ჩემი 25 მაისები

25 მაისი – თითქოს, არაფრით გამორჩეული თარიღი, მაგრამ არა საფეხბურთო კუთხით: ზუსტად 12 წლის წინ სტამბულში “ლივერპულმა” და “მილანმა” ლეგენდარული ფინალი შემოგვთავაზეს; ზუსტად 4 წლის წინ “ბაიერნმა” იუპ ჰაინკესის თავკაცობით ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო…

2005 წლის 25 მაისი
მილანი–ლივერპული 3:3 (2:3 პენ)

ჩემი პირველი საფეხბურთო ცრემლები…

მაშინ მხოლოდ მესამე კლასელი ვიყავი და ეს იყო ჩემთვის პირველი ფინალი. არა, ფეხბურთს მანამდეც ვუყურებდი, მაგრამ ისე აქტიურად არა და თან, არც “მონაკო”–”პორტუს” ფინალი მახსოვს კარგად. სამაგიეროდ, მახსოვს ის, რომ კლასში მხოლოდ მე და გიორგი გონაშვილი (როგორი გვარია, არა?!) ვიყავით “მილანისკენ”, სხვა დანარჩენები კი “ლივერპულს” ქომაგობდნენ.

გარდა ამისა, ფინალამდე, წინა ღამით ასეთი უცნაური სიზმარი ვნახე, რომ ვითომ, შეხვედრა “ლივერპულის” სასარგებლოდ 7:6 დასრულდა.

დაიწყო ეს ლეგენდარული შეხვედრაც და პირველივე წუთებზე პაულო მალდინიმ “მილანი” დააწინაურა. შემდეგ მოჰყვა ანდრეი შევჩენკოს გოლი, რომელიც, სამწუხაროდ, მსაჯმა არ ჩათვალა. სანამ გავაგრძელებდე, შეგახსენებთ, რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც სპორტის ეს საოცარი სახეობა შემაყვარა. სწორედ უკრაინელის პასის შემდეგ გავიდა მეორე გოლი, რომლის ავტორიც ერნან კრესპო გახდა. შესვენებამდე არგენტინელმა დუბლის შესრულებაც მოასწრო – კაკას გენიალური გადაცემა შეირგო და ირჟი დუდეკს ოსტატურად შეუსრულა.

პირველი ტაიმის შემდეგ უბედნიერესი ვიყავი, რადგან მატჩის ბედი მთლიანად გადაწყვეტილი მეგონა (ალბათ არამარტო მე, უმეტესობას) და მით უმეტეს, რომ მეორე ტაიმის დასაწყისშიც “მილანი” უტევდა და რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ სტივენ ჯერარდის გოლის შემდეგ დაიწყო ის სასწაული, რომლის ნახვის შემდეგაც ტანში ყველას ჟრუანტელი გვივლის.

დამატებით დროში შევჩენკოს მიეცა უნიკალური შანსი, გამხდარიყო მატჩის გმირი, მაგრამ დუდეკმა საოცარი ორმაგი სეივი განახორციელა და თამაშმა პენალტების სერიისკენ გადაინაცვლა, სადაც გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი სწორედ უკრაინელმა გააფუჭა და მაშინ ვღვარე ჩემი პირველი საფეხბურთო ცრემლები.

2013 წლის 25 მაისი
ბაიერნი–დორტმუნდი 2:1

გადავედით პოზიტივზე. 2012 წლის ფინალში “ჩელსისთან” განცდილი მარცხის შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ იუპ ჰაინკესი და კომპანია სრულ კონცენტრაციას მოახდენდა და ყველაფერს გააკეთებდა, რათა მომდევნო სეზონში სწორედ მათ მოეგოთ და ასეც მოხდა!

მთლიანი სეზონი საოცარი გამოდგა და ვერავინ იტყვის, რომ რეკორდმაისტერმა დაუმსახურებლად იზეიმა.

ძალიან მარტივად და აუღელვებლად გადაუარეს ისეთ გრანდებს, როგორებიც “იუვენტუსი” და “ბარსელონა” არიან და ფინალში დაამარცხეს დორტმუნდის “ბორუსია” – ძალიან მაგარი და ლამაზი “ბორუსია”, რომელსაც იურგენ კლოპი წვრთნიდა, რობერტ ლევანდოვსკი და მარიო გიოტცე (სწორედ ფინალის დღეს გაირკვა, რომ “ბაიერნის” ფეხბურთელი ხდებოდა) კი ჯერ კიდევ “ყვითლები” იყვნენ.

თანაც, გადამწყვეტი გოლი გაიტანა არიენ რობენმა – ადამიანმა, რომელსაც 2012 წელი კოშმარული გამოუვიდა და ეს მისთვის უდიდესი ლოდის ზურგიდან ჩამოგდების ტოლფასი იყო. ამ გოლზე კი ჩემ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა!!!

მოამზადა გიორგი ფულარიანმა

მსგავსი სიახლეები
206 ნახვა