ნოიერს პრობლემა აქვს! გერმანიის ნაკრები პირველი მეკარის გარეშე?

676

მანუელ ნოიერის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა “კიკერს” ოფიციალურად დაუდასტურა, რომ რეკორდმაისტერის მეკარისთვის ეს სეზონი დამთავრებულია – ნოიერი ვერც ბუნდესლიგის ბოლო ტურში ითამაშებს და ვერც გერმანიის თასის ფინალში.

“სამწუხაროდ, მანუელ ნოიერი არც შტუტგარტთან ითამაშებს და არც გერმანიის თასის ფინალში. ეს უკვე გადაწყვეტილია,” – უთხრა 73 წლის ჰაინკესმა “კიკერს”. შესაბამისად, ცხადია, რომ ბავარიული გრანდის კარს ამ ორ შეხვედრაშიც სვენ ულრაიხი დაიცავს. შეგახსენებთ, რომ ნოიერს სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშია.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი გერმანიის ნაკრებისთვის? წინ ხომ მსოფლიოს ჩემპიონატია!

ჯერჯერობით უცნობია, რას და როგორ გეგმავს გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ნოიერთან მიმართებაში. ბუნდესმწვრთნელს ნათქვამი აქვს, რომ მიუხედავად სათამაშო პრაქტიკისა, მანუს მუნდიალის წინ დაგეგმილ შეკრებაზე მაინც წაიყვანდა, მაგრამ გერმანიის ნაკრების თავკაცის ამ განცხადების შემდეგ რეალობა შეიცვალა – მანუელი მუნდიალის წინ ვერცერთი ოფიციალური მატჩის ჩატარებას ვეღარ ასწრებს.

გერმანელი სპორტული ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ლიოვი ნოიერს შეკრებაზე (23 მაისიდან 7 ივნისამდე) მაინც წაიყვანს. მასთან ერთად, გუნდის გაფართოებულ განაცხადში იქნებიან სხვა მეკარეებიც – მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ბერნდ ლენო და კევინ ტრაპი.

 თავად ნოიერი არც იმას გამორიცხავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მინიმუმ პირველ მატჩებში, სათადარიგოთა სკამზე დაჯდეს – გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე კი ტერ შტეგენი იქნება. 

“ისეთ სიტუაციაში ვარ, რომ გამორიცხული არაფერია. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გერმანიის ნაკრების კარს მუნდიალზე საუკეთესო ფორმაში მყოფი მეკარე უნდა იცავდეს,” – უთხრა ნოიერმა Sport 1-ს ორიოდე დღის წინ.

ფაქტია: მსოფლიოს ჩემპიონატზე უთამაშებელი მეკარის ასპარეზობა ზედმეტად დიდი რისკია, რომელზეც გერმანელები, დიდი ალბათობით, არ წავლენ. თანაც, ბუნდესგუნდს ტერ შტეგენის სახით მეორე მეკარეც უმაღლესი დონის ჰყავს. მართალია, გერმანიის ნაკრები მუნდიალის დაყწებამდე ორ ტესტ-მატჩს გამართავს (2 ივნისს ავსტრიასთან და 8 ივნისს საუდის არაბეთთან), მაგრამ ეს მატჩები ნოიერისთვის სერიოზულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება.

შეგახსენებთ, რომ მანუელმა მსუბუქად ვარჯიში გასული კვირის ბოლოს დაიწყო, მაგრამ სრული დატვირთვით ვარჯიშს ჯერაც ვერ ახერხებს.

 წყარო: popsport.com