დიდი 10: გასავარდნი და შესარჩევი ფინალები

491

დიდი 10-ის 2017/2018 წლების სეზონის დასრულებამდე ოთხი შეხვედრაღა დარჩა: ავსტრალიური პლეი-ოფების სისტემის მეორე წრე – შესარჩევი და გასავარდნი ფინალები, წინასწარი ფინალი და დიდი ფინალი.

შესარჩევი ფინალის წყვილი “ლოკომოტივი”-“აია” რეგულარული ჩემპიონატის დასრულებისთანავე გახდა ცნობილი, ხოლო გასავარდნი ფინალის წყვილი, პლეი-ოფების პირველ წრეში “ჯიქი”-“ხარების” და “ბათუმი”-“ლელო სარასენსის” დაპირისპირებამ გამოავლინა.

დამდეგ უიკენდზე საჩემპიონო მარათონში მონაწილე ოთხეულს ერთი გამოაკლდება. საპლეიოფო სტადიის პირველ ეტაპზე “ჯიქმა” 36:27 დაამარცხა “ხარები”. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონს მხოლოდ “ხარებთან” ჰქონდა უარესი ბალანსი. “ბათუმმა” კი საშინაო არენაზე 30:8 დაამარცხა თბილისური “ლელო-სარასენსი”.

“ჯიქი” – “ბათუმის” ჯახში გამარჯვებული წინასწარ ფინალში “ლოკომოტივი” – “აიას” წყვილში დამარცხებულთან შეეცდება ფინალის საგზურის მოპოვებას.

გასავარდნი ფინალი “ჯიქისა” და “ბათუმის” მონაწილეობით შარშანდელი დიდი ფინალის განმეორებაა, მხოლოდ უფრო ადრეულ სტადიაზე.

“ჯიქი”: ელიტის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბინადარია, რომელიც 2001 წელს დაარსდა და ამ მოკლე პერიოდში მიჯრით ორი სხვადასხვა სინჯის მედალიც მოიპოვა – 2015-2016 წლების სეზონში ბრინჯაო, ხოლო 2016-2017 წლების სეზონში – ოქრო. ნუცუბიძეზე შეკრებილმა გუნდმა შარშანწინ მდებარეობა გამოიცვალა და გორში გადაბარგდა.

“ბათუმი” ლამის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას ითვლის – 1969 წლის შემდეგ, მეორედ დაბადების თარიღი 1995 წელია და ამ დროიდან დღემდე ქვეყნის ჩემპიონობა ორჯერ მოასწრო 1998-1999 და 2001-2002 წლების სეზონში, ოთხჯერ ვერცხლის (ბოლოს შარშანდელ სეზონში) და ერთხელაც ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.

გუნდებმა წელს ორჯერ მოსინჯეს ერთმანეთთან ძალები:

პირველ წრეში “ბათუმი” შინ 12:22 დამარცხდა ჯიქთან. “ბათუმელებმა” ჯიქის დალელოვება იმ მატჩში ვერ შეძლეს, ხოლო გორელებმა სამი ლელო გაიტანეს და რადგან საკუთარი ლელო მშრალად შეინახეს, შესაბამისად მეტოქეზე სამი და მეტი დადეს – პრემიალური ქულაც მიითვალეს.

მეორე წრეში კი უკვე გორელები დამარცხდნენ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 12:15. ამ მატჩში გუნდებმა ორ-ორი ლელო გაცვალეს, მარგამ სანუგეშო ქულა ჯიქს დარჩა – რვაზე ნაკლები ქულით დამარცხებისთვის.

მეორე წყვილი კი შესარჩევ ფინალს გაითამაშებს.

“ლოკომოტივისა” და “აიას” დაპირისპირება ქართული რაგბის კლასიკადაც კი შეიძლება მოინათლოს:
“ლოკომოტივიც” და “აიაც” ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლიან არსებობის დღიდან… ამ დროის განმავლობაში (თუ საბჭოთა პერიოდის მედლებს არ ჩავთვლით), “რკინიგზელებმა” (1964 წელს დაარსდა) რვაჯერ მოიპოვეს ბრინჯაო, ოთხჯერ ვერცხლი, ხოლო ოქროს მედლები სულაც ცხრაჯერ ირგუნეს. შედარებით ნაკლებია რიონისპირელთა მონაგარი (დაარსდა 1967 წელს): სამ-სამჯერ ბრინჯაო, ვერცხლი და ოქრო.

“ლოკომოტივს” უმაღლესი სინჯის მედლები ბოლოს 2009-2010 წლების სეზონში ერგო, ხოლო “აიას” შორეულ 1995 წელს.

გუნდები რეგულარული გათამაშების ფარგლებში ორჯერ ერკინნენ ერთმანეთს: პირველ წრეში “აიამ” შინ 20:17 სძლია “რკინიგზელებს” – გაცვალეს რა 3-3 ლელო, 8-ზე ნაკლები ქულის სხვაობით მარცხისთვის თბილისელებმა სანუგეშო ქულა ირგუნეს, მეორე წრეში კი უკვე “ლოკომოტივმა” იმარჯვა ასევე სამი ქულის სხვაობით 26:23 და ამჯერად სანუგეშო ქულა, რიონისპირელებს ერგოთ, თუმცა ამჯერად მხოლოდ ორი ლელო მიითვალეს, თბილისელთა სამის სანაცვლოდ.

ამ ეტაპზე გასული გუნდების სტატისტიკასაც გადავხედოთ:

ლოკომოტივი: 18 თამაშიდან – 15 მოგება და 3 მარცხი, 10 ბონუს ქულიდან: 8 პრემიალური და 2 სანუგეშო. 535 გატანილი ქულა 297-ის სანაცვლოდ, ლელოთა ბალანსი 82 დადებული და 39 მიღებული;

აია: 18 თამაშიდან – 16 მოგება და 2 მარცხი, 6 ბონუს ქულიდან: 5 პრემიალური და 1 სანუგეშო. 544 გატანილი ქულა 248-ის სანაცვლოდ, ლელოთა ბალანსი 70 დადებული და 32 მიღებული

ჯიქი: 18 თამაშიდან – 11 მოგება, 1 ფრე და 6 მარცხი, 12 ბონუს ქულიდან: 8 პრემიალური და 4 სანუგეშო. 406 გატანილი ქულა 244-ის სანაცვლოდ, ლელოთა ბალანსი 53 დადებული და 25 მიღებული

ბათუმი: 18 თამაშიდან – 12 მოგება, 1 ფრე და 5 მარცხი, 8 ბონუს ქულიდან: 7 პრემიალური და 1 სანუგეშო. 405 გატანილი ქულა 273-ის სანაცვლოდ, ლელოთა ბალანსი 53 დადებული და 31 მიღებული

„სტატისტიკური მონაცემების მოწინავენი“

ოთხივე გუნდს გარდა საკუთარი ხელწერის, ისტორიისა და ტრადიციებისა, მიმდინარე სეზონშიც ჰყავთ გამორჩეული მორაგბეები.

დამრტყმელთა შორის საუკეთესო მექულე “ჯიქის” მგეზავი მამუკა ნინიძეა – 143 ქულით აქტივში.
“აიას” მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა კი 126 ქულა მოაგროვა, თუმცა ბაბუნაშვილი საკუთარ აქტივს ტრავმის გამო ვერაფერს შემატებს. “აიაში” დამრტყმელის ფუნქციები ბაბუნაშვილის დაშავების შემდგომ, ყველაზე მეტჯერ უნივერსალმა ბექმა – შუამარბმა ზურაბ ძნელაძემ შეითავსა და 95 ქულას მოუყარა თავი.

112 ქულა მოუგროვდა “ბათუმის” ფულბექ ბახვა კობახიძეს.

“ლოკომოტივიდან” კი დამრტყმელის ფუნქციებს ფულბექი ბექა წიკალური (71 ქულით) და შუამარბი ვახტანგ კავთიძე (51 ქულით) ინაწილებენ.

მელელოვეთა დავაში კი გათამაშების ორი გამორჩეული მორაგბე საგრძნობლად დაშორდა დანარჩენ მდევრებს:
“ლოკომოტივის” გარემარბი გიორგი შკინინი 22 ლელოთი ლიდერობს სიას, მას კი “აიას” შუამარბი ზურაბ ძნელაძე 17 ლელოთი უწევს კონკურენციას.

“ჯიქებიდან” მელელოვეთა დავაში მოწინავე საფეხურებზე გარემარბი ნიკა ბიწაძე (9 ლელო) და კვაჭი გიორგი ჭყოიძე (8 ლელო) არიან.

ბათუმელთა შორის კი საუკეთესო მელელოვე – კვაჭი ბექა მამრიკიშვილია, რომლის აქტივშიც 6 ლელოა.

წყარო: worldsport.ge