მეორე წრემდე…

იტალიის სერია ა-ს პირველი წრე დასრულებულია. საჩემპიონო ბრძოლაში უკვე ორი ფავორიტი იკვეთება. შედარებით არასტაბილურ “რომას”, “ლაციოსა” და “ინტერს” ლიდერები “ნაპოლი” და “იუვენტუსი” საკმაოდ სოლიდური სხვაობით მოწყდნენ, რაც აქედანვე აანონსებს იმას, რომ საჩემპიონო ბრძოლა სწორედ ამ გუნდებს შორის შედგება.

პირველი წრის უკანასკნელი ტური ნეაპოლელთა გამარჯვებით გაიხსნა, რომელთაც სტუმრად მარეკ ჰამშიკის ერთადერთი გოლით „კროტონე“ დაამარცხეს. ამ მატჩში სტუმრები სპეციალური მაისურებით გამოვიდნენ, რომელიც სლოვაკი ფეხბურთელის რეკორდს მიეძღვნა წარწერით All Time Top Scorer. შეგახსენებთ, რომ XVIII ტურში ნაპოლის 17-მა ნომერმა ლეგენდარული დიეგო მარადონას რეკორდი დაამხო და „ნაპოლის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

კვირის მატჩები არტემიო ფრანკიზე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრით გაიხსნა, სადაც ფლორენციას როსონერი ეწვია და იებთან შეხვედრა საყაიმო ანგარიშით, 1-1 დაასრულა. როგორც იქნა, თავისი პირველი შეხვედრა მოიგო „ბენევენტომ“, რომელმაც „კიევო“ მინიმალური ანგარიშით, ანდრეა კოდას ერთადერთი გოლით დაამარცხა. თავისი მატჩი ვერ მოიგო „რომამ“ და ახალ წელს ცუდი განწყობით შეხვდა. ნულოვანი ფრე დაფიქსირდა „ტორინოსა“ და „ჯენოას“ შორის. „უდინეზემ“ „ბოლონიას“ (2-1), „სამპდორიამ“ „სპალს“ (2-0) და „კალიარიმ“ „ატალანტას“ (2-1) სძლია.

ლუჩიანო სპალეტისა და სიმონე ინძაგის შარშანდელი რომაული დაპირისპირებების ფონზე ამ მატჩს ბევრი გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელოდა. ლუჩიანო სიმონეს ამჯერად „ინტერით“ დაუხვდა და ჯუზეპე მეაცაზე გამართული ტურის ცენტრალური დაპირისპირებაში, მიუხედავად უხვი მომენტებისა, მაინც ნულოვანი ფრე დაფიქსირდა.

წლის ბოლო მატჩში „ვერონამ“ ბენტეგოდიზე „იუვეს“ უმასპინძლა და 1-3 დამარცხდა. მატუიდის მიერ დაწინაურებულ შავ-თეთრებს ანგარიში მათთვის კარგად ნაცნობმა ურუგვაელმა მარტინ კასერესმა ეფექტური დარტყმით გაუთანაბრა, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა და დიბალას დუბლის ხარჯზე “იუვემ” მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

სანდრო ლოსაბერიძე

მსგავსი სიახლეები