იუვენტუსის 5 გენიალური ტრანსფერი

ტურინის “იუვენტუსი” ბოლო 3 წელიწადში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც 3 ივნისს კარდიფში, მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. მანამდე კი გადავხედოთ ტურინული გრანდის ისტორიაში განხორციელებულ 5 გენიალურ, უფასო ტრანსფერს…

5. ფაბიო კანავარო (გადავიდა ინტერიდან 2004 წელს)

“პარმაში” გატარებული წარმატებული პერიოდის შემდეგ, კანავარო მილანის “ინტერში” გადავიდა, სადაც ფაბიოს კარიერა ვერ შედგა. “ინტერი” მისი წასვლით გახარებული იყო, “იუვემ” კი მსოფლიო კლასის მცველი უფასოდ ჩაიგდო ხელში. ლილიან ტურამთან და ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად კანავარომ გაუვალი კედელი შექმნა.

2005 წელს სერია A–ს საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო მომდევნო წელს ჩემპიონატის გამორჩეულ მცველად დასახელდა და ორივე შემთხვევაში “ბიანკონერიმ” სკუდეტო მოიგო, რომლებიც 2006 წლის “კალჩიოპოლის” ცნობილი სკანდალის გამო ჩამოართვეს.

გარდა ამისა, 2006 წელს იტალიის ნაკრების კაპიტნის რანგში გერმანიის მუნდიალი მოიგო და ოქროს ბურთიც დაისაკუთრა. იმ მომენტში ფაბიო უკვე “რეალის” მოთამაშე იყო, რადგან მას სერია B–ში თამაში არ სურდა, “იუვეს” ფანებმა კი მას ეს საქციელი, მიუხედავად გატარებული მშვენიერი პერიოდისა, არ აპატიეს.

4. ანდრეა პირლო (გადავიდა მილანიდან 2011 წელს)

“როდესაც გავიგე, რომ ანდრეა პირლო “იუვენტუსში” გადმოდიოდა, ღმერთის არსებობის ვიწამე. ვფიქრობ, ეს საუკუნის ტრანსფერი იყო” – ასეთი რეაქცია ჰქონდა ჯანლუიჯი ბუფონს. “მილანში” გატარებული ბრწყინვალე 10 წლის შემდეგ თითქოს, პირლოს ყველანაირი მოტივაცია დაკარგული ჰქონდა, თუმცა “იუვეში” მას ახალი სუნთქვა გაეხსნა და მომდევნო 4 წელი პირლოს კარიერაში არანაკლებ წარმატებული გამოდგა: ამ პერიოდში პირლომ 4 სკუდეტო და 1 იტალიის თასი მოიგო, ხოლო თავად ანდრეა ზედიზედ სამჯერ დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ. გარდა ამისა, 2014/15 წლების სეზონში გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრაში უდიდესი როლი ითამაშა – ისევე, როგორც ევრო2012–ზე იტალიის ნაკრებში. საგულისხმოა, რომ მსოფლიოს ერთ–ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა ორივე ფინალში წააგო.

3. პოლ პოგბა (გადავიდა მანჩესტერიდან 2012 წელს)

პირლოს შეძენიდან 1 წლის შემდეგ “იუვემ” მორიგი შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა: ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი ფეხბურთელებში იშვიათად ცდება და ფრანგიც ზუსტად ის იშვიათი გამონაკლისი გამოდგა, თუმცა შოტლანდიელის გადაწყვეტილებაში, გაეშვა პოგბა “იუვენტუსში”, დიდი როლი ოდიოზურმა აგენტმა მინო რაიოლამ ითამაშა. შოტლანდიელს იტალიელი გულზე არ ეხატებოდა, ახალგაზრდა ფრანგი კი საკუთარი აგენტის მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ამიტომაც, უზარმაზარი ხელფასი მოითხოვა. საბოლოოდ, ყველაფერი პოგბას წასვლით დასრულდა – “იუვემ” მასში სიმბოლურად სასაცილო თანხა, 1 მილიონი ევრო გადაიხადა.

განსაკუთრებით წარმატებული 2014/15 წლების სეზონი გამოდგა, როცა “ბიანკონერიმ” ჩემპიონთა ლიგის გარდა, ყველა შესაძლო ტურნირი მოიგო. 2015/16 წლების სეზონის დასაწყისში პოგბამ ლეგენდარული 10 ნომერი მიიღო, რაც მისი ტრანსფერის მნიშვნელობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამდა და გასულ სეზონშიც მოიგო სკუდეტო და იტალიის თასი, თუმცა როგორც კი “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნების შანსი მიეცა, უმალ გამოიყენა – მასში “წითელმა ეშმაკებმა” სარეკორდო, 105 მილიონი ევრო გადაიხადეს.

2. სამი ხედირა (გადავიდა რეალიდან 2015 წელს)

2015 წლის ზაფხულში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონისადმი ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდი იჩენდა, თუმცა ყველას “იუვენტუსმა” აჯობა. ზოგადად, ხსენებული წლის ზაფხული “ბიანკონერისთვის” რთული იყო, რადგან გუნდი ერთდროულად სამმა ლიდერმა – კარლოს ტევესმა, ანდრეა პირლომ და არტურო ვიდალმა დატოვეს. სწორედ ამ 2 უკანასკნელის შემცვლელად მოიაზრებდნენ ხედირას, თუმცა ისმოდა კითხვა: “შეძლებს კი ტრავმებით გაწამებული ფეხბურთელი იმედების გამართლებას”?

თუმცა სამიმ ტრავმებს თავი აარიდა და დღემდე “იუვეს” ერთ–ერთ საკვანძო ფიგურად ითვლება. სადებიუტო სეზონში სკუდეტო და იტალიის თასი მოიგო, ხოლო მიმდინარე სეზონში სკუდეტო კვლავ განაღდებული აქვს და გარდა ამისა, იტალიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ითამაშებს.

1. დანი ალვეში (გადავიდა ბარსელონადან 2016 წელს)

ალვეშის უფასო გადასვლა პირლოს ვითარებას ჰგავს: ბრაზილიელს 8 წლის განმავლობაში “ბარსელონაში” ყველა შესაძლო ტიტული მოგებული ჰქონდა და სრულიად დამსახურებულად ითვლება ბოლო წლების ერთ–ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად. მიუხედავად ამისა, კატალონიელებმა მისი შენარჩუნება არ ისურვეს, თავად სამხრეთამერიკელი კი წასასვლელად მზად იყო.

ალვეშის “ბებერ ქალბატონებში” გადასვლის შემდეგ გაჩნდა ეჭვები, მოერგებოდა თუ არა იგი გუნდს, სადაც მის პოზიციაზე წლების განმავლობაში წარმატებით შტეფან ლიხტშტაინერი ასპარეზობდა, მაგრამ ბრაზილიელმა შვეიცარიელს კონკურენცია მოუგო, ხოლო შემდეგ გუნდის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფიგურად იქცა.

ალვეშის ტრანსფერის წარმატებულობაზე “მონაკოსთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბოლო 2 შეხვედრაში გაკეთებული 3 საგოლე გადაცემა და გატანილი 1 გოლიც მეტყველებს.

აი, ასე იცის “იუვენტუსმა” ტრანსფერების განხორციელება!!!

მსგავსი სიახლეები