“ვარკეთილში“ არეულობაა: გუნდიდან თითქმის ყველა წავიდა

1077

საქართველოს ჩემპიონატის მესამელიგელ “ვარკეთილში“ არეულობაა. კლუბის პრესსამსახურმა ასეთი განცხადება გაავრცელა:

“გუნდში არსებული ფინანსური პრობლემებისა და ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო, კლუბი დატოვა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამირან ლომსაძემ, მისმა ასისტენტმა გიგი სამადაშვილმა, მენეჯერმა ლაშა ნუკრაძემ, სამწვრთნელო სტაფმა და ასევე ფეხბურთელებმა: ლევან ყურაშვილმა, ბაჩანა მოსაშვილმა, ოთარ ხუციშვილმა, გიორგი ხვედელიძემ, ბექა ქავთარაძემ, გიორგი ბაკურაძემ, გაგა სამადაშვილმა, ლევან მაჭავარიანმა, გიორგი ზუბიაშვილმა, დავით გუჯაბიძემ, დავით ჩიგოევმა, გიორგი ღონღაძემ და ლაშა კოხრეიძემ“.

როგორც ლაშა ნუკრაძისგან შევიტყვეთ, ერაყელმა ბიზნესმენმა ალენ აიოსმა მთავარი მწვრთნელი ლომსაძე გაათავისუფლა არადამაკმაყოფლებელი შედეგების გამო, თუმცა ფეხბურთელებიც და მწვრთნელებიც მიიჩნევენ, რომ ცუდი შედეგების მთავარი მიზეზი ფინანსური დავალიანებებია… ფეხბურთელებმა მხარი დაუჭირეს ლომსაძეს და ოფიციალურად გამოაცხადეს კლუბის დატოვების შესახებ.

ისე, “ვარკეთილი“ შარშან სწორედ ლომსაძის თავკაცობით გადავიდა რეგიონული ლიგიდან ლიგა 3-ში, სადაც 20 გუნდს შორის მე-16 ადგილზეა. 2 მოგება, 2 ფრე და 6 წაგება აქვს.

გამოაცხადეს, რომ ახალი მწვრთნელი დავით მაჩიტიძე იქნება და ხვალ ის ჩაატარებს ვარჯიშს, თუმცა გუნდიდან 13 ფეხბურთელი წავიდა. მეტიც, როგორც ნუკრაძემ გვითხრა, დანარჩენი ფეხბურთელებიც არ აპირებენ ვარჯიშზე გასვლას.

13 მაისს კი ტურის მატჩია: “ვარკეთილმა“ ვანში “სულორთან“ უნდა ითამაშოს.