რეგულარულის ფინიში და ფლეიოფის მოლოდინი

515

ევროლიგის რეგულარულის სეზონი ფინიშზე გავიდა და 17 აპრილიდან ევროპული კალათბურთის მოყვარულებს ბევრი საინტერესო რამ ელოდებათ. ჩვენ უკვე ვიცით ყველა გუნდის ვინაობა, რომელიც ფლეიოფის სტადიაზე მიიღებს მონაწილეობას და სასიხარულოა, რომ ამ გუნდებს შორის ერთ-ერთი თორნიკე შენგელიას ,,ბასკონია” იქნება. მათი მეტოქე კი თურქული ,,ფენერბახჩე” გახლავთ, რომელიც ევროლიგის მოქმედი ჩემპიონია.

ფლეიოფის ეტაპზე ასევე ვიხილავთ რუსულ პაექრობას, სადაც ერთმანეთს ,,ცსკა” და ,,ხიმკი” დაუპირისპირდებიან მიუხედავად იმისა, რომ გუნდებს შორის რეგულარულ სეზონში დიდი სხვაობა დაფიქსირდა, ვფიქრობ იტუდისის გუნდს იოლი გასეირნება არ ელის და მათთვის სერიოზული პრობელმების შექმნას ალექსეი შვედი და კომპანია შეეცდებიან.

ცოტათი ავცდით ბერძნულ კლასიკოს ევროლიგის მეოთხედფინალში.  რეგულარულის ბოლო ტურის წინ იყო შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს სწორედ ბერძნული გუნდები შეხვედროდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში პირეოსელები ლიტვურ ,,ჟალგირისს” , ხოლო ,,პანათინაიკოსი” ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ მადრიდის ,,რეალს” შეხვდება.

17.04.2018 ,,ცსკა” – ,,ხიმკი” 21:00

17.04.2018 ,,პანათინაიკოსი” – ,,რეალი” 22:15

18.04.2018 ,,ფენერბახჩე” – ,,ბასკონია” 21:15

18.04.2018 ,,ოლიმპიაკოსი – ,,ჟალგირისი” 22:15