იაია ტურე: “მზად ვარ, “მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ ვითამაშო!“

504

“მანჩესტერ სიტის“ ყოფილი შუახაზელი იაია ტურე არ გამორიცხავს ყოფილი კლუბის მეზობლად, “მანჩესტერ იუნაიტედში“ გადაბარგებას.

2017/18 სეზონის დასრულების მერე, 35 წლის ვეტერან მოთამაშეს პეპ გვარდიოლას გუნდმა არ შესთავაზა ახალი კონტრაქტი. იაია თავისუფალი აგენტი გახდა და ახლა, საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მას თვითონ, დამოუკიდებლად შეუძლია.

კოტდივუარელმა უკვე იცის, რომ ზაფხულში “იუნაიტედი“ კარიერადამთავრებული მაიკლ კერიკის შემცვლელით გაძლიერებას აპირებს. ტურე არ გამორიცხავს, რომ “ოლდ ტრაფორდზე“ ინგლისელის ადგილი სწორედ მან დაიკავოს.

“მან ახლახანს დაასრულა კარიერა, ამიტომ ვნახოთ, რა მოხდება. არ გამოვრიცხავ, რომ TOP გუნდისთვის ვითამაშო. მომწონს დიდი გუნდები და დიდი ამბიციები. 

წავალ იქ, სადაც თასებისთვის და ტიტულებისთვის ვიბრძოლებ. დიახ, ძნელი იქნება “სიტის“ წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ასე უნდა მოვიქცე. სხვა თუ არაფერი, ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია. 

იმედი მაქვს, უმაღლეს დონეზე თამაშს გავაგრძელებ – იქნება ეს ჩემპიონთა ლიგაში, თუ ევროპა ლიგაში. მინდა, ფეხბურთში დავრჩე კიდევ მინიმუმ ორი წელი,“ – განაცხადა ტურემ Sky Sports-თან ინტერვიუში.

adjarasport