დრამატული რუსული დერბი ევროლიგაზე

549
erer

ნბა-ს შემდეგ ევროლიგის ფლეიოფის დაწყების დროც მოვიდა. გახსნით შეხვედრას კი Megasport არენამ უმასპინძლა, სადაც მატჩი რუსულ კლუბებს შორის შედგა და საკმაოდ დაძაბულ ვითარებაშიც წარიმართა. სწორედ ევროლიგის დაწყვილების პრინციპმა ერთმანეთს ერთი ქვეყნის ორი წარმომადგენელი არგუნა, თანაც ორივე გუნდს ბერძენი სპეციალისტი წვრთნის, ეს გარემოება კი წყვილს ინტერესს მატებს. მოსკოვის ,,ცსკას“ დამრიგებელი დიმიტრიოს იტუდისი, ხოლო ,,ხიმკის“ გეორგიოს ბარძოკასი გახლავთ.

ზემოთნახსენებმა გუნდებმა მიმდინარე სეზონის რეგულარულის გათამაშება პირველ და მერვე პოზიციაზე დაასრულეს და ამით ევროლიგის ამ სტადიაზე რუსული კლუბების დაპირიპირებას საფუძველი ჩაუყარეს. ,,ცსკა“ – ,,ხიმკის“ სერიული დაპირისპირება სწორედ, რომ პირველი რუსული პაექრობა იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ,,ხიმკი“ ზოგადად პირველად იღებს ფლეიოფში მონაწილეობას.

გუნდების მწვრთნელებმა შეხვედრა შემდეგი ხუთეულებით დაიწყეს. სტუმარი გუნდის მხრიდან მთავარ საფრთხეს ,,ცსკასთვის“ ალექსეი შვედი წარმოადგენდა, რომელიც წარსულში სწორედ არმიელების ღირსებას იცავდა. მოკლედ ხუთეულები ასეთია

,,ხიმკი“ – ალექსეი შვედი, სტეფან მარკოვიჩი, ეგორ ვიალცევი, ენტონი გილი და მალკოლმ ტომასი

,,ცსკა“ – სერხიო როდრიგესი, კორი ჰიგინსი, ვიქტორ რადი, ნიკიტა კურბანოვი, ოტელო ჰანტერი

,,ცსკა“ აღნიშნულ შეხვედრას საკმაოდ დიდი დანაკლისის ფონზე ხვდებოდა, რასაც კაილ ჰაინსის არ ყოფნა იწვევდა.

პირველი მეოთხედის სტარტმა მეტნაკლებად თანაბრად ჩაიარა, თუმცა უმალვე ,,ხიმკიმ“ 10 ქულიანი გაქცევა მოახერხა, ეს სხვაობა კი განსაკუთრებით პერიმეტრიდან ზუსტმა სროლებმა გამოიწვია. ამ კომპონენტში ეგორ ვიალცევი გამოირჩა, რომელსაც პირველი ათ წუთეულის შემდეგ 11 ქულა ჰქონდა. ,,ხიმკის“ გუნდურ“ კალათბურთს კი დე კოლო-როდრიგესის მომაკვდინებელმა დუეტმა ვერაფერი დაუპირისპირა და ,,ცსკა“ 9 ქულის სხვაობით 25-34 დამარცხდა.

შეხვედრის მასპინძლებმა მეორე მეოთხედი აგრესიული დაცვით და ფრანგი უკანახაზელი ნანდო დე კოლოს ზუსტი სამქულიანით განაახლა. მოსკოვური კლუბი ჩამორჩენის გაბათილებას მალევე შეუდგა, ,,ხიმკის“ რიგებიდან კი ალექსეი შვედი გამოირჩეოდა, რომელმაც მეტოქის სხვაობის შემცირების საშიშროება პერიმეტრიდან ჩააცხრო. ,,ცსკას“ დაცვა კაილ ჰაინსის არ ყოფნაში კრიტიკას ვერ უძლებდა. შეხვედრის შემდეგი ოთხი წუთი კი ,,ცსკასთვის“ სასარგებლო გამოდგა, როდესაც მეტოქეს 8-2 გაექცა და ის ორი ქულა საჯარიმო ხაზიდან გაუშვა. საბოლოო ჯამში ეგორ ვიალცევისა და ალექსეი შვედის დამსახურებით ,,ხიმკიმ“ პირველი ტაიმი სოლიდური 8 ქულიანი უპირატესობით (46-54) იმარჯვა. ამასობაში კი შესვენებამდე თამაშში ოთხი 10 და მეტქულიანი მოთამაშე მოგროვდა.

ნანდო დე კოლო(,,ცსკა“) – 10 ქულა

სერხიო როდრიგესი(,,ცსკა“) – 16 ქულა

ეგორ ვიალცევი(,,ხიმკი“) – 14 ქულა

ალექსეი შვედი(,,ხიმკი“) – 11 ქულა

მეორე ნახევარი ,,ხიმკიმ“ ,,ცსკასგან“ განსხვავებით უცვლელი ხუთეულით დაიწყო. ორივე გუნდმა კი სწრაფადვე აკრიფეს პერსონალური ფოლები, რაც მეტად სწორედ სტუმარ გუნდს დაეტყო, ,,ცსკამ“ ბოლოსწინა მეოთხედში ქულების უმეტესობა ერთქულიანებით მოაგროვა. ,,ხიმკი“ კი ჩვეულ გუნდურ კალათბურთს გვათავაზობდა, რითიც ბოლო მეოთხედის წინ სამქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. მესამე ათ წუთეულში გამოსარჩევი მოთამაშეები ტომას რობინსონი(,,ხიმკი“), სემიონ ანტონოვი(,,ცსკა“) და უილ კლაიბურნი(,,ცსკა“) გახლდნენ.

უკანასკნელი მეოთხედი ,,ცსკამ“ 11-0 გაქცევით დაიწყო და თითქმის გადამწყვეტ უპირატესობამდე მიდიოდა, როდესაც ვიალცევი პერიმეტრიდან კვლავ ზუსტი აღმოჩნდა. ,,ხიმკის“ უქულობამ მეოთხე პერიოდის სტარტზე 3:03 წუთი შეადგინა.

შეუჩერებელი გახლდათ მოსკოველთა ესპანელი პლეიმეიკერი სერხიო როდრიგესი, თუმცა ,,ხიმკი“ ბოლომდე ღირსეულ ბრძოლას აგრძელებდა, მაგრამ მეტოქის მხრიდან მიღებულ გარკვეულ შანსებს ვერ იყენებდა, რამაც სერიაში ,,ცსკას“ დაწინაურება განაპირობა (98-95) მოსკოვურმა კლუბმა ოთხთა ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

,,ცსკა“ 98-95 ,,ხიმკი“

სტატისტიკის ლიდერები

ქულები: სერხიო როდრიგესი 22 (,,ცსკა“), ალექსეი შვედი 22 (,,ხიმკი“), ეგორ ვიალცევი 21 (,,ხიმკი“)

მოხსნები: უილ კლაიბურნი 9 (,,ცსკა“), ოტელო ჰანტერი 8 (,,ცსკა“), ტომას რობინსონი 6 (,,ხიმკი“)

პასები: ალექსეი შვედი 6 (,,ხიმკი“), სერხიო როდრიგესი 5 (,,ცსკა“), სტეფან მარკოვიჩი 5 („ხიმკი“)

ჩაჭრები: ალექსეი შვედი 2 (,,ხიმკი“), კორი ჰიგინსი 2 (,,ცსკა“), მალკოლმ ტომასი 2 (,,ხიმკი“)