გამოცდილებაზე მაღლა დაყენებული პერსპექტივა

1024

ერთ დღეს, როდესაც ,,მილანის“ იმჟამინდელი პირველი მეკარე, ესპანელი დიეგო ლოპესი ტრავმის გამო საწვრთნელ პროცესს ჩამოშორდა, გუნდის სერბი თავკაცი, სინიშა მიხაილოვიჩი ვალდებული იყო დროული არჩევანი გაეკეთებინა – თუ ვინ შეცვლიდა ესპანელს კიპერს.

იმ დროისათვის გუნდში ტრავმირებული ლოპესის გარდა ორი იტალიელი მეკარე იყო – ძალზედ გამოცდილი, თუმცა უკვე ვეტერანი კრისტიან აბიატი და აბსოლუტურად გამოუცდელი, 16 წლის ჯანლუიჯი დონარუმა.

საბოლოოდ, სერბმა სპეციალისტმა გადაწყივტა, რომ დიდებულ სან სიროზე, სადაც უამრავ ლეგენდას უთამაშია, 2015 წლის 25 ოქტომბერს სრულიად უცნობი ბიჭის დებიუტი უნდა შემდგარიყო. ეს ახალგაზრდა ყურადღებას, პირველ რიგში, თავისი სახელით იპყრობს – გახდება ის დიადი ჯანლუიჯის შემცვლელი იტალიურ ფეხბურთში? მისი გამოჩენის დღიდან ეს კითხვა მეტად აქტუალურია და რაც დრო გადის ახალგაზრდა ჯიჯი უფრო და უფრო სცემს ამ კითხვაზე პასუხს, რომ დიდი ჯიჯის წასვლის შემდგომ, სწორედ ის დაიკავებს ეროვნული ნაკრების კარს.

დებიუტი საკმაოდ წარმატებული იყო, თუმცა ჯიჯიომ კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა და პროფესიონალურ კარიერაში მის კარში პირველი გოლის ავტორი ,,სასუოლოს“ შემტევი დომენიკო ბერარდი გახდა. მიუხედავად ამისა ,,მილანმა“ გაიმარჯვა. მოედანზე მომდევნო გამოსვლა ჯიჯიოსთვის კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა, რადგან კარის მშრალად შენახვა პირველად შეძლო. მაშინ „მილანი“ „კიევოს“ მასპინძლობდა. თინეიჯერი გოლკიპერი სულ მალე „დონ ბალონის“ ცნობით 25 საუკეთესო 21 წლამდელ ფეხბურთელს შორის მოხვდა.

მეორე სეზონი მისთვის შთამბეჭდავად დაიწყო, როდესაც მთელ რიგ მატჩებში საუკეთესოდ გამოიყურებოდა. „ტორინოსთან“ ბოლო წუთზე მოგერიებული პენალტი, „ნაპოლისთან“ და „სამპდორიასთან“ შესრულებული არაჩვეულებრივი სეივები და მის კარიერაში, შეიძლება ითქვას, საუკეთესო მომენტი – 2016 წლის 23 დეკემბერი. იტალიის სუპერთასის გამარჯვებულის ბედს თერთმეტმეტრიანების სერია წყვეტდა, სადაც დონარუმამ დიბალას გადამწყვეტი პენალტი აუღო და კარიერაში პირველი თასიც აღმართა.

დონარუმასთვის საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა 2017 წლის ზაფხული, როდესაც მისი აგენტი, მინო რაიოლა ცდილობდა იგი სარფიანად გაეყიდა, თუმცა „მილანის“ ახალმა ხელმღძვანელობამ, რომელიც გუნდს დიდების დაბრუნებას პირდება, დონარუმა 5 წლიან კონტრაქტზე დაითანხმა, რაც გუნდს საკმაოდ ძვირი – წლიური 6 მილიონი უჯდება, თუმცა როსონერიში ფიქრობენ, რომ ის ამ ფასად ღირს. გასული წლის 13 დეკემბერს გამართულ შეხვედრაში, როდესაც ,,მილანი“ ,,ჰელას ვერონას“ იტალიის თასის მატჩში უპირისპირდებოდა, „კურვა სუდმა“ ბანერი გამოფინა, სადაც ეწერა, რომ დონარუმას ხელმძღვანელობა ზედმეტად ათამამებდა და ეს ყველაფერი უნდა დასრულებულიყო. თინეიჯერი კიპერი ქომაგებმა დაადანაშაულეს, რომ ხელფასის გაზრდის შემდეგ ისეთი ეფექტური ვეღარ იყო, როგორიც ადრე და „მილანის“ მმართველებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც მას ასეთი ანაზღაურება დაუნიშნეს. თანაც ზაფხულში ატეხილ აჟიოტაჟს მოჰყვა გუნდში მისი ძმის ტრანსფერი, რომელსაც წლიურ 1 მილიონს უხდიან. ეს ყველაფერი კი ტიფოზების უკმაყოფილებას იწვევდა. გულშემატკივრების აგრესია დონარუმამ ძალზედ ემოციურად მიიღო და მას გუნდის კაპიტანი, ლეონარდო ბონუჩი და მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო ამშვიდებდნენ, რათა ახალგაზრდა კიპერს კონცენტრაცია თამაშზე მოეხდინა. საბოლოო ჯამში ეს ამბავი მშვიდობით დასრულდა, როცა ევროპა ლიგაზე „ლუდოგორეცთან“ გამარჯვების შემდგომ ის ფანებთან მივიდა და ერთმანეთთან საკმოდ თბილი შეხვედრაც ჰქონდათ.

რა შეიძლება ითქვას დონარუმაზე მიმდინარე სეზონში?! ის აგრძელებს პროგრესირებას და ცდილობს გახდეს ტოპ მეკარე, რისთვისაც მას უდიდესი პოტენციალი გააჩნია. სტატისტიკა კი გვეუბნება, რომ 100 ჩატარებულ შეხვედრაში მას 35 მშრალი შეხვედრა აქვს

P.S დღეს, 15 აპრილს ჯიჯიომ სწორედ მეასედ მოირგო „მილანის“ მაისური, რამაც იგი სერია ა-ს ყველაზე ახალგაზრდა კიპერად აქცია ჩატარებული მატჩების რაოდენობით.