ველოდრომი ყურადღების ეპიცენტრში

519

ევროპა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა, სადაც მონაწილეობა 8 ქვეყნის 8 გუნდმა მიიღო და ისე მოხდა, რომ ინტრიგა მხოლოდ „ლაიპციგისა“ და „მარსელის“ მატჩმა შეინარჩუნა. გერმანელები აღნიშნულ შეხვედრაში  მინიმალურ უპირატესობას პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, ტიმო ვერნერის გოლით დაეუფლნენ და როგორც შემდეგ შევიტყვეთ, ეს გოლი პირველთან ერთად უკანასკნელიც აღმოჩნდა. საერთოდ ისე მოხდა, რომ ოთხივე შეხვედრაში მასპინძლებმა იმარჯვეს. გერმანულ-ფრანგული დაპირისპირების მსგავსად უგოლო მეორე ტაიმი ვიხილეთ ლონდონში, სადაც „არსენალმა“ პირველივე ნახევარში მოიპოვა გარდამტეხი უპირატესობა და ნახევარფინალის საგზურიც თითქმის განაღდებული აქვს (4-1). მეთოფეთა მხრიდან თავი დუბლით რემზიმ და ლაკაზეტმა გამოიჩინეს, ხოლო მოსკოველებისგან ზუსტი დარტყმა გოლოვინის ანგარიშზეა.

იგივე მოხდა „ვანდა მეტროპოლიტანოზეც“, სადაც გამარჯვებულის ვინაობა პირველ 45 წუთში გაირკვა. კოკეს 22-ე წამზე გატანილი გოლით დაწინაურებულ „ატლეტიკოს“ უპირატესობა შეხვედრის მე-40 წუთზე ანტუან გრიზმანმა გაუმყარა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.

გოლების წვიმა ვიხილეთ რომში, სადაც მასპინძელი ლაციო ორჯერ იგებდა, თუმცა მეტოქე 70-ე წუთამდე ვერ გატეხა და ორივე შემთხვევაში ავსტრიულმა ,,ზალსბურგმა” შეძლო ანგარიშის გათანაბრება, თუმცა გუშინდელი იუბილარის, სიმონე ინძაგის გუნდმა 3 წუთიან მონაკვეთში 2 გოლის გატანა შეძლო და განმეორებითი მატჩის წინ სოლიდური უპირატესობა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩები 12 აპრილს გაიმართება