ვინ რა თქვა რეალიდან ზინედინ ზიდანის წასვლაზე

484

გუშინ, 31 მაისს, მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა საგანაგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა. ფრანგი სპეციალისტის გადაწყვეტილებას რეალის ფეხბურთელები უმალ გამოეხმაურნენ.

რეალის კაპიტანი სერხიო რამოსი ზიდანს ასე დაემშვიდობა: “როგორც ფეხბურთელმა, ისე მწვრთნელმა, მწვერვალში მყოფმა გადაწყვიტეთ დამშვიდობება. მადლობა 2,5 არაჩვეულებრივი წლისთვის. თქვენი ღვაწლი არასდროს დაიკარგება. ის ჩვენი საყვარელი რეალის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფურცლად ჩაიწერება”.

კომენტარი ინსტაგრამში გააკეთა კრიშტიანო რონალდომ: “უბრალოდ, ამაყი ვარ, რომ ვიყავი შენი ფეხბურთელი. მისტერ, დიდი მადლობა”.

რეალის მცველი მარსელო აღიარებს, რომ ზიდანი მისთვის განსაკუთრებული მწვრთნელი იყო: “მისტერ ზიზუ, თქვენგან ბევრი ვისწავლე. მე, როგორც პატარა ბიჭი, სიამოვნებას ვიღებდი თქვენთან წვრთნის თითოეული პროცესით, თითოეული რჩევით. თქვენ ჩემთვის განსაკუთრებული ხართ. გაწეული სამუშაოს, თავდადების, ჟინისა და რა თქმა უნდა, თქვენი თავმდაბლობის წყალობით, ისტორიაში შეაბიჯეთ! გმადლობთ, მისტერ!”

რეალის ნახევარმცველი ტონი კროოსი: “გმადლობთ, მისტერ! სასიამოვნო იყო (თქვენთან მუშაობა)!”

კომენტარი გააკეთა რეალის ნახევარმცელმა კაზემირომ: “სიტყვები არ მყოფნის, რათა მადლობა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, რაც ჩემთვისა და რეალისთვის გააკეთეთ. საამაყო და პრივილეგიაა, მწვრთნელად გყავდეს შენი კუმირი”

რეალის ნახევარცველმა ისკომ ინსტაგრამში დაწერა: “უდიდესი პატივი იყო თქვენთან მუშაობა, სწავლა ყოველდღიურად და ერთად ტიტულების მოგება. თქვენ ეს გუნდი მართლაც ისტორიული გახადეთ”.

ზიდანის რეალიდან წასვლას თავისებური იუმორით გამოეხმაურა სანკტ პეტერბურგის ზენიტი, რომელმაც თავის ტვიტერზე დაწერა: “შოკირებული ვართ რეალიდან ზიდანის წასვლის გამო. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენ დავასწარით და უკვე დავნიშნეთ სერგეი სემაკი. ასე რომ, რეალო, ხელები შორს!”.

ზინედინ ზიდანი რეალის მთავარ მწვრთნელად 2016 წლის დასაწყისში დაინიშნა. ფრანგმა სპეციალისტმა გუნდს ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგაში გაამარჯვებინა, თითოჯერ – ლა ლიგასა (2016/17) და ესპანეთის სუპერ თასზე (2017). ზიდანის რეალმა ჯამში 9 ტიტული მოიგო.

წყარო: popsport.com