ქართველ მორაგბეთა ამბები ფრანგულ ლიგებში

493

საფრანგეთის ტოპ 14-ს 24-ე ტური კვირას 2 მატჩით დასრულდა. ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” შინაურ კედლებში “კასტრთან” 18:26 დამარცხდა, ვასილ კაკოვინის “რასინგმა” კი სტუმრად “ტულუზთან” წააგო – 27:42.
ყაულაშვილი მარქაფაში იყო და მინდორზე 51-ე წუთზე გამოჩნდა, კაკოვინი კი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 45-ე წუთზე შეცვალეს. “რასინგი” 70 ქულით სწორედ “ტულუზთან” ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს, “ლა როშელი” კი 61 ქულით მერვეა.
30-ე ტურის მატჩები შედგა საფრანგეთის პრო დ2-ში. უხეში მატჩი გაიმართა კოლომიეში, სადაც მსაჯმა 4 მორაგბე გაასინბინა, ილია კაიკაციშვილის “მასიმ” კი ადგილობრივ გუნდთან 24:49 წააგო. ქართველი ლეგიონერი თამაშში 48-ე წუთზე ჩაერთო, მასელები კი 59 ქულით მე-11 ადგილზე არიან.
საშინაო მარცხი შეემთხვა შალვა სუთიაშვილის “ანგულემს”. ქართველი ლეგიონერის გუნდმა “გრენობლთან” 10:19 წააგო, ჩვენებური კი ტრადიციულად სასტარტო თხუთმეტეულში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. “ანგულემს” 59 ქულა შერჩა და მე-12 საფეხურზეა.
მძიმე მარცხი განიცადა მირიან ბურდულისა და გიორგი ნაცარაშვილის “კარკასონმა”. ქართველი ბურჯების გუნდი ლიდერ “პერპინიანს” ესტუმრა, ერთბაშად 10 ლელო მიიღო და 7:73 გამადგურდა.
ბურდული სასტარტო შემადგენლობაში იყო და 39-ე წუთზე გაასინბინეს, 49-ე წუთზე კი სწორედ ნაცარაშვილმა შეცვალა. კარკასონელები 53 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან.