დავით ქევხიშვილი – ჩემი სკამი ისედაც გაფუჭებული იყო და შეცვლას ვაპირებდი

391

“სკამს ნაკლებად მივტირი, ისედაც გაფუჭებული იყო და შეცვლას ვაპირებდი“, – აცხადებს ძიუდოს ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, რომლის კაბინეტიდან ძიუდოისტებმა სკამი გამოიტანეს და კაბინეტის კარი აუჭედეს.

მისი თქმით, სპორტსმენების მოთხოვნა მის გადადგომაზე უსაფუძვლოა.

“აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ დავით ქევხიშვილი დავიცვა და სკამს ჩავებღაუჭო. ზოგადად ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს სჭირდება დაცვა. ეს პირველად არ ხდება და ჩვენ სამწუხაროდ დავდივართ ერთ წრეზე. ეს ხდებოდა 2009 წელს, ეს ხდებოდა ადრეც და მე, ბუნებრივია, მაქვს ვალდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამირჩია“, – განაცხადა დავით ქევხიშვილმა გადაცემაში „პირისპირ“.

დღეს ძიუდოისტების ნაწილმა ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტის კარი აჭედა. დავით ქევხიშვილის სავარძელი, რომელიც ძიუდოისტებმა მისი კაბინეტიდან გაიტანეს და ქუჩაში ნაგვის ურნასთან დატოვეს, გამვლელმა წაიღო.

სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ.

თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა. ძიუდოს ფედერაციაში არსებული სიტუაციის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელმაც პირველი შეხვედრა უკვე გამართა.