ფიფა ახალ სკანდალში გაეხვა – ყატარის გამარჯვება “აბსოლუტურად არალეგიტიმურია”

2979

ფიფას ხელმძღვანელობას ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით ახალი გამოძიების ჩატარება მოუწევს. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ ახალი სამხილები მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ფეხბურთის მმართველ ორგანოში უდიდესი კორუფციაა გამეფებული და ყატარისთვის მუნდიალის მასპინძლობის მინიჭება ამის იდეალური დადასტურება იყო.

„The Foundation for Sports Integrity“-მა გამოძიების შედეგად განაცხადა, რომ ყატარისთვის მასპინძლობის უფლების მინიჭება აბსოლუტურად არალეგიტიმური მოვლენა გახლდათ. მათი ინფორმაციით ყატარმა ფიფას აღმასრულებელ კომიტეტს ტურნირის მასპინძლობის უფლების სანაცვლოდ მილიონობით დოლარი გადაუხადა.

“The Sun“-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ჩანს, რომ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, ხულიო გრონდონამ შვეიცარიული ბანკის ანგარიშზე 3.6 მილიონი ევრო მიიღო. ფული ხმის მიცემამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაირიცხა, რაც ეჭვს უდავოდ ბადებს. ინგლისური გაზეთის ინფორმაციით ყატარმა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ვალიც გაისტუმრა, რომელიც ‘The sun”-ის ინფორმაციით დაახლოებით 50 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

“The Foundation for Sports Integrity”-მა ასევე „Qatar Airways“-ს და ფრანგულ „Airbus“-ს შორის გაფორმებული 1.1 მილიარდიანი ხელშეკურელებაც გაასაჯაროა, რასაც ხმის მიცემამდე რამდენიმე კვირით ადრე ყატარის წარმომადგენლებისა და მაშინდელი საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის და უეფას ყოფილი მმართველის მიშელ პლატინის შორის შემდეგარი მოლაპარაკებები მოჰყვა. ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთმა, ყატარის კანდიდატურას ხმა სწორედ ამის შემდეგ მისცა.

დოკუმენტაციის მიხედვით კორუფციაში ტაილანდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც გაეხვა, რომელმაც ყატარელებთან მულტიმილიონიანი ხელშეკრულების გაფორმების და 2 მილიონი ტონა ბუნებრივი გაზის მიღების შემდეგ ხმა არაბულ ქვეყანას მისცა.

The Foundation for Sports Integrity-ის მოხსენებაში ვკითხულობთ: „2022 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლების ყატარისთვის გადაცემა ფიფას კორუფციული საქმიანობის იდეალური გამოვლინებაა. მიგვაჩნია, რომ 2010 წლის გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ყატარმა ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის უმრავლესობა მოისყიდა და წარმატებას ასე მიაღწია“.

„ყატარის გამარჯვება აბსოლუტურად არალეგიტიმურია”.

ფეხბურთის მმართველი ორგანო წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა განხორციელებული ზეწოლის გამო დიდი ალბათობით იძულებული გახდება ობიექტური გამოძიება ჩაატაროს.

ყატარი კანდიდატთა რეიტინგში მხოლოდ მეცხრე ადგილს იკავებდა და საკმაოდ რთული იმ კრიტერიუმების დადგენა, რომლებმაც იგი დანარჩენ რვა ქვეყანაზე მაღლა დააყენა.

ყატარს არც საფეხბურთო ტურნირების მასპინძლობის გამოცდილება აქვს და ხელს არც კლიმატი უწყობს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს მონაწილე გუნდების 32-დან 48-მდე გაზრდა სურს.

crystalsport