იოსებ კობერიძე: “მეტი პოლიტიკოსი სპორტში”!

იოსებ კობერიძე ცნობილი ქართველი მებრძოლი, მწვრთნელი და ორგანიზაციის ხელმძღვანელია. სწორედ მისი დამსახურებაა აღმოსავლური ორთაბრძოლების სტილ “შიდოკანის” საქართველოში შემოტანა და გავრცელება. “შიდოკანი” საბრძოლო სამჭიდია და სამი ნაწილისგან შედგება: კარატე, კიკბოქსინგი და ჭიდაობა.

კობერიძე ბევრ საინტერესო თემაზე გვესაუბრა…

– როგორ დაიწყო ყველაფერი?

– 10 წლის ვიყავი, როცა კლასიკურ ჭიდაობაზე დავიწყე სიარული. 4-5  წელი ვივარჯიშე, 1 წელიც სამბო–ძიუდოზე. შემდეგ იყო 1-2 წლიანი უმოქმედობის ხანა, რადგანაც ინსტიტუტში ჩაბარება მიწევდა, რის შემდეგაც დავიწყე ვარჯიში კიოკუშინკაიში (კონტაქტური კარატე) და საქართველოშიც გარკვეული შედეგები დავდე. ამავე სახეობაში მე და ჩემმა მოსწავლემ ირაკლი ილაშვილმა პირველი შავი ქამრები ჰოლანდიაში ჩატარებულ მსოფლიო შეკრებაზე მოვიპოვეთ. შემდეგ ასე განვითარდა მოვლენები: კარატის ეს სახეობა სახეში ხელის დარტყმას არ ითვალისწინებს და გარდა ამისა, არც ჭიდაობა შეიძლებოდა, მე კი განვითარება მინდოდა და მოთხოვნილება მქონდა. ასეთი სახეობა აღმოჩნდა “შიდოკანი” – საბრძოლო სამჭიდი, რომელიც თავის თავში კარატეს, კიკბოქსინგსა და ჭიდაობას აერთიანებს. ეს საქართველოში შემოვიტანე, სპეციალურად ამისთვის ჩიკაგოში ჩავფრინდი, სადაც ექსკლუზიური კონტრაქტი გამიფორმეს. დროთა განმავლობაში შავი ქამრის მე–5 დანის მფლობელიც გავხდი. მსოფლიოზე და ევროპაზე პროფესიონალებში მესამე ადგილი ავიღე. “პანკრატიონი” არის ასევე შერეული ორთაბრძოლების (MMA) სახეობა, სადაც ერთ–ერთ ვერსიაში მსოფლიო ჩემპიონი ვარ, თუმცა როგორც მიღწევა, “შიდოკანში” მიღწეული მესამე ადგილი უფრო ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

2004 წლის 23 მაისს ნამდვილი ფურორი მოვახდინეთ, როცა სპორტის სასახლე გავავსეთ და 7 რუსი მებრძოლი ჩამოვიყვანეთ. საბოლოოდ, 4:3 მოვიგეთ – მართლაც დიდი ღონისძიება იყო. მეგობრები მაშაყირებდნენ, უთო რომ ჩავრთო, იქაც შენ განახებენო, ისეთი ამბავი იყო ტელევიზიებში (იცინის). შემდეგ იყვნენ ამერიკელი სპორტსმენები, სომხები.

 

– რომელ წლამდე იბრძოდით?

– ოფიციალურად 2007 წლის ჩათვლით, 35 წლამდე. თორემ არაოფიციალურად ვიტორ ბელფორტთანაც მაქვს ნაბრძოლი ლას-ვეგასში, რენდი კუტიურის აკადემიაში, სადაც აწ განსვენებულ გურამ გუგენიშვილთან ერთად გავდიოდით მზადების კურსს. ”M1–Global”-თანაც ვთანამშრომლობდი და ბიჭები უკრაინაში დამყავდა გუნდურ შეჯიბრზე, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ ”M1–Global”-ს ვერსიით ევროპის ვიცე–ჩემპიონი გახდა დავით ტყეშელაშვილი, ევროპის ჩემპიონი გახდა გურამ გუგენიშვილი და შემდეგ გურამიმ მსოფლიო ორჯერ მოიგო. იგი ჩემი მოსწავლე და უახლოესი მეგობარი იყო…

– დღევანდელ დროში, შენი ხედვით, MMA–სთვის რომელია მთავარი, საბაზისო სახეობა?

– ბოლო წლების მიხედვით, MMA ისე განვითარდა, რომ ყველამ ყველაფერი იცის. მაგალითად, სანამ ზუსტ ბიოგრაფიას გავიგებდი, ჯონ ჯონსი “დამრტყმელი” – კარატისტი ან კიკბოქსიორი მეგონა, მაგრამ ჭიდაობის ბაზა აქვს.

– სპორტსმენისა და განათლების შერწყმა…

– მინდა დავამსხვრიო ის სტერეოტიპი, რომ სპორტსმენი გონებრივად აუცილებლად ყველას უნდა ჩამორჩებოდეს და თავისთავად კუნთმაგარი უნდა იყოს. ამის ბევრი მაგალითია, თუნდაც ცნობილი ქართველი მოკრივე, ევროპის ჩემპიონი დავით კვაჭაძე, რომელიც უმაღლესი ინტელექტის მქონე პიროვნებაა. მაინც და მაინც მოკრივეს იმიტომ ვამბობ, რომ ყველაზე მეტი ანეგდოტი სწორედ სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებზე არსებობს. ზოგადად, დაბალი ინტელექტის მქონე ადამიანი ყველა სფეროშია და მათ შორის სპორტში და პოლიტიკაშიც. ამასთან დაკავშირებით ჩემი ერთ–ერთი საყვარელი ანეკდოტია: “მოკრივეებს შორის ჩაატარეს გამოკითხვა: როგორ მიგაჩნიათ, არის თუ არა კრივი მავნებელი ჯანმრთელობისთვის და ფსიქიკისთვის? გამოკითხულთა სამმა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, დანარჩენმა 97–მა კი კითხვის შინაარსი ვერ გაიგო (გულიანად იცინის). მეც მეცინება, მაგრამ ბუნებრივია, ასე არ არის.

– ქალები რინგზე…

– ქალი რინგზე ჩემთვის მიუღებელია. რასაკვირველია, მომხრე ვარ და აუცილებელიცაა, რომ ქალს თავდაცვა შეეძლოს, სხვადასხვა ილეთი დაამუშავოს, მაგრამ გავიდეს რინგზე და იჩხუბოს – ეს კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, მათ ორთაბრძოლებს არ ვუყურებ. მე თვითონ 3 გოგოს მამა ვარ და კარგია, რომ თავდაცვის ილეთები იცოდნენ, მაგრამ მათი ბრძოლა რინგზე უბრალოდ არ მხიბლავს.

– დღევანდელ პერიოდში MMA-ში ფავორიტი მამაკაცებიდან…

– ყოველ წონით კატეგორიაში პირველი 5-10 მებრძოლიდან ყველა ძალიან მაღალი დონეა. განსაკუთრებით კი კეინ ველასკესის სტილი მომწონს. გარდა ამისა, ხაბიბ ნურმაგომედოვი, კონორ მაკგრეგორი. ველასკესიც ჯონ ჯონსივით “დამრტყმელი” მეგონა, მაგრამ ისიც მოჭიდავე ყოფილა და ეს უნივერსალიზმის დამადასტურებელი ფაქტია. ასევე მარკ ჰანტის სულისკვეთება მომწონს. თან, ვეტერანია და მაინც ღირსეულად იბრძვის, რაც ძალზე დასაფასებელია. არც კორმიეს დავიწყება შეიძლება… მოკლედ, ბევრი უმაღლესი დონის მებრძოლია. აი, მაგალითად, როგორ შეიძლება ანდერსონ სილვა არ მოგეწონოს?! კაცი ხელოვნება!

– ზოგადად, MMA–ის სამყაროში სამი სილვა არსებობს: ანდერსონი, ვანდერლეი და ანტონიო (BigFoot). ამ სამიდან ვის როგორ დაახასიათებდი?

– ანდერსონ სილვა მოსიარულე ”ორთაბრძოლების ენციკლოპედიაა” – იგი საერთოდ სხვა დონეა. ვანდერლეი მაყურებელს ძალიან მოსწონს, რადგან ყოველთვის ღია ბრძოლაზე მიდის და ეს ეფექტურია. ანტონიოს კი მესამე ადგილს მივაკუთვნებდი.

– ლეგენდარული კითხვა: ფორმის პიკში რომ შეხვედროდნენ, მაიკ ტაისონი მოუგებდა თუ მუჰამედ ალი?

– ვფიქრობ, რომ ქულების ხარჯზე მაინც ალი მოუგებდა, რადგან სიმაღლით და კიდურების სიგრძით ალის უპირატესობა ექნებოდა, მაგრამ თუკი ტაისონის მომხრე მეტყვის, რომ მას ალის სიმაღლის მქონე სპორტსმენებიც გაულახავს, ესეც აბსოლუტურად მისაღებია. ორი აზრი არაა, რომ ორივე დიდი ლეგენდაა, მაგრამ ჩემი აზრით, მაინც ალი გაიმარჯვებდა.

– საქართველოში საბრძოლო სახეობის კუთხით დღეს რა მდგომარეობაა?

– ორთაბრძოლის ოლიმპიურ სახეობაზე რომ ვთქვათ, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით, როგორ გვახარებენ ბიჭები. რაც შეეხება ჩვენ სფეროს, აქ ჯერჯერობით სრული ანარქიაა. ვისაც არ ეზარება, ყველა რაღაცის პრეზიდენტია (იღიმის). ახლა ერთ–ერთ ტელე-არხთან გვაქვს მოლაპარაკება, ჩატარდება რეგულარული ჩემპიონატი, რაც მოცემულ ქაოსს ნელ–ნელა, ეტაპობრივად დაალაგებს და ისედაც პოპულარულ სახეობას კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას გაუწევს. მე მხოლოდ სიგელის და მედლების გამო ბიჭებს არ ვაჩხუბებ, იქნება შესაბამისი ანაზღაურება, ეს ყველაფერი ტელევიზიით გაშუქდება.

– სპორტსმენი და პოლიტიკა…

– დაახლოებით 20 წლის წინ ერთ–ერთ ინტერვიუში ვთქვი და ახლაც ანალოგიურ აზრზე ვარ, რომ სპორტს უფრო მეტი პოლიტიკოსი სჭირდება, ვიდრე პოლიტიკას სპორტსმენი – ქვეყნისთვის ასე უფრო უკეთესი იქნება.

– სპორტსმენ–პოლიტიკოსების ზეწოლა ხალხის მიმართ და ზონდერები…

– ქვეყანაში ბევრი ავტორიტეტი არსებობს, რომლებიც სხვადასხვა სფეროდან არიან. სხვა საკითხია, შენ ამ ავტორიტეტს როგორ გამოიყენებ. შესაძლოა, კაცი ცნობილი მსახიობი, მომღერალი, ან ინჟინერი იყოს და “მის დაკრულზე  ასმა კუნთმაგარმა იცეკვოს”.

– ზონდერობა წინა ხელისუფლების დროს და ახლა…

– 2012–წლამდე ჩემი ზონდერობაში ჩათრევის მცდელობები არაერთი იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ვიკადრე! მას შემდეგ მსგავსი არავის შემოუთავაზებია. ვინც ეს იკადრა, ეს მისი ზნეობრივი და პიროვნული დანაშაულია. ზეწოლაა? თუ კაცობა გყოფნის, ადექი და წამოდი ეგეთი სამსახურიდან!

– როგორია 3 გოგოს მამა სოსო კობერიძე სახლში?

– გამომდინარე იქედან, რომ გოგოები მყავს, ისეთი მკაცრი არ ვარ, როგორიც შეიძლება, ბიჭთან ვყოფილიყავი.

მეუღლესთან მკაცრი ხართ თუ ისეთივე ლმობიერი, როგორც შვილებთან?

– 20–წლიანი ურთიერთობის შემდეგ მეუღლე გამშორდა. ახლა მყავს ჩემი რჩეული, რომელსაც საზოგადოებას წარვუდგენ, როდესაც ამის დრო მოვა.

– გარდა საბრძოლო სახეობებისა, სპორტის სხვა სახეობებიდან რომელი გიზიდავთ?

– რა თქმა უნდა, “ბარსელონა”,  “რეალი” და მისთანები ყველას გვიყვარს. გარდა ამისა, აზიაში არის განვითარებული ერთი სახეობა, რომლის ზუსტი სახელიც ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ფრენბურთია, ოღონდ ფეხით, ძალიან ეფექტური სანახაობაა. კალათბურთიც მომწონს თავისთავად. რაგბს რაც შეეხება, ქართველი მორაგბეებით ძალიან გახარებული ვარ და სწორედ მებრძოლი ხასიათის გამო ვაღწევთ იმას, რასაც ვხედავთ და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს!

– უკრაინაში, კერძოდ კი კიევში წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ რატომ დაბრუნდი საქართველოში?

– მიზანი კონკრეტულად თბილისში დაბრუნება არ იყო, ეს დროებითი ეტაპი იყო. უკრაინაში არსებული კარგი პირობების მიუხედავად, გაჩნდა უკეთესის პერსპექტივა. შემდეგ, საუბედუროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი გზები გაიყო, რამდენიმე თვის შემდეგ კი უბედური შემთხვევის შედეგად გურამის გარდაცვალება მოჰყვა, რის შემდეგადაც უამრავი გეგმა აირ–დაირია. ახლა კი თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გადავცე. უახლოესი და შორს მიმავალი გეგმაა რეგულარული ჩემპიონატის ჩამოყალიბება და განვითარება, რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ.

– აკრძალული პრეპარატები…

– სამწუხაროდ, ბევრი ქართველი სპორტსმენის ავადმყოფობა “ქიმიკოსობაა”. ყველას არა, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ აკრძალული პრეპარატებით სწრაფ დროში სასურველ შედეგს მიაღწევს – ეს თანამედროვე ქართული სპორტის დაავადებაა. შემდეგ ამ პრეპარატის სხვა პრეპარატით გადაფარვა ხდება, რათა დოპინგ–კონტროლმა არ ამოაგდოს, ამ ყველაფერს კი მათი ორგანიზმი ეწირება. ჩემი მოწოდებაა: შეეშვით აკრძალულ პრეპარატებს, ივარჯიშეთ და პირველ რიგში, მოცემული სახეობის ტექნიკა და ფიზიკური მონაცემები განავითარეთ, რის შედეგადაც მიიღწევა სასურველი შედეგი.

– ზოგადად, შენი აზრით, რამდენად ადეკვეტურია თანამედროვე სპორტში დოპინგ–კონტროლი? თუნდაც მარია შარაპოვას ამბავი გავიხსენოთ: 10 წლის განმავლობაში იღებდა წამალს, რომელიც დაშვებული იყო, მაგრამ შემდეგ აკრძალეს, რის გამოც დისკვალიფიკაცია მისცეს. მაგალითად, NBA–ში დოპინგ–კონტროლს არ იკარებენ, რადგან ამერიკელთათვის მთავარი შოუ და სანახაობაა…

– მე მედიცინაში და პრეპარატებში სათანადოდ გათვიცნობიერებული არ ვარ, რის გამოც მოკლე პასუხით შემოვიფარგლები. მე მხოლოდ ვმსჯელობ იმით, თუ რა არის დაშვებული და რა არის აკრძალული. რაც აკრძალულია, ის არ უნდა მიიღო!

– მარიხუანას დეკრიმინალიზაცია… რა ჯობია: დასჯა თუ პრევენცია?

– პირველ რიგში, პრევენცია, მაგრამ თუ ადამიანს ერთ ჯიბეში ლამის ასი კაცის დოზა უდევს, ის ჩემთვის ბარიგა და დამნაშავეა, რომელიც უნდა დაისაჯოს.

– რას ურჩევდით დამწყებ სპორტსმენებს?

– იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს, რისი დეფიციტიც აშკარად არის, გაჰყვეს მის დარიგებებს.

ესაუბრა გიორგი ფულარიანი და ტატო მახაშვილი

მსგავსი სიახლეები
976 ნახვა