,,მილანის” ოქროს ხანის ერთი საინტერესო ეპიზოდი

758

,,მილანმა” თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი მატჩი თვით მარადონას ,,ნაპოლის“ წინააღმდეგ მშრომელთა საერთაშორისო დღეს ჩაატარა, რაც საკისა და მისი მილანისთვის ჭეშმარიტად სიმბოლურია, რადგან მათ მთელი სეზონი თავდაუზოგავად იშრომეს – და აი, დადგა მოსავლის აღების დროც. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ მოგებამ დასაბამი დაუდო დიადი ,,მილანის“ იმ 25-წლიან ეპოქას, რომლის დროსაც კლუბმა უამრავი ტიტული მოიგო და შექმნა მითი მისი დაუმარცხებლობის შესახებ. მაშ ასე, 1988 წლის 1 მაისი.

ჩვენ ნეაპოლში სულიერი აღმაფრენის პიკზე გავემგზავრეთ: ბოლო ტურში ,,ინტერი” დავამარცხეთ და სკუდეტოს მოგების რეალური შანსი გაგვიჩნდა. ამისთვის საჭირო იყო ცხრილში ,,ნაპოლისთვის” გადაგვესწრო.

მთელი კვირის მანძილზე ქალაქში სხვა სალაპარაკო თემა არც იყო. ჩვენ ზრდის პროცესში ვიყავით და ეს კარგად გვესმოდა. ეს ესმოდა მარადონასაც. მას აშკარად ეშინოდა ჩვენი და განაცხადა: მე არ მსურს სან პაოლოზე შავ-წითლების ზეიმი ვიხილო. ჩვენ 2:0-ს მოვიგებთ”. ბრწყინვალე ნაბიჯია, რათა შეაგულიანო დაზაფრული ქომაგი. მატჩამდე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს 42 ქულით ,,მარადონელები” იკავებდნენ, მეორე ადგილს – 41 ქულით ,,მილანი”.

თამაშის დღეც დადგა. ნეაპოლი სამარისებულ სიჩუმეს მოეცვა. ქალაქის ქუჩებში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო. ასევე იყო მილანშიც. ,,ინტერისა” და ,,სამპდორიას” შეხვედრა საერთოდ არავის აინტერესებდა, თავად ,,ინტერის” ტიფოზებსაც, რომლებიც ,,მილანის” წყევლით უფრო იყვნენ დაკავებულნი, ვიდრე საყვარელი გუნდის გამხნევებით. მთელ ქალაქში ჩუმი დაძაბულობა იგრძნობა, რომლის მფარველმა სან ჯენარომ ამ ჯერზე სასწაულის ჩვენებისგან თავი შეიკავა, რაც ყოველთვის ავისმომასწავებელია.

მატჩის მნიშვნელობის ახსნა არავისთვისაა საჭირო, თუმცა ვიცით, რომ ჩვენ ,,ნაპოლიზე” ძლიერები ვართ, რადგან საშინაო მატჩში ვან ბასტენის გარეშე დარჩენილებმა მათგან არაფერი დავტოვეთ! ჩვენი მთავარი დასაყრდენი გუნდური თამაშია, მათი კი – ინდივიდუალური თამაში კარეკას, მარადონასა და ჯორდანოს შესრულებით.

გაისმა ლო ბელოს სასტვენის ხმა. შეხვედრა დაიწყო. მყისვე შეტევაზე გადავედით და ჩვენი საფირმო პრესინგის დემონსტრირებას ვახდენთ. ყველა – 1 ნომრიდან (მეკარე გალი) დაწყებული მე-11 ნომრით (ალბერიგო ევანი) დამთავრებული – წარმოუდგენლად მობილიზებულია. მთელი გუნდი ისწრაფვის აჩვენოს, რომ ჩემპიონობის ღირსია. 36-ე წუთზე მასპინძელთა საჯარიმოში კარლიტო ანჩელოტის შეჭრის მცდელობა მეტოქემ აკრძალული ხერხით აღკვეთა და საჯარიმო დარტყმას ევანი ასრულებს, ბურთი მცველს ხვდება და საგოლე ალღოთი დაჯილდოებული ვირდისი თავით ბურთს ბადეში ახვევს – 1:0 ,,მილანის” სასარგებლოდ. ეს სრულად ვირდისის დამსახურებაა, რომელიც კარიერის პიკს განიცდის და ხშირად წყვეტს მატჩის ბედს.

ამ მომენტში, რატომღაც გადავწყვიტეთ, რომ მატჩი მოგებულია და ზეიმის დროა, მაგრამ ტაიმის მიწურულს მარადონამ, თავისი საფირმო გოლით ანგარიში გაათანაბრა – 1:1, თვალებში დაგვიბნელდა, ყველაფერი თავიდან არის დასაწყები. მეორე ტაიმში მოედანზე გადარეულები გამოვდივართ. გულიტი მოედანზე შეუჩერებელია და დიეგოს პირადი, ,,ათიანის“ დუელი მოიგო. 68-ე წუთზე ჰოლანდიელმა მარცხენა ფლანგზე გაინავარდა და მისი ეს მონდომება ისევ და ისევ ვირდისმა აქცია გოლად – 2:1, ჩვენ ისევ წინ გავიჭერით.

ტრიბუნები დადუმდნენ და მათ მეორე გოლისგან მიღებული შოკი არ განელებოდათ, რომ 8 წუთში გულიტმა კვლავ მარცხენა ფლანგზე განავარდებით ვან ბასტენს საგოლედ უპასა – 3:1 უკვე კომფორტული ანგარიშია. 78-ე წუთზე კარეკას მიერ გატანილი ერთი გოლი ვერაფერი შველა აღმოჩნდა ნეაპოლელთათვის.

მატჩის შემდეგ საკისა და ,,მილანის“ დამსახურებული გამარჯვება მარადონას ჩათვლით ყველამ აღიარა, რომელსაც ,,ზედამსახურებული“ უწოდეს. ამას ყველაფერს როგორც სტადიონზე, ასევე მის მიღმა პუბლიკის ოვაციებიც დაერთო. საკიმაც თავის მხრივ საკადრისი მიაგო ტრიბუნათა ოვაციებს და აღნიშნა, რომ ,,მილანი“ ამ დღეს აღმოჩნდა მასპინძელზე ძლიერი, რასაც გულიტის კისერზე მოხვეული ცისფერი შარფი იდეალურ ელფერს აძლევდა.

ზუსტად ამ დღეს – 1988 წლის 1 მაისს – დაიწყო დაუმარცხებელი ,,მილანის“ ისტორია. ხოლო შეხვედრის შემდეგ ,,მილანს“ 43 ქულა გაუხდა, ,,ნაპოლის“ კი 42 დარჩა და მართალია ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულიყო, ჩვენ ზეიმი მაინც დავიწყეთ. ,,ნაპოლიმ“ ამ მარცხის შემდეგ ყურები ჩამოყარა და თავის აქტივს ერთი ქულაც ვეღარ შემატა, ჩვენ კი 45 ქულა მოვაგროვეთ და მეთერთმეტედ გავხდით ჩემპიონები.

წყარო: ხმელი ფოთოლი