გიორგი დევდარიანის ხმაურიანი სიმართლე: “მთავარია, იაფი ღირდე და ხმას არ იღებდე“

1089

“გამოვიდეს ეს ხალხი და თქვას, რას აკეთებენ ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან გადახდილი ფულით. რაში მოიხმარეს ეს ფული კლუბებმა, განვითარების რა გეგმა დასახეს?“ – ეს გიორგი დევდარიანის სიტყვებია. გიორგი შარშან დეკემბერში გაათავისუფლეს თბილისის “ლოკომოტივიდან“ და მას შემდეგ უმუშევარია.

45 წლის სპეციალისტს პროლიცენზიაც აქვს და გამოცდილებაც არ დაეწუნება. დევდარიანი ქართულ საფეხბურთო სივრცეში პირდაპირობითაც გამოირჩევა. ამჯერადაც უშუალოდ ისაუბრა ჩვენთან – “დღეს ქართულ კლუბებში უნდათ ისეთები, რომლებიც იაფად იმუშავებენ და ხმას არ ამოიღებენ. იმიტომაც ვართ კარგ დღეში“.

ინტერვიუ კი ამ კითხვით დავიწყეთ:

-“ლოკომოტივიდან“ წასვლის შემდეგ არსად აღარ გიმუშავიათ. არ გქონიათ წინადადებები? 

-კლუბებისგან არანაირი. სჭირდებათ ჩემნაირი მწვრთნელი? დღეს კლუბებში ისეთი მენეჯმენტია, უბრალოდ, ისეთი სიტუაციაა და ისეთი ხალხი მუშაობს, სატირალია. რომ ჰკითხოთ, რა გეგმა აქვთ, მაქსიმუმ ორი კლუბი თუ გაგცემთ პასუხს. არადა, უმუშევრობა ცუდად მხდის და ვატყობ, დეპრესიისკენ მივდივარ. ჯერ ის ვთქვათ, რატომ გამიშვეს “ლოკომოტივიდან“: არ ვიცი, რას მერჩოდნენ. ტელეფონზე დამირეკა ლექსო თოფურიამ და მითხრა, რა ფინანსური მოთხოვნებიც გაქვს, ვეღარ შევასრულებ და უცხოურ შეკრებასაც ვერ გავივლითო. მხოლოდ დარეკვა, სხვა არაფერი. შეხვედრითაც არავის შევხვედრილვარ. გული მიკვდება, ახლა რომ ვუყურებ, თამაშს ვერ იგებენ, ბოლო ადგილზე არიან და პერსპექტივაც არაა.

-“ლოკომოტივმა“ მშვენივრად დაიწყო შარშანდელი სეზონი და ზაფხულის შესვენებისთვისაც სამეულში იყო. სეზონის მეორე ნახევარი კი ჩავარდა. რატომ?

პირველი ნახევრის მერე ტესტები ჩავატარეთ გუნდში და ფეხბურთელების მონაცემები რომ ვნახე, მაშინვე ვუთხარი ხელმძღვანელობას, საჭიროა შეკრება და კარგი მომზადება, თორემ სეზონის მეორე ნახევარში შედეგი გაუარესდება-მეთქი. იმიტომ დავხარჯე დრო, ენერგია და ფული, რომ ესენი მესწავლა. ჰაერზე კი არ ვლაპარაკობდი. ბოლო ტურებში უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ ფეხბურელები ფიზიკურად არ გვყავდა და 19-წლამდელებიდან, თუ დუბლებიდან ვამატებდით. ისინი კი მზად არ იყვნენ ეროვნული ლიგისთვის. საბოლოოდ, გამიშვეს. ვის რაში წაადგა ჩემი გაშვება?

-არავის. მაგრამ მეორე საკითხია, თუ ფინანსურად ვერ აუდიოდა კლუბი თქვენს მოთხოვნებს…

-ესეც დაეთვალათ. დიახ, მაღალხელფასიანი ვიყავი, მაგრამ თამაშის მოგებიდან ფული ხომ შემოსდიოდა კლუბს?! რა ხელფასსაც ვიღებდი, იმაზე სამჯერ მეტ მოგებას ნახულობდა “ლოკომოტივი“. ეს იმიტომ, რომ საშუალოდ თვეში ოთხიდან ორ თამაშს ვიგებდით.

-ყველაფერს მივყავართ იქით, რომ კლუბები მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის იმედად არიან და დამატებით არაფერს ქმნიან.

-სად მიდის თქვენი, ჩემი, ჩვეულებრივი მოქალაქეების გადახდილი ფული?! ვითარდება მათთან ფეხბურთი? გამოვიდეს იგივე “ლოკომოტივი“ და თქვას. კონტრაქტი როცა ფორმდება, როგორც იცით, ორივე მხარე ვალდებულია შეასრულოს პუნქტები. მე პირნათლად შევასრულე.

წინა წელს ჟერარდ სარაგოსას ხელში “ლოკო“ კინაღამ გავარდა. ჩვენ ზედა ხუთეულში უნდა ვყოფილიყავით. ხუთეულში კი არა, უფრო ზემოთაც ვტრიალებდით. “დინამოს“ ორჯერ მოვუგეთ. არცერთ ვარჯიშზე მოუმზადებელი არ მივსულვარ… მერე, როგორც გითხარით, ზაფხულში ნორმალური შეკრება არ ყოფილა, გუნდი საკადრისად ვერ მოემზადა და იმიტომ გაცუდდა შედეგი. მე პირნათლად შევასრულე, თვითონ არ გააკეთეს გასაკეთებელი და გამიშვეს. ყველაფერი ჩალითაა დაფარული. ვის რაში სჭირდება მცოდნე და პრინციპული? მთავარია, დათანხმდეს დაბალ ხელფასს და ხმა არ ამოიღოს, იოლად იმართებოდეს.

-ასაკობრივ ნაკრებებს წვრთნიდით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან არ შეგხმიანებიან ნაკრებში მუშაობაზე?

-ასაკობრივ ნაკრებებში, ვნახოთ, არის ინტერესი. სიახლე ისაა, რომ ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილს შევხვდები.

Adjarasport.com