ქართველები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

915

ქართველი სპორტსმენები ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით ზამთრის ოლიმპიადაზე იმავე წარმატებით ვერ გამოირჩევიან, თუმცა მაინც საინტერესოა რა შედეგები გვაქვს სპორტის ამ სახეობებში.

1956, VII ოლიმპიადა. კორტინა დ”‘ ამპეცო
კობა წაქაძე (70 მ ტრამპლინი) – 30-ე ადგილი

1960, VIII ოლიმპიადა. სკვო-ველი
კობა წაქაძე ( 80 მ ტრამპლინი) – 9


1964, IX ოლიმპიადა. ინსბრუკი
კობა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 27

1972, XI ოლიმპიადა. საპორო
კობა წაქაძე ( 70 მ ტრამპლინი) – 9
კობა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 35

1994, XVII ოლიმპიადა. ლილეჰამერი
ზურაბ ჯიჯიშვილი (სწრაფდაშვება) – 47
კახა ვახტანგიშვილი, ლევან თიბილოვი (ციგაობა) – 17
კახა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 50L
კახა წაქაძე (120 მ ტრამპლინი)-L55
ლევან აბრამიშვილი (სლალომი )- დისკვალიფიკაცია

1998, XVIII ოლიმპიადა. ნაგანო
ზურაბ ჯიჯიშვილი (სამთო კომბინაცია) – 14
სოფიკო ახმეტელი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
ლევან აბრამიშვილი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
კახა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) -L55
კახა წაქაძე (120 მ ტრამპლინი)-59

2002, XIX ოლიმპიადა. სოლტ ლეიკ სიტი
ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა) – 17
სოფიკო ახმეტელი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
რობერტ მახარაშვილი (სლალომი) – დისკვალიფიკაცია
კახა წაქაძე (90 მ ტრამპლინი) – 58
კახა წაქაძე (120 მ ტრამპლინი) – დისკვალიფიკაცია

2006, XX ოლიმპიადა. ტურინი
ელენე გედევანიშვილი (ფიგურული ციგურაობა) – 10
ვახტანგ მურვანიძე (ფიგურული ციგურაობა) – 28
იასონ აბრამაშვილი (გიგანტური სლალომი) – 29
იასონ აბრამაშვილი (სლალომი) – 32

2010, XXI ოლიმპიადა. ვანკუვერი
ელენე გედევანიშვილი (ფიგ. ციგურაობა) – 14
ოთარ ჯაფარიძე, ელისონ რიდი (ფიგ. ციგურაობა) – 22
იასონ აბრამაშვილი (გიგანტ.სლალომი) – 46
ჯაბა გელაშვილი (გიგანტ.სლალომი) – 50
იასონ აბრამაშვილი (სლალომი) – დისკვ.
ჯაბა გელაშვილი (სლალომი) – დისკვ.
ნინო წიკლაური (სლალომი) – 50
ნინო წიკლაური (გიგანტ.სლალომი) – დისკვ.

2010 წლის 12-28 თებერვალს კანადურ ვანკუვერში ზამთრის XXI ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საკონტროლო დაშვებისას ტრაგიკულად დაიღუპა 21 წლის ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი. ამ ამბავმა შეძრა არა მარტო ქართული დელეგაცია და საქართველო, არამედ მთელი ოლიმპიური სამყარო. შეიძლება ითქვას, რომ თეთრი ოლიმპიადა შავებით შეიმოსა და ნოდარ ქუმარიტშვილის სახელს უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ, ვინემ თამაშების ჩემპიონებისას. ნოდარი ერთ-ერთი იყო იმ რვა ქართველ სპორტსმენს შორის, რომელმაც ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა და ეს მოხდა ბოლო მომენტში, როცა თამაშების დაწყებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა. ქართულმა დელეგაციამ მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და უდიდესი ტრაგედიის მიუხედავად, ვანკუვერში დარჩა, რათა ოლიმპიური პრინციპების ერთგული ყოფილიყო და ამით პატივი მიეგო ნოდარის ხსოვნისთვის.

საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისი გუნდითა და დროშით უკვე მეხუთედ მონაწილეობდა ზამთრის თამაშებში. დებიუტი შედგა ლილეჰამერში, 1994 წელს. მერე იყო ნაგანო, სოლტ ლეიკ სიტი და ტურინი. ლილეჰამერში ჩვენი ქვეყანა 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ნაგანოსა და სოლტ ლეიკ სიტის საგზურის მოპოვება 4-4-მა სპორტსმენმა შეძლო, ტურინში კი მხოლოდ 3 ოლიმპიელი გვყავდა. ამ თვალსაზრისით, ვანკუვერის ოლიმპიადა სარეკორდო, მაგრამ საბედისწერო აღმოჩნდა. გასაგები მიზეზების გამო, ოლიმპიურ სტარტზე არ გამოსულა ნოდარ ქუმარიტაშვილის უახლოესი მეგობარი, ასევე მოციგავე ლევან გურეშიძე. დამოუკიდებლობის წლებში ზამთრის ოლიმპიადებზე აქამდე საუკეთესო იყო მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელმაც ტურინში მეათე ადგილი დაიკავა. ცხადია, ვანკუვერში ყველაზე მეტად სწორედ გედევანიშვილის იმედი გვქონდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკელ მწვრთნელთან რობინ ვაგნერთან დაიწყო ვარჯიში და იანვარში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ოლიმპიადამდელი შედეგები, ელენეს გამოცდილება და მზარდი ოსტატობა იმის ერთგვარი წინაპირობად მიგვაჩნდა, რომ ქართველი მოციგურავე მედალოსანთა შორის ალბათ არა, მაგრამ პირველ ათეულში მაინც მოხვდებოდა. თითქოს ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა: ვანკუვერის თამაშების სტარტზე, მოკლე პროგრამაში, ელენემ თავისთვის სარეკორდო ქულები (61,92) მიიღო (ტექნიკისთვის – 35,80, პროგრამული კომპონენტებისთვის – 26,12) და მეცხრე ადგილი ერგო. მაგრამ, მოგეხსენებათ, ფიგურული ციგურაობა სავსეა მოულოდნელობებით და პატარა წაბორძიკებაც კი საბოლოო შედეგზე მძიმედ აისახება. გედევანიშვილს თავისუფალი პროგრამის შესრულებისას რამდენიმე შედარებით მსუბუქი და ერთი სერიოზული შეცდომა მოუვიდა – ყინულზე წაიქცა და შეფასებაც შესაბამისი მიიღო – 93,32 ქულა, რაც მე-17 შედეგი აღმოჩნდა, ჯამურმა 155,24 ქულამ კი ჩვენი მოციგურავე საბოლოოდ მე-14 ადგილზე გაიყვანა.

ვანკუვერში გამგზავრებამდე საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჯაფარიძე ამბობდა, რომ `ოლიმპიადაზე ჩვენი მთავარი იმედი, რა თქმა უნდა, ელენე გედევანიშვილია. ელენემ ძალიან მოუმატა, ნახტომები და სრიალი დახვეწა, დიდი გამოცდილება შეიძინა და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, ახლა ექვსეულზე უნდა ვიფიქროთ.~ მაშინ ექვსეული მართლაც რეალური ჩანდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვანკუვერში `ყველაფერი წესრიგში~ არ იყო და ელენემ წინა თამაშებთან შედარებით ოთხი საფეხურით უკან დაიხია. სხვათა შორის, ვანკუვერის ყინული  არაერთი ფავორიტისთვის ასევე უიღბლო გამოდგა. მაგალითად, ევროპის სამგზის ჩემპიონი, იტალიელი კაროლინა კოსტნერი გედევანიშვილს საკმაოდ ჩამორჩა და მე-19 ადგილზე გავიდა.

ფავორიტობა იმას გულისხმობს, რომ გულშემატკივრები შენგან საუკეთესო შედეგს ელიან, მაგრამ ზოგიერთებისთვის ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება უკვე სერიოზულ წარმატებას ნიშნავს. სწორედ ასე შეფასდა ოთარ ჯაფარიძისა და მისი `გაქართველებული~ ამერიკელი მეწყვილეს ელისონ რიდის შარშანდელი მე-12 ადგილი მოციგურავეთა საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც გერმანიის ქალაქ ობერსდორფში ჩატარდა. ჯაფარიძე-რიდის  ახალშექმნილმა დუეტმა სწორედ ამ შედეგით მოიპოვა ვანკუვერის საგზური, უშუალოდ ოლიმპიადაზე კი 132,32 ქულით ბოლოსწინა 22-ე ადგილზე გავიდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ყინულზე მოცეკვავეთა წყვილმა იასპარეზა, მაშასადამე, ჯაფარიძე-რიდის შედეგი ერთგვარი ორიენტირი იქნება მომავალი ქართველი ფიგურისტებისთვის. სამთო თხილამურობაში ბოლო ასეთი ორიენტირი 1998 წელს, ნაგანოს ოლიმპიადაზე დაწესდა, როცა ზურაბ ჯიჯიშვილმა სამთო კომბინიციაში საკმაოდ მაღალი – მე-14 ადგილი დაიკავა. მომდევნო ოლიმპიადებზე ქართველმა მოთხილამურეებმა ჯიჯიშვილის შედეგის გაუმჯობესება ვერ შეძლეს. ასე მოხდა ვანკუვერშიც: ორგზის ოლიმპიელმა იასონ აბრამაშვილმა გიგანტურ სლალომში მონაწილე 103 სპორტსმენს შორის 46-ე შედეგი აჩვენა, დებიუტანტმა ჯაბა გელაშვილმა კი – 50-ე. რაც შეეხება სლალომს, აქ აბრამაშვილს პირველი ცდის შემდეგ 34-ე პოზიცია ეკავა, მაგრამ მერე ცდისას ტრასა ბოლომდე ვერ გაიარა და უადგილოდ დარჩა. გელაშვილს პირველივე სტარტზე მოეცარა ხელი. რაც შეეხება სამთო მოთხილამურე ქალთა ტურნირში მოასპარეზე 17 წლის ნონო წიკლაურს, მას სლალომში 50-ე ადგილი ერგო, გიგიგანტურ სლალომში კი ფინიშამდე ვერ მიაღწია.