,,რომა” ლიგას თავაწეული ტოვებს

671

 

მადლობა ჯალოროსოს ! დარწმუნებული ვარ ,,რომას” თითოეული ქომაგი ახლა დიდი სიამაყით სავსეა, რადგან ,,რომამ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება თავაწეულმა დატოვა.

ერთი კვირის წინ ენფილდზე თამაშის მსველელობამ სურათი ისე შეიცვალა, რომ წყვილში მცირედი ინტრიგაც აღარ რჩებოდა, თუმცა ,,რომას” ბოლო 10 წუთში გატანილმა ორმა გოლმა გუნდების განმეორებით დაპირისპირებას ინტერესი გარკვეულ დონეზე გაუჩინა.

აი ეს დღეც დადგა, როდესაც ,,რეალის” ფინალური ოპონენტის ვინაობა ცნობილი უნდა გამხდარიყო. ,,ოლიმპიკო” თითქმის სავსე გახლდათ და შეხვედრას 60.000-ზე მეტი ქომაგი დაესწრო. ,,ლივერპულის” ყოფილი ბრაზილიელი ნახევარმცველის ლუკას ლეივას ინიტიატივით, რომელიც ამჟამად ბიანკოჩელესტეს რიგებშია, ინგლისურმა კლუბმა ვარჯიში ,,ლაციოს” ბაზაზე გამართა და მეტიც ინგლისიდან ჩამოსულ სტუმრებს ,,ლაციოს” ტიფოზერიამ ,,რომას” წინააღმდეგ ქომაგობაში კამპანიაც კი გაუწია.

შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში დაიწყო და პირველ ტაიმში გასულმა სამივე გოლმა მხოლოდ საწყისი 25 წუთი მოიცვა. პირველი გოლი რაჯა ნაინგოლანის არაზუსტ ქმედებას მოჰყვა და ამით ფირმინო-მანეს წყვილმა ,,ლივერპული” კიევს კიდევ უფრო მიუახლოვა 0-1 ასისტენტის როლში ბრაზილიელი მოგვევლინა, ხოლო ალისონის კარის ბადე აფრიკელმა შეარხია.

წონასწორობა მალევე აღდგა და ამ მომენტში ,,რომას” უკვე სამი ბურთის გატანა ჭირდებოდა. ჯეიმს მილნერმა კი საკუთარი კარი მეტად კურიოზულად აიღო, როდესაც ელ შაარავის არც თუ ისე ძლიერ ჩაწოდებას ლოვრენმა მოგერიება დაუპირა, ბურთი კი თანაგუნდელს თავში მოარტყა, რამაც ანგარიშის გათანაბრება გამოიწვია 1-1.

10 წუთის შემდეგ ,,ლივერპული” ისევ დაწინაურდა და ამჯერად გოლის ავტორი ძეკომ ,,მოამარაგა”. ორივე გოლი ,,ლივერპულმა” მეტოქის შეცდომას მოაყოლა. ინგლისელები უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ ფინალური შეხვედრაში მონაწილეობის გაფორმებას.

მეორე ტაიმი ,,რომამ” ედინ ძეკოს სწრაფი გოლით დაიწყო და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. ამ ფაქტმა კი მცირედი ინტრიგა კვლავ გააცოცხლა. ,,რომას” წინ 38 წუთი და მეტოქის კარში გასატანი 3 გოლი ჰქონდა იმისთვის, რომ თამაშში დამატებითი დრო  დანიშნულიყო.

,,ლივერპული” შეტევაში აღარ ან ვეღარ მიდიოდა და ბოლო 30 წუთი მთლიანად მათ ნახევარზე მიმდინარეობდა. სანამ ,,რომა” შეხვედრაში მეტოქის კარს მესამედ აიღებდა, ორი მეტად საეჭვო ეპიზოდი ვიხილეთ, როდესაც მატჩის არბიტრ სლოვენიელ დამირ სკომინას მერსესაიდელთა კარში ორი პენალტის დანიშვნა და ,,ლივერპულის” 10 კაცით დატოვება შეეძლო, რაც ,,რომას” ქამბექის შანსებს უფრო გაზრდიდა. საბოლოო ჯამში ,,რომამ” ,,დაჩაგვრის” მიუხედავად იბრძოლა და ლიგას თავაწეული დაემშვიდობა. ,,რომას” დამატებით დრომდე ერთი გოლი დააკლდა და შეხვედრა 4-2 ნაინგოლანის დუბლით დაბოლოვდა.

26 მაისს ფინალური მატჩი კიევში ,,რეალსა” და ,,ლივერპულს” შორის შედგება.