ესპანური მუსიკა მწვანე მინდორზე

ინგლისისა და იტალიის შემდეგ ფლამენკოსა და კორიდის სამშობლოს ჯერი დადგა…

იკერ კასილასი – ხოსე კარერასი

ხასიათი, შედევრების შექმნა – მათი მთავარი საერთოა. ისევე, როგორ კარერასს სცენაზე, იკერსაც არაერთხელ “დაუჭექავს” მოედანზე თავისი ბრწყინვალე სეივებით, ხოლო “ვერდი” და “პუჩინი” მაშინ შემოგვთავაზა, როცა 2010 წლის მუნდიალის ფინალში 2 გადამწყვეტი სეივი განახორციელა.

რაული – პლასიგო დომინგო

ორი უდიდესი ტენორი თავის საქმეში. დომინგოს თავისი პუბლიკა მუდამ აღფრთოვანებაში ჰყავს და რაულის გოლებიც მადრიდელი ქომაგებისთვის დღესასწაული და საოპერო შედევრი იყო.

ჩავი – მელენდი

ჩავი ბურთით უკრავდა; ჩავი ბურთით ხაზავდა ფლამენკოს მოძრაობებს და გენიალური ხედვის ფონზე არაერთხელ “უმღერია წარმატებულად”.

ანდრეს ინიესტა – პაკო დე ლუსია

ზუსტად ერთნაირი ვირტუოზობა! ინიესტას თამაშში კლასიკა, ფლამენკო და ჯაზია გაერთიანებული, რაც ყველანაირი წინაპირობაა იმისა, რომ შედევრები შექმნა.

ფერნანდო ტორესი – ენრიკე იგლესიასი

მათ ბევრი საერთო აქვთ. მაგალითად, ის, რომ ორივეს თაყვანისმცემლებში მრავლად მოიძებნება მანდილოსანი. გარდა ამისა, ორივეს ის ბავშვური ემოციურობა და ხასიათი აქვს, რაც მათ შემოქმედებას კიდევ უფრო მხიარულს, მარტივად აღსაქმელს და ლაღს ხდის.

ჩაბი ალონსო – ხულიო იგლესიასი

ერთნაირი სილაღე, სიმარტივე, მაგრამ ამავე დროს, შემოქმედებითი აზროვნება, რომლის წყალობითაც ხულიოსაც და ჩაბისაც არაერთხელ მოუხაზავთ ხელოვნური შტრიხი. ალონსოს აზროვნებაში ჯაზი და ფლამენკოა გაერთიანებული.

მოამზადა გიორგი ფულარიანმა

მსგავსი სიახლეები
345 ნახვა