ბეილის “ტოტენჰემში” დაბრუნებას მხოლოდ ერთი საკითხი უშლის ხელს

626

მადრიდის “რეალის“ შემტევმა გარეთ ბეილმა, შესაძლოა, საკლუბო ადგილსამყოფელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიცვალოს.

როგორც Calciomercato იუწყება, გამორიცხული არ არის, უელსელი მოთამაშე ლონდონის “ტოტენჰემში“ დაბრუნდეს – კლუბში, რომლიდანაც “სამეფო კლუბმა“ იგი 2013 წელს, რეკორდულ სატრანსფერო ფასად გადაიბირა. “სანტიაგო ბერნაბეუზე“ ბეილს დროდადრო კარგი პერიოდები კი ჰქონდა, თუმცა მთლიანობაში, უელსელის მნიშვნელოვა თანდათანობით მცირდება. ესპანური ლა ლიგის 2017/18 სეზონში მან “რეალის“ მაისურით მხოლოდ 26-ჯერ ითამაშა: მინდორზე გატარებული დროის ფონზე, 16 გოლი და ორი ასისტი, არცთუ ცუდი შედეგია, მაგრამ ისეთიც ვერ არის, მისგან რომ, გულშემატკივარი ისურვებდა.

წყარო ირწმუნება, რომ ინგლისურ და ესპანურ კლუბებს შორის მოლაპარაკებების პროცესში ერთადერთ დაბრკოლებად “რეალის“ მიერ მოთხოვნილი 80 მილიონი ევრო მოსჩანს – მაურისიო პოჩეტინოს გუნდი, ვარსკვლავური მოთამაშის დასაბრუნებლად ამ ეტაპზე მხოლოდ 50 მილიონს ჩამოდის.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელისთვის დიდი ხანია იბრძვის “მანჩესტერ იუნაიტედი“, თუმცა სავარაუდოა, რომ ბეილს, ინგლისში ყველაზე მეტად, გული “ტოტენჰემისკენ“ უნდა მიუწევდეს.