მბაპესთვის ბრძოლას იუვენტუსი, მანჩესტერი, ბარსელონა და რეალი შეემატნენ

მონაკოს 18 წლის ფრანგი თავდამსხმელი – კილიან მბაპე მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა ევროპული ფეხბურთისთვის.  1998 წელს დაბადებული ფორვარდი მიმდინარე წელს მონაკოს მთავარ გუნდში ახალგაზრდული აკადემიიდან გადმოვიდა და კლუბის ლიდერად ჩამოყალიბებისთვის ერთ სეზონზე ნაკლები დასჭირდა. მბაპეს ლიგა 1-ის ეგიდით გამართულ 25 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, სადაც 14 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მეტად შთამბეჭდავია ფრანგის შედეგები ჩემპიონთა ლიგაზე – 5 გოლი 7 მატჩში (356წთ).

ნაჩვენები შედეგებისა და უზომოდ დიდი პოტენციალის გამო, თინეიჯერი მრავალი ევროპული კლუბის სატრანსფერო რადარზე მოხვდა.  ფრანგი ტალანტის გადაბირებით თავდაპირველად პარი სენ-ჟერმენის სკაუტები დაინტერესდნენ. მოგვიანებით პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ პეპ გუარდიოლას დაჟინებული მოთხოვნით მანჩესტერ სიტი მონაკოსთვის კოლოსალური თანხის – 110 მილიონი ფუნტის შეთავაზებას აპირებს. არსებული ინფორმაციის მიხედვით მბაპესთვის მანჩესტერი, ბარსელონა და რეალი აქტიურად იბრძოლებენ. ხაზგასასმელია ტურინული გრანდის – იუვენტუსის დაინტერესება, რომლის მიმართაც ახალგაზრდა თავდამსხმელს ბავშვობიდან აქვს სიმპათიები.

პიერ მბაპე (ბიძა და აგენტი) “Tuttosport”-თან ინტერვიუში ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს:

“იუვენტუსში კარიერის გაგრძელება? დიახ, იუვე მისი მომავლისთვის კარგი პერსპექტივაა, ისევე როგორც ორი მანჩესტერული კლუბი, პსჟ, მადრიდის რეალი და ბარსელონა. მომავალში ალბათ უფრო მეტი არჩევანიც გვექნება. როდესაც არჩევანის დრო მოვა, მთელი ოჯახი ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენთან ფეხბურთი ყველას უყვარს და არამგონია კილიანს აგენტი დასჭირდეს.

ამ ეტაპზე ჩემი ძმის შვილი დიდებულ გუნდში თამაშობს და ამით ბედნიერია. საჭიროა კონცენტრაცია საფრანგეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ტურებზე და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალზე. მომავალზე კი, შემდეგ ვილაპარაკოთ.”

 

მსგავსი სიახლეები
350 ნახვა