“ვიტესი” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება” – გურამ კაშია ჰოლანდიას ტოვებს?

923

საქართველოს ნაკრების მცველი გურამ კაშია “ვიტესს” ტოვებს. ამის შესახებ ჰოლანდიური მედია ბოლო პერიოდში აქტიურად წერს. აღნიშნული ინფორმაცია თითქმის დაადასტურა თავად გურამმაც, რომელიც ამბობს, რომ ახლა მის კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყებად საუკეთესო და თანაც, ბოლო შანსია.

“კლუბთან აუცილებლად უნდა ვისაუბრო. 31 წლის ვარ და ალბათ ეს კარგი მომენტია ახალი თავგადასავლის დასაწყებად. “ვიტესთან” ერთად განსაკუთრებული წლები გავატარე. ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და დიდი გამოცდილება მივიღე. განსაკუთრებული იყო ჰოლანდიის თასის მოგება, მაგრამ ამასთან სამჯერ გავიმარჯვეთ ერედივიზიონის პლეი-ოფში.

ფეხბურთელის კარიერა ხანგრძლივი არაა. “ვიტესში” რვა წელია ვთამაშობ და ვფიქრობ, რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ბოლო შანსია ახალი მოგზაურობის დასაწყებად. თუ გუნდიდან წავალ, ეს არ იქნება ფულის გამო. თუმცა იქნება, ახალი კულტურის, განსხვავებული ცხოვრების დასაწყებად. მომწონს, როდესაც ახალ ადამიანებს ვეცნობი. ამ საკითხზე ჯერ ოჯახთან და შემდეგ კლუბთან დავილაპარაკებ.

რომც წავიდე, “ვიტესი” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. ჩემი კარიერა ამ გუნდს მივუძღვენი და მანაც ყველაფერი მომცა. მომცა საშუალება ვყოფილიყავი ის, რაც ახლა ვარ. თუ “ვიტესიდან” წავალ, სიყვარული არ დასრულდება და იმედია, დაბრუნების შანსიც მომეცემა”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს Vitesse.org-ი.

შეგახსენებთ, გურამ კაშია არნემის “ვიტესს” 2010 წელს შეუერთდა და დებიუტი “ბრედასთან” მატჩში ჰქონდა. მას შემდეგ ქართველი მცველი ჰოლანდიური კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა. სწორედ ის გახდა “ვიტესის” ისტორიაში პირველი კაპიტანი, რომელმაც ტიტული მოიგო – ჰოლანდიის თასი 2017 წელს.

ამასთან, გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშა. ევროპა ლიგის საგზური გუნდმა ახლაც მოიპოვა, მაგრამ შესაძლოა, იქ გურამის გარეშე ითამაშოს. და ბოლოს, კაშია “ვიტესის” რეკორდსმენია ერედივიზიონში ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 244 თამაში (20 გოლი).