ტოჩინოშინის ათიდან ათი! ოძეკობისთვის ეს საკმარისი უნდა იყოს!

920

ზაფხულის ბაშოს მე-10 დღეს აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) მე-4 მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

ათიდან ათი მოგება ასეთია ბაშოს ქართველი ერთპიროვნული ლიდერის ბალანსი!

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-5 მაეგაშირა კოტოშოგიკუ იქნება. წესით, ეს ათი გამარჯვება ლევან გორგაძეს ოძეკის რანგის მისაღებად უნდა ეყოს, თუმცა ამ გადაწყვეტილებას სუმოს ასოციაცია მიიღებს.

34 წლის კოტოშოგიკუ ყოფილი ოძეკია, ის ამ ტიტულს 2011-2017 წლებში ფლობდა. ერთხელ იმპერატორის თასიც აქვს მოგებული და ლევანს ურთიერთშეხვედრებში 24:7-ს უგებს. მაგრამ ტოჩინოშინმა 2018 წელს ორივე ორთაბრძოლა მოუგო ვეტერანს.

ტოჩინოშინი ლიდერია, თუმცა მას ორივე მონღოლი დიდი ჩემპიონი კვალში უდგას. კაკურიუმ ჰატაკიკომის ილეთით მოუგო კოტოშოგიკუს, ჰაკუჰოს არ გასჭირვებია ტრავმამოშუშებული შოტა ენდოს დამარცხება ოკურიდაშის ილეთით.

ოძეკის ტიტული გაინაღდა?

ტოჩინოშინმა ამ მოგებით ბოლო სამ ბაშოზე 34 გამარჯვებას მიაღწია (14 იანვარში, 10 მარტში, 10 მაისში) – ტრადიციულად, ოძეკის რანგში ასასვლელად 33 მოგება საკმარისია, ოღონდ, თითოეულ ბაშოზე მინიმუმ 10 მოგება უნდა დაფიქსირდეს.

ბაშოს დაწყების წინ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ქართველი სუმოისტი ოძეკის ტიტულის მისაღებად იბრძოლებდა. ასე რომ, წესით, მან ეს რანგში მომატება უკვე დაიმსახურა.

ოძეკი ანუ ჩემპიონი სუმოს იერარქიაში მეორე რანგია იოკოძუნას (დიდი ჩემპიონი) შემდეგ.

სატურნირო მდგომარეობა

10-0

ტოჩინოშინი (სეკივაკე)

9-1

კაკურიუ (იოკოძუნა)

ჰაკუჰო (იოკოძუნა)

8-2

ჩიონოკუნი (მაეგაშირა 11)

7-3

მიტაკეუმი (კომუსბი)

იკიოი (მაეგაშირა 5)

დაიშომარუ (მაეგაშირა 9)

კიოკუტაიესი (მაეგაშირა 15)

მიოგირიუ (მაეგაშირა 16)

ნიშიკიგი (მაეგაშირა 17)

გაგამარუს მაკე-კოში

ძურიოს დივიზიონში სამწუხაროდ, უარყოფითი ბალანსი გაიფორმა მე-2 ნომერმა გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი). მან მორიგი ორთაბრძოლა დათმო სეიროსთან იორიკირის ილეთით და 2-8 ბალანსი გაუხდა. ქართველი სუმოისტი რეიტინგში აუცილებლად დაქვეითდება, მისი მომდევნო მეტოქე უმაღლესი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი კიოკუტაიესი იქნება.

წყარო: popsport.com