოლი/ორივეს გატანა

მანჩესტერი–ჩელსი (16 აპრილი. 19:00)

მიმდინარე სეზონში “იუნაიტედის” მთავარი ამოცანა არა ტიტული, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ სეზონში გუნდები “სტემფორდ ბრიჯზე” ორჯერ უკვე შეხვდნენ – ჯერ პრემიერლიგაში, შემდეგ თასზე. ორივე შემთხვევაში (4:0, 1:0) გამარჯვება ლონდონელებს დარჩათ და ამ ყველაფრის ფონზე ჟოზე მოურინიოსთვის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოგება ათმაგად სასიამოვნო იქნება.

თავის მხრივ, “ჩელსი” სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევარ, მეორეადგილოსან “ტოტენჰემ ჰოთსპურს” 7 ქულით უსწრებს, მაგრამ ამ უპირატესობას შენარჩუნება უნდა. თანაც, მაურისიო პოჩეტინიოს შეგირდები “ბორნმუთს” მასპინძლობენ და დიდი ალბათობით გაიმარჯვებენ კიდეც.

საგულისხმო ფაქტია, რომ “იუნაიტედს” პრემიერლიგაში ჩატარებული ბოლო 8 შეხვედრიდან “ჩელსისთან” არც ერთი არ აქვს მოგებული – 4 ფრე და 4 წაგება. თუკი ანტონიო კონტე ამჯერადაც მოახერხებს “იუნაიტედის” ძლევას, “ჩელსის” ისტორიაში გლენ ჰოდლის (1993/94), ჟოზე მოურინიოსა (2004/05) და კარლო ანჩელოტის (2009/10) შემდეგ გახდება მეოთხე მწვრთნელი, ვინც ერთ სეზონში ორჯერ დაამარცხა “წითელი ეშმაკები”.

პროგნოზი: ორივეს გატანა

ვალენსია–სევილია (16 აპრილი. 18:15)

ძალზე დამაინტრიგებელი მატჩი, სადაც ერთ გუნდს აუცილებლად სჭირდება მოგება, ხოლო მეორეს კი არანაირი სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია. წინა ტურში “სევილიამ” “დეპორტივოს” (4:2) ძლევით უსიამოვნო სერია დაასრულა, ხოლო “ვალენსიამ” ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა. სავსებით შესაძლებელია, რომ “მფრინავი ღამურები” ათეულში მოხვდნენ, მაგრამ ახლა წინა სამ შემთხვევასთან შედარებით გაცილებით რთული მეტოქე ჰყავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ხორხე სამპაოლის გუნდი ძალზე სახიფათოა, “ვალენსიას” სათამაშო ფილოსოფია დაცვაში თამაშს არ ითვალისწინებს. ასე რომ, “მესტალიაზე” შეკრებილი პუბლიკა მინიმუმ 3 გოლს მაინც იხილავს.

პროგნოზი: 1/მეტი გოლი

ლევერკუზენი–ბაიერნი (15 აპრილი. 20:30)

გადავინაცვლოთ გერმანიაში, სადაც 29–ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი და ლიდერი მიუნხენის “ბაიერნი” ლევერკუზენის “ბაიერს” ესტუმრება.

რამდენიმე კვირის წინ “ლევერკუზენი” ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, ახლა კი გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის – “ფარმაცევტებს” გასავარდნ ზონამდე 6 ქულა აშორებთ.

მიუნხენელებს ჩემპიონობის გაფორმება კვლავ ვადაზე ადრე შეუძლიათ. ბუნდესლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე “ლაიპციგს” მთელი 10 ქულით უსწრებენ, მაგრამ “ბაიერს” ინტრიგის დატოვება თავისუფლად შეუძლია.

“რეკორდმაისტერის” შემადგენლობა ნახევრადძლიერი იქნება – მით უმეტეს, რომ “რეალთან” უმძიმესი დუელის შემდეგ დასვენებაა საჭირო. გავითვალისწინოთ ისიც, რომ გუნდის უდავო ლიდერი და ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი მხრის დაზიანების გამო ასი პროცენტით მზად არაა.

პროგნოზი: ორივეს გატანა

სპარტაკი–ზენიტი (16 აპრილი. 22:00)

ჯანო ანანიძის სერიოზული გამოცდა რუსულ ელ კლასიკოში – მოსკოვის “სპარტაკი” სანკტ–პეტერბურგის “ზენიტს” უმასპინძლებს. მოსკოველებს გამარჯვების შემთხვევაში საჩემპიონო რბოლაში “ზენიტის” საბოლოოდ ჩამოშორება შეუძლიათ, რადგან პეტერბურგელთათვის 11 ქულის “ამოქაჩვა” წარმოუდგენელი იქნება.

რუსულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ “სპარტაკის” გამარჯვების შემთხვევაში მირჩა ლუჩესკუს “ზენიტის” თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლებენ.

ფავორიტად მაინც მასიმო კარერას გუნდი ითვლება და დიდი ალბათობით, შეხვედრაც სწორედ მათი გამარჯვებით დასრულდება.

პროგნოზი: 1

მსგავსი სიახლეები