ნანატრი შეხვედრა ლეგენდასთან…

პირველად ანდრეი შევჩენკოსა და იმ გენიალური “მილანის” შესახებ 2003 წლის ფინალის შემდეგ გავიგე. მანამდე ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექჰემი, მაიკლ ოუენი, რონალდინიო და რონალდო ვიცოდი “ჯეირანებიდან”.

სწორედ 2003 წლიდან პერიოდულად და ნელ–ნელა ვხდებოდი ფეხბურთის მანიაკი, ამ ყველაფერში კი “მილანი” და კონკრეტულად შევა უდიდეს როლს თამაშობდნენ, 2005 წლიდან კი საბოლოოდ შემეყარა სენი სახელად – “ფეხბურთი”.

ვინც დიდი ხანია მიცნობს კარგად ეცოდინება, თუ რა დონეზე მსურდა უკრაინელ გენიასთან შეხვედრა და ფოტოს გადაღება. პირველად ამის შანსი 2013 წელს კახა კალაძის გაცილებაზე მომეცა, მაგრამ სურათი ვერ მოვახერხე; იმავე წელს კიდევ ერთი საშუალება მქონდა, თუმცა მაინც და მაინც იმ დღეს არ მქონდა შუქი და სამწუხაროდ, გვიან გავიგე, რომ თურმე, ანდრეი და კრიშტიანუ რონალდუ “დინამოს” ბაზაზე იმყოფებოდნენ.

ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადავწყვიტე, რაიმე გეგმა შემემუშავებინა და ჩემით ამეხდინა ოცნება. ჰოპ! უცებ ტუზი დამეცა – ანდრეი ევრო2016–ის დასრულების შემდეგ უკრაინის ნაკრების თავკაცად იქცა. გასული წლის სექტემბერში შესარჩევ ციკლში სტუმრად თურქეთთან უწევდათ გასვლითი მატჩი, მაგრამ მგზავრობისთვის საჭირო თანხა დაგვიანებით მივიღე და საზღვრის გადაკვეთას ვეღარ ვასწრებდი.

მოკლედ, უკვე გიჟს ვგავდი, თუმცა ჩავიხედე კალენდარში და ამასობაში, კიდევ ერთი ტუზი დამეცა – ნოემბერში ოდესაში ფინეთს მასპინძლობენ და მეთქი, ეგაა! მამუკა კვარაცხელიას დიდი დახმარების შედეგად მივიღე აკრედიტაცია, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ ნანატრი ფოტოს გადაღება მოვახერხე!!! ისე, მგონი არავისთვის მითქვამს, რომ ეს ფოტო შევას ერთ–ერთმა თანაშემწემ გადამიღო.

29 სექტემბერს ლეგენდების მატჩზე შევას გენიალური თამაშით კიდევ ერთხელ მივიღე უზადო სიამოვნება და საკუთარი დაბადების დღე 2 საგოლე პასითა და გატანილი გოლით აღნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში კვლავ ვერ მოხერხდა მასთან ფოტო, მაინც ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან როცა იგი მოედანზე დარბოდა და ამ ასაკშიც კი საოცრებებს სჩადიოდა, თვალწინ ბავშვობა მიდგებოდა – ბავშვობა, რომელიც სწორედ შევას და მისი ბრწყინვალე “მილანის” წყალობით გამილამაზდა.

ოცნების ასრულება – ეს ძალიან მაგარი ფენომენია! მინდა, რომ ყველამ აიხდინოთ ის, რაც ჩაფიქრებული გაქვთ, ამ შემთხვევაში კი საყვარელ ფეხბურთელთან, მომღერალთან თუ მსახიობთან სურათის გადაღება და თუ არსებული რესურსის შესაბამისად ამისათვის ძალ–ღონეს არ დაიშურებთ, აუცილებლად გამოვა!!!

ზუსტად ერთი წლის წინ მე უდიდესი ოცნება ავიხდინე და ამით ვამაყობ!!!

მოამზადა გიორგი ფულარიანმა

მსგავსი სიახლეები
303 ნახვა