მეივეზერი VS მაკგრეგორი – ბრძოლა თუ შოუ?

26 აგვისტომდე სულ ცოტა დრო რჩება. ნევადაში რინგზე ერთმანეთის წინააღმდეგ მოკრივე ფლოიდ მეივეზერი და UFC–ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი კრივის წესებით წარსდგებიან.

როგორც კი ეს ბრძოლა დააანონსდა, რა თქმა უნდა, უმალ ბევრი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. არსებობს ერთი მხარე, რომელიც ამტკიცებს, რომ “კონორს შანსი არ აქვს”, ხოლო არსებობს მეორე კატეგორია, რომელიც კონორს ქომაგობს და ირლანდიელის გამარჯვების იმედი თუ არა, სურვილი აქვთ. თუ რეალურად არ გავერკვევით, ეს ყველაფერი აბსტრაქტულ კამათში გადავა.

პირველ რიგში, ამ ბრძოლაში ყველაზე დიდ გამარჯვებას UFC და ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა უაითი მოიპოვებენ. ეს ღონისძიება ნამდვილი ბრძოლა (არ ვგულისხმობ უშუალოდ შეხვედრის დაძაბულობას) არ იქნება, რადგან მეივეზერი მოკრივეა და 2 წელია კარიერა დასრულებული აქვს, კონორი კი საერთოდ არაა მოკრივე და სულ სხვა სტილის მებრძოლია.

ამ ბრძოლაზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე შედგა, რადგან უდიდესი პიარი, დაინტერესება და მოლოდინი აქვს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკგრეგორი გარდა კრივის ვარჯიშებისა, კვლავ განაგრძობს შერეული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებით ვარჯიშს, რაც თავის თავში ხელის და ფეხის კომბინაციების გარდა, “ჯიუ–ჯიცუსაც” (ბრაზილიური ჭიდაობა) აერთიანებს. როგორც თავად ირლანდიელმა განაცხადა, მეივეზერთან ბრძოლის შემდეგ ოქტაგონზე დაბრუნდება და შესაძლოა, ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდეს.

პირველ რიგში, მაკგრეგორს, რომელსაც გაცილებით მეტი ძალა აქვს, ვიდრე მეივეზერს, გამძლეობაზე აქვს სამუშაო. უმეტესი ბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული და თან, საკმაოდ სწრაფად, მაგრამ ნეით დიაზთან ორივე ბრძოლამ გვაჩვენა, რომ ირლანდიელს გამძლეობასთან პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ჩხუბის ტემპს აგდებდა. ახლა კი საუბარია არა 3 5–წუთიან რაუნდზე, არამედ 12 რაუნდზე, თითო კი 3 წუთს შეადგენს.

რასაკვირველია, უპირატესობა მეივეზერისკენაა, რომელიც ძალზე სწრაფია და ძლიერი და მოქნილი დაცვა აქვს, მაგრამ ირლანდიელის ჩამოწერა არაფრით არ შეიძლება. როგორც უკვე აღვნიშნე, ოქტაგონზე უმეტესი ბრძოლა ნოკაუტით აქვს მოგებული. აქვს გაცილებით მეტი ძალა, ვიდრე ფლოიდს და ეს ასეც უნდა იყოს – MMA–ს მებრძოლს მოკრივეზე მეტი ჯანი ნამდვილად ექნება. აქვს უფრო გრძელი ხელი, ვიდრე მეივეზერს და ურტყამს საკმაოდ მძიმედ. გავითვალისწინოთ მებრძოლთა ასაკიც: ფლოიდი 40–ის, ხოლო კონორი – 29 წლისაა.

“ფაქტია, რომ ისეთი მებრძოლი აღარ ვარ, როგორც 20, 10 ან თუნდაც 5 წლის წინ ვიყავი. კონორს ჩემზე გრძელი ხელები და თან, საკმაოდ მძიმე დარტყმა აქვს, განსაკუთრებით მარცხნიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ უდიდესი სიფრთხილე მმართებს. ეს ჩემს კარიერაში ნამდვილად ბოლო დაპირისპირებაა” – აცხადებს ამერიკელი მოკრივე, რომელმაც კარიერა 2015 წლის სექტემბერში 49:0–ზე შეფარდებით დაასრულა, ამით კი ლეგენდარული როკი მარჩიანოს რეკორდი გაიმეორა.

რაში სჭირდება ეს ბრძოლა ფლოიდს, რომელმაც რინგზე ყველაფერი დაამტკიცა? აღმოჩნდა, რომ ამერიკელს გადასახადებთან დაკავშირებით აქვს პრობლემები და რომ არა თანხის საჭიროება, ამ ბრძოლა/შოუს არც დათანხმდებოდა.

მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ვიქტორ ორტისი, რომელიც ფლოიდთან 2011 წელს დამარცხდა, კონორს აფრთხილებს: “მას უხეში და აკრძალული ილეთები შეუძლია. როცა მას შევხვდი, იდაყვი, რომელიც კრივში აკრძალულია, 16–17–ჯერ მაინც მომარტყა”.

ფლოიდის გამარჯვების შანსებს ის ფაქტიც ამძაფრებს, რომ თუკი კონორმა მისი დამარცხება შეძლო, გამოვა, რომ UFC–ის მებრძოლი მოკრივეს უგებს. საქმე იმაშია, რომ ბოლო პერიოდში ამერიკაში UFC–იმ კრივს პოპულარობით საგრძნობლად აჯობა და ახლა მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში სპორტის ამ კლასიკურ სახეობას ავტორიტეტი სულ მთლად უფუჭდება.

დაველოდოთ 26 აგვისტოს. მართლაც “პური და სანახაობა” გველის…

მოამზადა გიორგი ფულარიანმა

მსგავსი სიახლეები
861 ნახვა