იუვენტუსი VS ბარსელონა – დიდი ბრძოლის წინ!

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი დიდი მატჩებით ბრუნდება! ის დიდებული დაპირისპირება, რომელზედაც ახლა ვისაუბრებთ, “ნაადრევ ნახევარფინალთა” კატეგორიას მიეკუთვნება.

ტურინში “იუვენტუსი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. გუნდები ბოლოს 2 წლის წინ ბერლინში, ფინალურ მატჩში შეხვდნენ, სადაც “ბლაუგრანამ” 3:1 იმარჯვა. რასაკვირველია, “იუვეს” სურვილი, დაამარცხოს “ბარსა”, ძალიან დიდია. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ლუის ენრიკე დისკვალიფიცირებულ სერხიო ბუსკეტსს ვერ გამოიყენებს. გარდა ამისა, ნეიმარი, ჟერარ პიკე და ივან რაკიტიჩი ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგან ერთი გაფრთხილების შემთხვევაში “კამპ ნოუზე” გასამართ საპასუხო დუელს გამოტოვებენ.

“ბიანკონერის” მხრიდან მსგავსი საფრთხის წინაშე მხოლოდ კუადრადოა, ხოლო საეჭვოა ფორვარდ მარიო მანჯუკიჩის ასპარეზობა – ხორვატს მუხლი აწუხებს.

“იუვე” ევროასპარეზზე უკვე 21 მატჩია შინ არ მარცხდება, “ბარსასთან” კი ტურინში არასდროს წაუგია. სულ ეს გუნდები ერთმანეთს 7–ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც ესპანელებმა 3, ხოლო იტალიელებმა 2 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ “ბარსა” ზედიზედ მეათედაა გასული მეოთხედფინალში, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

მატჩისწინა კომენტარები

მასიმილიანო ალეგრი (იუვეს თავკაცი): “როცა პირველ შეხვედრას შინ მართავ, სასურველია, რომ კარი მშრალად შეინახო, თუმცა “ბარსელონას” დონის გუნდთან ეს წარმოუდგენლად რთული იქნება. წარმოუდგენელია 0:0 და შემდეგ პენალტებში მოგება. წინა ეტაპზე “ბარსას” საოცარმა “ქამბექმა” დაამტკიცა, რომ ფეხბურთში წინასწარ გარანტირებული არაფერია. იმისათვის, რათა “ბლაუგრანა” გამოვთიშოთ, 2 უმაღლესი დონის მატჩის ჩატარების აუცილებლობასთან ერთად, იღბალიც საჭიროა”.

ლუის ენრიკე (ბარსას თავკაცი):
“ბერლინის ფინალის შემდეგ “იუვენტუსის” შემადგენლობა ოდნავ შეიცვალა, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა კვლავ უძლიერესი გუნდია. იმ ფინალთან შესანიშნავი მოგონებები მაკავშირებს, თუმცა ახლა სხვა კალიბრის შეხვედრაა. ფეხბურთელებს ასეთი დონის გუნდთან დაპირისპირების წინ სპეციალურად მოტივირება არ სჭირდებათ. “იუვეს” ბევრი შეხვედრა ვნახე და თითქმის თითოეულ პაექრობაში ცდილობენ, მეტოქეს თავიანთი თამაში მოახვიონ თავს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მხოლოდ მოგებას ვეცდებით. რაც შეეხება სერხიო ბუსკეტსის არყოფნას, იგი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა და მის სათანადოდ შესაცვლელად მზად უნდა ვიყოთ”.

იუვენტუსი–ბარსელონა 22:45

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4–2–3–1): ბუფონი – დანი ალვეში, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო – პიანიჩი, ხედირა – კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი (?) – იგუაინი.

ბარსელონა (4–3–3): ტერ შტეგენი – სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა – რაკიტიჩი, მასკერანო, ინიესტა – მესი, სუარესი, ნეიმარი.

არბიტრი: ჟიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)

მსგავსი სიახლეები