ქუთაისი ფინალშია

სუპერლიგის ფლეი–ოფის მეოთხე შეხვედრა სტუმრად “კაკტუსის” წინააღმდეგ “ქუთაისის” გამარჯვებით 81:68 დასრულდა.

ამრიგად, ფლეი–ოფში კოტე ტუღუშის გუნდმა არჩილ ჟღენტის შეგირდებს საბოლოო სერიაში 3:1 მოუგეს.

დღევანდელი შეხვედრის 3 მეოთხედი “ქუთაისის” აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც ტაბლოზეც ისახებოდა, ხოლო ბოლო მეოთხედში “კაკტუსმა” თამაშის დაძაბვა შეძლო, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვება მაინც სტუმრებს დარჩათ.

15 მაისს ფლეი–ოფის მეორე შეხვედრაში “დინამო” “რუსთავს” ესტუმრება. დინამოელები რუსთაველებს სერიაში 2:0–ს უგებენ.

მატჩის შემდეგ გუნდების მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს:

კოტე ტუღუში (ქუთაისი): “ძალიან კარგად გაისარჯა “კაკტუსი”, მშვენიერი მატჩი ჩაატარეს. მე ბედნიერი ვარ, რომ ამ მებრძოლი გუნდის ბარიერი გადავლახეთ. მეორე ტაიმში სირთულეები წამოვიდა, თუმცა ეს ამ გუნდისგან მოსალოდნელი იყო. ფინალებისთვის მოსამზადელად დიდი დრო გვაქვს. დიდი ალბათობით, ჩვენი მეტოქე “დინამო” იქნება.

არჩილ ჟღენტი (კაკტუსი): “პირველ რიგში, “ქუთაისს”, ძლიერ გუნდს, მივულოცავ დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენთვის პრესტიჟი იყო, რომ ნახევარფინალში ვიყავით, ახლა კი მესამე ადგილისთვის ჩასატარებელი მატჩებისთვის მოვემზადებით”.

Geosports.ge

მსგავსი სიახლეები
113 ნახვა