ეკვატორზე გასული სერია ა

548

იტალიის პირველობა ეკვატორზე გავიდა და ხვალ სეზონის პირველ წრეს ოფიციალური წერტილი დაესმება. ტური სტარტს დღეს იღებს და გათამაშების ლიდერი „ნაპოლი“ „კროტონეს“ ეწვევა, გამარჯვების შემთხვევაში კი ისინი ზამთრის ჩემპიონობას გაიფორმებენ და „იუვენტუსის“ ხვალინდელ შეხვედრამდე უპირატესობას 4 ქულამდე გაზრდიან. ხვალინდელი დღე ფლორენციაში არტემიო ფრანკიზე გასამართი შეხვედრით დაიწყება, სადაც „ფიორენტინა“ „მილანს“ უმასპინძლებს. ორივე გუნდი შუა კვირაში სათასო ბატალიებში იყო ჩართული და მხოლოდ ერთმა, „მილანმა“ შეძლო ნახევარფინალის საგზურის მოპოვება რაც შეეხება „ფიორენტინას“ , მან თავისი მატჩი რომში „ლაციოს“ წინააღმდეგ დათმო და გუნდები რადიკალურად განსხვავებული განწყობით ხვდებიან ზემოთ აღნიშნულ მატჩს. მოგვიანებით კიდევ 8 მატჩი გაიმართება, რომელთაგანაც „რომა“ – „სასუოლოს“, „ინტერი“ – „ლაციოსა“ და „ვერონა – „იუვენტუსის“ შეხვედრებია გამოსაყოფი. რომას ამჟამინდელი მწვრთნელი, ეუსებიო დი ფრანჩესკო, მაპეის ბინადრებს 5 წელი წვრთნიდა და „სასუოლოს“ სერია ა-ში დაწინაურება და ევროზონაში გასვლა მის სახელს უკავშირდება. ჯუზეპე მეაცაზე დღის ცენტრალური მატჩი შედგება, სადაც „ინტერი“ „ლაციოს“ უმასპინძლებს. ეს მატჩი ბევრი ფაქტორის გამო იწვევს დიდ ინტერესს. ერთ-ერთი მიზეზთაგანი სატურნირო მდგომარეობაა. გეტყვით, რომ ნერაძური ბიანკოჩელესტეს 4 ქულით უსწრებს. გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების გოლეადორები სერია ა-ს ბომბარდირთა დავას ლიდერობენ. იკარდის ანგარიშზე 17 გოლია, იმობილე კი არგენტინელს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება.

გადავიდეთ დღის ბოლო მატჩზე, რომელიც ვერონაში, ანტონიო ბენტეგოდის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ჰელასები მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირებიან. ამ გუნდების ისტორიაში არსებობს ძალიან საინტერესო სტატისკური მონაცემი, რომელიც შემდგომში მდგომარეობს – ტურინელებს ჰელასების წინააღმდეგ სერია ა-ში გასვლითი შეხვედრა 2001 წლის შემდეგ არ მოუგიათ ამ მატჩების რაოდენობა ოთხს ითვლის.

ტურის სხვა მატჩები

18:00 ატალანტა – კალიარი
18:00 ბენევენტო – კიევო
18:00 ბოლონია – უდინეზე
18:00 სამპდორია – სპალი

სანდრო ლოსაბერიძე