სამოყვარულო ლიგა – ბანკი რესპუბლიკას გამარჯვება

კალათბურთის სამოყვარულო ლიგის 2016/17 წლების გათამაშება “ბანკი რესპუბლიკას” ტრიუმფით დასრულდა – ფინალურ დუელში “თელიანი ველი” დაძაბულ ორთაბრძოლაში 2 ქულით 78:76 დაამარცხა.

მთლიანობაში, უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა ძალზე თვალსასეირო გამოდგა, რაც განსაკუთრებით, ბოლო მეოთხედზე ითქმის, როცა როგორც იტყვიან, თამაში “ქულა ქულაში წავიდა”.

ასევე აღსანიშნავია გულშემატკივრის ფაქტორიც – მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა სპორტის ახალი სასახლის პატარა პარკეტზე იმართებოდა, მაინც ბოლომდე გადავსებული იყო და ორივე გუნდის ქომაგები მხურვალედ ამხნევებდნენ მოთამაშეებს.

მატჩის შემდეგ გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა ლაშა ბერიკიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა: “პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ბანკ “რესპუბლიკას”, რომელიც ქართულ კალათბურთს მუდამ გვერდით ედგა და ეს ყველაფერი ბუნებრივია, მომავალ სეზონშიც გაგრძელდება. დაძაბული ფინალი იყო, “თელიანმა” ღირსეული წინააღმდეგობა გაგვიწია, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ და ყველას ვულოცავ”.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე: “პირველ რიგში, დიდი მადლობა ორგანოზატორებს ასეთი საინტერესო ტურნირისთვის. “ბანკ რესპუბლიკას” მივულოცავ გამარჯვებას, დაძაბული და კარგი ფინალი გამოდგა. ჩვენი სამინისტროს მიზანი მასობრივი სპორტის განვითარებაა, რათა თითოეული მაცხოვრებელი აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა სახეობაში – ასე რომ, ნებისმიერ საინტერესო ტურნირს ნებისმიერ სახეობაში ჩვენ ფინანსურად თუ ინფრასტრუქტურულად მხარს აუცილებლად დავუჭერთ.

მოგეხსენებათ, სპორტსმენის კარიერას ყოველთვის აქვს დასასრული, ხოლო სამოყვარულო ლიგა იძლევა იმის საშუალებას, რომ შეინარჩუნო სპორტული ფორმა, ჯანმრთელობა და გაიხსენო ძველი წლები”.

მსგავსი სიახლეები
243 ნახვა