ოქროს და ორი ბრინჯაოს სტარტი

508

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი რობერტ კობლიაშვილი (87 კგ) ევროპის ჩემპიონია. რუსეთის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში შეივსო საპრიზო სამეულები. საქართველოს ნაკრებს მონაწილე ხუთივე წონაში ჰყავდა და სამი მათგანი კვარცხლბეკზეც ავიდა. ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

რობერტ კობლიაშვილმა ფინალის გზაზე სამი მეტოქე ჩამოიშორა: ბულგარეთის ნაკრების წევრი ტარეკ მოჰამედი (5:1), შვედი ზაქარიას ბერგი (2:1) და ბელარუსი ნიკიტა კლიმოვიჩი (8:0). საჩემპიონო ბრძოლაში კი რუსეთის წარმომადგენელ ბეკხან ოზდოევს აჯობა – 3:2.

ნუგზარ წურწუმია საქმეში მეოთხედფინალიდან ჩაება და აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლისთან ვერას გახდა (0:9). შემდეგ კი პირდაპირ რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, რუსეთის ნაკრების წევრ ვასილ ტოპოევს დაძაბულ ბრძოლაში მომგებიანი ფრით (6:6) აჯობა და ევროდებიუტი ბრინჯაოთი აღნიშნა.

იაკობ ქაჯაიას ოქროს მედლისკენ მიმავალი გზა ნახევარფინალში ჩაეკეტა, რუს ვიტალი შურთან წაგებით (4:5). იქამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა ესპანელი ხუან მენა (8:0) და უკრაინელი ვლადისლავ ვორონი (9:0) დაჩაგრა. ბრინჯაოს მედლისთვის ქაჯაია ბულგარელ მიროსლავ მეტოდიევს დაუპირისპირდა და ხუთი უპასუხო ქულა აუღო.

თორნიკე ძამაშვილს (77 კგ) საპრიზო სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. წურწუმიას მსგავსად, ისიც პირველად ჩაერთო ევროკონკურენციაში. პირველ შეხვედრაში თურქ სერხან აკოიუნს სძლია (7:5). შემდეგ კი, ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, რუს რომან ვლასოვს გადაეყარა და წააგო (0:4). ვლასოვი ფინალში გავიდა და ქართველი მოჭიდავე “ბრინჯაოს ნახევარფინალში” გადაერთო. მოლდოველი იგორ ბასლეაგა ჩამოიშორა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი ძამაშვილი აზერბაიჯანელ ელვინ მურსალიევთან 2:6 დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ლევან ქავჟარაძე (63 კგ) ევროპირველობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, რუს ზაურ კაბალოევთან წაგებით (4:12). იქამდე ქართველმა მოჭიდავემ აზერბაიჯანელი ტალეჰ მამადოვი გამოთიშა შეჯიბრებას (4:0).

დღეს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამებში გამოვლინდებიან. წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები გუშინ გაიმართა და ხუთი ქართველიდან ფინალური ბლოკის საგზური სამმა მოიპოვა.

შმაგი ბოლქვაძე (67 კგ) ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა სადაც რუსეთის ნაკრების წევრ არტიომ სურკოვს დაუპირისპირდება. დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) და იური ლომაძე (72 კგ) კი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ.

წყარო: worldsport.ge