ნაკრებში სიახლეებია

414

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.  ქართველი ფეხბურთელები, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით,  ავსტრიაში მდებარე დაბა ბად ჰერინგში 26 მაისიდან შეიკრიბებიან. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის 26 მოთამაშისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა.

ეროვნულ ნაკრებში პირველად თამაშის შანსი ეძლევა, დონეცკის “ოლიმპიკის“ მეკარეს ზაურ მახარაძეს. უკრაინული კლუბის 25 წლის წევრმა, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და გუნდთნ ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იქნება. აგრეთვე  ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ  ბექა ვაჩიბერაძეს (“რიგასი”, ლატვია), გიორგი ბერიძეს (“ტრენჩინი”, სლოვაკეთი) და საქართველოს ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე, თბილისის “დინამოს” წევრს ლევან ხარაბაძეს.

მნიშვნელოვანი საკლუბო შეხვედრების გამო, კლუბსა და ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შორის არსებული კომუნიკაციის საფუძველზე, ავსტრიასა და ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კაკაბაძე.

სავარაუდოდ,  ლუქსემბურგთან თამაშის შესაძლებლობა ექნება უნგრეთის ჩემპიონატში მოასპარეზე ბაჩანა არაბულს.  ასევე მალტასთან, ავსტრიაში ჩასატარებელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა ჯიღაური. სამივე მოთამაშე ნაკრებს ლუქსემბურგში შეურთდება. ამხანაგურ მატჩებს, ტრავმების გამო აგრეთვე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოტოვებს.

საქართველო-მალტას შეხვედრა, ავსტრიის ქალაქ შვაცში 1 ივნისს შედგება, 3 ივნისს, საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში გადაინაცვლებს. ლუქსემბურგისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება, 5 ივნისს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგურ მატჩებში:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (“რიუ ავე”,პორტუგალია), როინ კვასხვაძე (“ტორპედო”, ქუთაისი), ზაურ მახარაძე (“ოლიმპიკი”, დონეცკი)

მცველები: გურამ კაშია (“ვიტესი”, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (“ორდაბასი”, ყაზახეთი), ლევან გეგეჭკორი (“რუსთავი”,რუსთავი) სოლომონ კვერკველია (“ლოკომოტივი”, მოსკოვი), დავით ხოჭოლავა (“შახტარი”, დონეცკი), ლაშა დვალი (“პოგონი”, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (“სკა-ენერგია”, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (“რიგასი”, ლატვია), ლევან ხარაბაძე (“დინამო”, თბილისი).

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი (ორივე “ტობოლი”, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (“სევილია”, ესპანეთი), ოთარ კიტეიშვილი (“დინამო”, თბილისი), ვაკო გვილია (“ლუცერნი”, შვეიცარია), ბექა  ვაჩიბერაძე (“რიგასი”, ლატვია), საბა ლობჟანიძე (“რანდერსი”, დანია), გიორგი ბერიძე (“ტრენჩინი”, სლოვაკეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (“გენტი”, ბელგია), ვახტანგ ჭანტურიშვილი  (“სპარტაკი”, ტრნავა, სლოვაკეთი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (“კორონა”, პოლონეთი), ბუდუ ზივზივაძე (“დინამო”, თბილისი), ლადო დვალიშვილი (“ჰაპოელ აშქელონი”, ისრაელი), ბაჩანა არაბული (“ბალმაზუივაროში”, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრები, წლის პირველ ოფიციალურ მატჩს 6 სექტემბერს ჩაატარებს. ყაზახეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება, უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი შეხვედრა იქნება. აღნიშნული შეხვედრა ასტანაში შედგება.

წყარო: adjarasport.com