ვატო ბააკაშვილი: “მთელი ყურადღება ფლეი–ოფისკენაა”!

სუპერლიგის დებიუტანტმა “კაკტუსმა” რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ფლეი–ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც “ქუთაისთან” პირველ შეხვედრას სტუმრად 4 მაისს ჩაატარებს. ამ და სხვა საინტერესო თემაზე სასაუბროდ გუნდის კაპიტან ვატო ბააკაშვილს დავუკავშირდით…

– პირველ რიგში, გილოცავთ მესამე ადგილსა და ფლეი–ოფს. შეაფასე განვლილი სეზონი, მეტოქეები და რამდენად რთული იყო ამ მისიის შესრულება?

– მადლობა და პირველ რიგში, ვებ–გვერდის განახლებას მოგილოცავთ. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, სეზონის დასაწყისში არავინ არ ფიქრობდა, რომ “კაკტუსი”, რომელიც უმაღლეს ლიგაში შარშან გადმოვიდა, რეგულარულ სეზონს მესამე ადგილზე დაასრულებდა, მაგრამ მთავარია, რომ ბიჭებსა და მწვრთნელებს გვჯეროდა. რაც შეეხება მეტოქეებს, აბსოლუტურად ყველა შეხვედრაში დიდი ბრძოლა მოგვიწია. სუპერლიგაში არ იყო იმ კატეგორიის გუნდი, რომელთანაც გამოხვიდოდი და იტყოდი: “აი, ეს აუტსაიდერია და მარტივად მოვიგებთ” – არა, ეს ასე არ იყო და ყველა გუნდს თითო მატჩი მაინც მოვუგეთ. ფლეი–ოფში “ქუთაისს” დავუპირისპირდებით, რომელიც სეზონის დასაწყისში პირველივე თამაშში დავამარცხეთ და ეს მაშინ სენსაციად შეირაცხა. შემდეგ 3 თამაში წავაგეთ. ზოგადად, ამ ჩემპიონატის ფავორიტებად “დინამო” და “ქუთაისი” მიიჩნევიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ “კაკტუსს” აქვს ის რესურსი და პოტენციალი, რომ “ქუთაისი” დაამარცხოს.

– ზოგადად, შენ საიდან შეგიყვარდა კალათბურთი?

– კალათბურთის თამაში ძალზე ადრეულ ასაკში დავიწყე. ბაბუაჩემს დავყავდი ვარჯიშებზე და თამაშებზე და ამან დიდი გავლენა იქონია. სხვათა შორის, ჩემი ამჟამინდელი მწვრთნელის არჩილ ჟღენტის თამაშიც კარგად მახსოვს ვერის ბაღში და იმ პერიოდში ის და მისი თაობა ვარსკვლავები იყვნენ, მათ ასპარეზობებს კი მე და ბაბუაჩემი ვესწრებოდით. ახლა კი ძალიან მსიამოვნებს, როცა არჩილთან უშუალოდ მიწევს შეხება და ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს. 1 წელი ესპანეთში ვითამაშე, შემდეგ აქ უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდში მოვსინჯე ძალა – “რუსთავი”, “სოხუმი”. ამ უკანასკნელში გატარებული 3 წელიწადი ყოველთვის ტკბილად მახსენდება და ჩემთვის ერთგვარი ტრამპლინიც იყო. სამი წლის განმავლობაში ერთი და იგივე ფორმაციის გუნდი ვიყავით და რაც მთავარია, ერთ მუშტად შეკრულნი. იყო გარკვეული უთანხმოება კლუბსა და სპონსორებს შორის, მაგრამ ახლა ყველაფერი ლამაზად მახსენდება. შემდეგ მოხდა ისე, რომ მე და ჩემი თანაგუნდელი ბექა ჩიკვილაძე სუპერლიგის ვერც ერთ გუნდში ვერ მოვხვდით… “კაკტუსთან” ერთად პირველი ლიგა ვითამაშეთ და მოვუგეთ “ვითას”, რომელიც ერთ–ერთი ძლიერი გუნდი იყო, VTB ლიგას თამაშობდა. როგორც სეზონის დასაწყისში არ სჯეროდა არავის, რომ ჩვენ მესამე ადგილზე გავიდოდით, ზუსტად ასეთივე მოულოდნელობა იყო მაშინ ჩვენი მხრიდან “ვითას” დამარცხებაც. ახლა კი ბექა გუნდის ერთ–ერთი ლიდერი და სუპერლიგაში ერთ–ერთი გამორჩეული მოთამაშეა. ყოველი თამაშის შემდეგ ამტკიცებს, რომ როცა იგი უყურადღებოდ დატოვეს, ამას, როგორც მინიმუმ, არ იმსახურებდა.

– პირველი საკალათბურთო მატჩი…

– სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. როცა მე კალათბურთის ყურება დავიწყე, მაშინ ჯერ კიდევ “კასეტების” პერიოდი იყო, რომელიც ძნელი საშოვნელი გახლდათ და ჩემმა პირველმა მწვრთნელმა გელა დარსაძემ მაიკლ ჯორდანის და თავად მისი ფრაგმანტების ამსახველი ვიდეოფირი მომცა. თამამად ვიტყვი, რომ ეს სახეობა სწორედ გელა დარსაძემ შემაყვარა. ჩემი აზრით, იმ პერიოდში დარსაძე საუკეთესო ქართველი კალათბურთელი იყო.

– დღევანდელ ქართულ კალათბურთზე რა აზრის ხარ?

– მაგალითისთვის, თურქული კალათბურთი ავიღოთ, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში საგრძნობლად განვითარდა. 10 წლის წინ თურქული კალათბურთის შესახებ ბევრს გაგონილიც არ ექნებოდა, დღეს კი საკლუბო დონეზე ერთ–ერთი წამყვანი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, საჭიროა ფინანსური სიძლიერე. ქართველი სპორტსმენები მეტად დაფასებულნი უნდა იყვნენ. ჩემი აზრით, როცა ბავშვი,  მომავალი კალათბურთელი სიტუაციას უყურებს, იმას კი არ უნდა ფიქრობდეს, რომ მაგალითად, სათამაშოდ თურქეთში მოვხვდე, არამედ აქ უნდა იყოს ისეთი პირობები, რომლის წყალობითაც აქ განვითარდება. ნაკრებს შიდა ჩემპიონატიდან მეტი რესურსი უნდა მიეწოდოს. დღეს მხოლოდ გიორგი ცინცაძეა, რომელიც სუპერლიგაში თამაშობს, ყველა დანარჩენი მოთამაშე ლეგიონერია.

– სუპერლიგის ერთ–ერთი მთავარი პრობლემა მაყურებლის მწირი რაოდენობაა. შენი აზრით, რამ უნდა მოიყვანონ გულშემატკივრები?

– რეალურად, ეს პრობლემა მხოლოდ თბილისში დგას. რაც შეეხება რეგიონალურ კლუბებს, იგივე “ბათუმი”, “ქუთაისი”, “რუსთავი”… როცა გვიწევს გასვლაზე თამაში, ბუნებრივია, რომ მათი გულშემატკივრები ჩვენ წინააღმდეგ არიან, მაგრამ ზოგადი ატმოსფერო მაინც სასიამოვნოა, როცა სავსე ტრიბუნების ფონზე გიწევს თამაში. ვფიქრობ, პიარის კუთხით უფრო მეტია გასაკეთებელი, მეტი თანხა უნდა დაიხარჯოს, რისი წყალობითაც ცნობადობა გაიზრდება. საზღვარგარეთ აუცილებლად იქნება იმის მაგალითი, როგორ უნდა მოიყვანო მაყურებელი. ზოგადად, ქართველს კალათბურთი უყვარს, რაზეც ეროვნული ნაკრების თამაშებზე გადავსებული სპორტის სასახლეც მეტყველებს. რასაკვირველია, ამის პარალელურად ჩემპიონატის დონემაც უნდა აიწიოს – თუკი შენ მაყურებელს ეუბნები, რომ “მოდი, თამაშზე იარე”, მაშინ მაღალი ხარისხი უნდა შეთავაზო.

– შენი აზრით, ჩვენი საკალათბურთო ეროვნული ნაკრები რა დონეზეა ახლა?

– ჩემი აზრით, ეს ისტორიული თაობაა, რადგან ჩვენი კაპიტნის, ზაზა ფაჩულიას თაოსნობით მართლა სერიოზული შედეგები დადეს. ზედიზედ მესამედ გავდივართ ევრობასკეტზე და კონკრეტულად იქაც ეფექტურ კალათბურთს ვაჩვენებთ. წელსაც იმედია, რომ ღირსეულად გამოვალთ. ლეგიონერების გარდა, ვთვლი, რომ შიდა ჩემპიონატიდანაც რამდენიმე კალათბურთელი ნაკრებში მინიმუმ გაფართოებულ სიაში შანსის მიცემას იმსახურებს: მაგალითად, ჩემი გუნდიდან ბექა ჩიკვილაძე, ირაკლი ჩლაიძე. ასევე გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშე დათო ლომიძე, რომელსაც მთელი კარიერა წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას იტყვის. რაც შეეხებათ სხვა გუნდებს, ვთვლი, რომ მიხეილ ბერიშვილი ჩემპიონატში ერთ–ერთი საუკეთესოა. გარდა ამისა, რევაზ როგავა და  აკაკი ლომოური.

– NBA–ში ვის გულშემატკივრობ და უცხოელი კალათბურთელებიდან ვინაა შენი ფავორიტი?

– ზოგადად, “სან ანტონიოს” ვგულშემატკივრობ. ასევე ძალიან დიდ სიმპატიებს იწვევს წლევანდელი “ბოსტონი” და რა თქმა უნდა, ზაზას ფაქტორის გამო ვქომაგობ “გოლდენ სტეიტიც”.

– ზაზა ფაჩულიას ALL Star–ში მოხვედრის ამბავსაც უნდა შევეხოთ… იმის გამო, რომ ჩვენ, რიგითი გულშემატკივრები ასე აქტიურად ვწერდით ჰაშთაგს #NBAVOTE Zaza Pachulia, ამის გამო ამერიკელების მხრიდან დაცინვის ობიექტად ვიქეცით. გასაგებია, რომ მათ უფრო შოუმენ კალათბურთელებზე აქვთ აქცენტი, მაგრამ შენი აზრით, უნდა მოხვედრილიყო ზაზა?

– ეს შოუმენობის თემა ცოტა სადაოა, რადგან იაო მინიც მოხვდა ALL Star–ში და საერთოდ, პირველზე გავიდა რეიტინგში. რაც შეეხება ზაზას, ვთვლი, რომ ის წესი არ უნდა შეეცვალათ და მინიმუმ პატივი ეცათ როგორც ფაჩულიასთვის, ისე იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს და აქ მხოლოდ ქართველებზე არაა ლაპარაკი. თამაშის ხარისხი შესაძლოა, ლებრონ ჯეიმსის ან კევინ დურანტის დონე არაა, მაგრამ “ყველა ვარსკვლავის მატჩში” შოუს თავისებურ ელემენტებს შეიტანდა – საუბარი გვაქვს საქართველოს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელზე.

– ლებრონ ჯეიმსი თუ კობი ბრაიანტი?

– ორ უდიდეს კალათბურთელს ვადარებთ, მაგრამ მე კობის თამაშის სტილი უფრო მიზიდავს და ვთვლი, რომ გაცილებით ესთეტიურია.

– ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი…

– მაიკლ ჯორდანი.

– სხვა სახეობები…

– მე ზოგადად სპორტი მიყვარს და რა თქმა უნდა, ფეხბურთიც, მაგრამ კალათბურთი ჩემთვის პირველია.

– ფეხბურთში ვისკენაა შენი სიმპათიები?

– მიუნხენის “ბაიერნისკენ”.

– ფლეი–ოფში “ქუთაისთან” პირველი 2 თამაშის გამართვა სტუმრად გიწევთ. ფსიქოლოგიურად რამდენად აქვს მნიშვნელობა ამ ყველაფერს?

– მთელი ყურადღება ფლეი–ოფისკენაა მიმართული! რასაკვირველია, გასვლით თამაშებს თავიანთი სირთულე აქვთ, რადგან გულშემატკივრების, მსაჯის მხრიდან ზეწოლა დიდია, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ.

– “კაკტუსი” სუპერლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჰყავს ქალი ექიმი, რითაც ეს გუნდი უნიკალური და კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ფიზიკური კონდიციების და ტრავმიანობის მხრივ როგორია სიტუაცია?

– დიახ, ჩვენი ექიმი ნათია მალანიაა, რომელიც არის ერთადერთი ქალი ექიმი სუპერლიგაში. ზოგადად, ჩვენი გუნდი ექიმიდან დაწყებული, მწვრთნელით დამთავრებული, ერთ მუშტად შეკრული კოლექტივია, რამაც განაპირობა კიდეც ჩვენი წარმატება. ჩვენი ექიმის დიდი დამსახურებით, ამ ეტაპზე ყველა ჯანმრთელია, რისთვისაც დიდი მადლობა მას.

– და ბოლოს: რჩევა დამწყებ კალათბურთელებს…

– გარდა იმისა, რომ დიდი შრომის გარეშე არაფერი გამოვა, საჭიროა თვითრწმენა. აი, NBA–საც რომ შევხედოთ, მათი თითოეული ვარსკვლავი იმ დონეზეა თავდაჯერებული, რა დონეზეც რეალურად მეგავარსკვლავი უნდა იყოს და ეს თვითდაჯერება მათ ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა. როცა შენ პარკეტზე ხარ და ისვრი ან პასს აძლევ, თავდაჯერება უნდა გეტყობოდეს.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი

მსგავსი სიახლეები
531 ნახვა