ჩაწყობილი მუნდიალი ? პლატინის საინტერესო განცხადება

1157

უეფას ყოფილმა პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ჟურნალისტებს უამბო, რომ საფრანგეთში ჩატარებული მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ბადე განგებ ისე შეადგინეს, რომ საფრანგეთი და ბრაზილია ერთმანეთს ფინალამდე არ შეხვედროდნენ. მაშინ პლატინი მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის ერთერთი ხელმძღვანელი იყო.

“მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ბადის შედგენისას პატარა ტრიუკი გამოვიყენეთ. თუ საფრანგეთი თავის ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებდა, ხოლო ბრაზილია – თავის ჯგუფში, ერთმანეთს ფინალამდე არ შევხვდებოდით.

როდესაც საკუთარ კედლებში გიწევს თამაში, ასეთი შესაძლებლობა უნდა გამოიყენო. მსოფლიოს ჩემპიონატის ორგანიზებას 6 წელი იმისთვის არ მოვანდომეთ, რომ პატარა ტრიუკზე უარი გვეთქვა. გგონიათ, სხვები იმავეს არ აკეთებენ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისას? საფრანგეთისა და ბრაზილიის ნაკრებების ფინალი ყველასთვის საოცნებო იყო.

ყველაფერი მარტივად იყო. თუკი საფრანგეთი А ჯგუფში, ხოლო ბრაზილია.. არ მახსოვს, L თუ F ჯგუფში… მოკლედ, თუ გუნდები საკუთარ ჯგუფებში პირველ ადგილებს დაიკავებდნენ, მათი გზები ნაადრევად არ გადაიკვეთებოდა”, – აქვეყნებს პლატინის ნათქვამს France Bleu.

მართლაც, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე მასპინძლებმა С ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, სამხრეთამერიკელებმა კი А ჯგუფს ულიდერეს და ტურნირის ფინალში ერთმანეთს საფრანგეთი და ბრაზილია დაუპირისპირდნენ. “სტად დე პრენსზე” ზინედინ ზიდანის დუბლითა და ემანუელ პეტის გოლით გამარჯვება საფრანგეთის ნაკრებმა მოიპოვა (3:0) და ისტორიაში პირველად გახდა მუნდიალის გამარჯვებული.

მიშელ პლატინი უეფას პრეზიდენტი 2007 წელს გახდა და ორგანიზაციას 2015 წლამდე ხელმძღვანელობდა.

62 წლის ფუნქციონერი თანამდებობიდან ფიფას ეთიკის კომიტეტის საარბიტრაჟო პალატამ გადააყენა.

წყარო: popsport.com