ნეიმარს პსჟ-ში დარჩენა არ უნდა !

901

ნეიმარის გარშემო ისევ აურზაურია. დღე ისე არ გავა, რომ ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის შესახებ ახალი ამბავი არ გავრცელდეს – ყველა ეს სიახლე ნეიმარის მადრიდის რეალში გადასვლას მოასწავებს. როგორც ჩანს, პარი სენ-ჟერმენში გატარებული სულ რაღაც ერთი სეზონის შემდეგ, ბრაზილიელს კლუბის შეცვლა მყარად აქვს გადაწყვეტილი და, თანაც, მხოლოდ მადრიდის რეალში სურს კარიერის გაგრძელება.

ფრანგული “ლიბერასიონის” ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის მამამ და მთავარმა მრჩეველმა, ცნობილ აგენტ ფილ ზაჰავის სპეციალური დავალება მისცა. ამ უკანასკნელმა ნეიმარის ტრანსფერზე აქტიურად უნდა იმუშავოს. ფრანგი ჟურნალისტები წერენ, რომ ზაჰავისთვის დავალებების მისაცემად უფროსი ნეიმარი სან პაულოდან პარიზში ჩავიდა.

ინგლისი, ბარსა, იტალია და გერმანია გამორიცხულია

ცნობილია, რომ ზაჰავი ნეიმარის ბარსელონადან პსჟ-ში ტრანსფერშიც მონაწილეობდა – შეგახსენებთ, რომ კატალონიურმა გრანდმა გასულ ზაფხულს ბრაზილიელის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო მიიღო.

“ლიბერასიონის” ცნობით, ნეიმარის მამამ აგენტს კონკრეტული დავალება მისცა: “სელესაოს” მთავარი იმედი არც ინგლისში უნდა წავიდეს და არც ბარსელონაში უნდა დაბრუნდეს. ნეიმარი იტალიაში თამაშის ვარიანტს არც კი განიხილავს, გერმანული ბაიერნი კი ფეხბურთელში ასტრონომიული თანხის გადამხდელი არაა. შესაბამისად, რჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვარიანტი – მადრიდის რეალი!

შეგახსენებთ, რომ ფილ ზაჰავი ახლახან ბაიერნის პოლონელი თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტი გახდა და გერმანელი ჟურნალისტები მიზეზად სწორედ იმას ასახელებენ, რომ ლევანდოვსკისაც რეალში გადასვლა სურს. ზაჰავის “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

წყარო: popsport.com