არსენალი ახალ მწვრთნელს ამ კვირაში წარადგენს

338

უნაი ემერი არსენალის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება – ამის შესახებ ერთბაშად რამდენიმე ბრიტანული გამოცემა წერს, მათ შორის ავტორიტეტული BBC, Guardian და Telegraph.

ამ თანამდებობაზე კარგა ხნის განმავლობაში ფავორიტად მიკელ არტეტა სახელდებოდა, რომელიც ამ დრომდე პეპ გვარდიოლას თანაშემწედ მუშაობს მანჩესტერ სიტიში, მაგრამ როგორც ირკვევა, ყველა კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ, “მეთოფეთა” ხელმძღვანელებმა ერთხმად არჩევანი ემერის სასარგებლოდ შეაჩერეს.

კონტრაქტის დეტალების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან, თუმცა მედიის ცნობით, მწვრთნელის ოფიციალური წარდგენა ამ კვირაშივე გაიმართება.

46 წლის ესპანელი სპეციალისტი უმუშევარი ამ სეზონის დასასრულს გახდა, როდესაც პარი სენ-ჟერმენი დატოვა. უნაიმ ფრანგულ კლუბში ორი სეზონი გაატარა, ერთხელ მოიგო ლიგა 1, ორ-ორჯერ საფრანგეთის თასი, საფრანგეთის ლიგის თასი და საფრანგეთის სუპერთასი.

მანამდე უნაი ემერიმ სევილიას ევროპალიგა ზედიზედ მოაგებინა – 2013/14, 2014/15 და 2015/16 წლებში. ამას გარდა, მწვრთნელს უმუშავია მოსკოვის სპარტაკში, ვალენსიაში, ალმერიასა და ლორკა დეპორტივაში.

ლონდონის არსენალი მთავარი მწვრთნელის გარეშე თანამდებობიდან არსენ ვენგერის წასვლის შემდეგ დარჩა, რომელიც გუნდში 22 წლის განმავლობაში მუშაობდა.

“მეთოფეებმა” 2017/18 წლების სეზონი 63 ქულით, მე-6 ადგილზე დაასრულა და მომავალ სეზონში ევროპალიგაზე იასპარეზებს.

წყარო: popsport.com