ზაზა ფაჩულია NBA-ს პირველი ქართველი ჩემპიონია

დღეს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სთეით უორიორზმა” „ორაქლ” არენაზე, ეროვნული საკალთბურთო ასოციაციის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში „კლივლენდ კავალიერზს“ უმასპინძლა და ანგარიშით 129:120 დაამარცხა, რითიც შარშანდელი წაგებული ფინალის რევანში აიღო და NBA-ს ჩემპიონობა მეხუთედ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანისთვის ეს პირველი ტიტულია, ის პირველი ქართველია ვინც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის ბეჭედს მოირგებს, რაც მისი 13 წლიანი NBA-ს კარიერის მართლაც შესანშნავი დაგვირგვინებაა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს: პირველი მეოთხედი ოკლენდელებმა შედარებით პასიურად დაიწყეს და ლებრონ ჯეიმსი და მისი მეგობრები მალე დაწინაურდნენ, პირველი 12 წუთიანი მონაკვეთი „კავალიერზმა“ 37:33 მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედში კალიფორნიელებმა „საქმეს მიხედეს“ და კევინ დიურანტის წინამძღოლობით რამოდენიმე წუთის განმავლობაში 27:4 გაქცევა მოაწყვეს, რითაც უპირატესობა ხელთ იგდეს და მეორე მეოთხედი 38:23, ტაიმი კი 71:60 მოიგეს.

მესამე მეოთხედი „კავალიერზის“ უპირატესობით წარიმართა და 12 წუთიანი მონაკვეთი ლებრონმა და მეოგბრებმა 33:27 მოიგეს და ბოლო მეოთხედის წინ მათი ჩამორჩენა 5 ქულამდე შემცირდა.

მეოთხე მეოთხედიც დაძაბულად დაიწყო და ჯეიმსის პირველივე შეტევაში ჩაგდებული ბურთის მერე ანგარიში 3 ქულამდე შემცირდა, მაგრამ მას მაშინვე კევინ დიურანტმა 2 ქულიანი და ანდრე იგუდალამ 3 ქულიანი შეტევებით უპასუხეს და 8 ქულიანი სტატუს-ქვო აღადგინეს, ამის შემდეგ თამაში კვლავ დაძაბულად და გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა, საბოლოოდ ოკლენდელებმა საქმე მაინც მიიყვანეს გამარჯვებამდე და საბოლოო ანგარიში 129:120 დააფიქსირეს.

ზაზა ფაჩულიას მონაგარი თამაშში ასე გამოიყურება:  9 წუთი, 0 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 4 ჯარიმა

sportpress.ge- ს რედაქცია ულოცავს საქართველოს ნაკრების კაპიტანს უდიდეს წარმატებას და მომავალ კარიერაში კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს!

მსგავსი სიახლეები
3,167 ნახვა