ზიდანი ყატარის ნაკრებში? – ეგვიპტელი ბიზნესმენის საოცარი შეთავაზება

704

საფეხბურთო კლუბ მადრიდის ”რეალის” ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი შესაძლოა ყატარის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს. მაშინ როცა ”სამეფო კლუბი” გუნდიდან წასული ფრანგის შემცვლელის ძიებაშია, ეგვიპტელი ბიზნესმენი ნაგიბ სავირისი ზიდანს ოთხწლიან კონტრაქტში ხელფასის სახით ყოველწლიურად 50 მილიონ ევროს სთავაზობს, საერთო ჯამში კი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი 200 მილიონ ევროს მიიღებს.

სავირისმა ზიდანთან დაკავშირებით twitter-ზე დაწერა: ‘‘ზიდანი შეუერთდება ყატარის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის. 50 მილიონი ყოველწლიურად.”

მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი ყატარში გაიმართება. ეგვიპტელ ბიზნესმენს სურს ზიდანის ხელმძღვანელობით ყატარის ეროვნული გუნდი მუნდიალს კარგად მომზადებული შეხვდეს. ყატარის ეროვნული ნაკრების გარდა ზიდანთან დაკავშირებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის შესაძლოა გახდეს საფრანგეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ან ყოფილ კლუბ ტურინის ”იუვენტუსს” ჩაუდგეს სათავეში.

შეგახსენებთ, 45 წლის ზიდანმა რაფაელ ბენიტესის წასვლის შემდეგ 2016 წლის იანვარში დაიკავა ”რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი. ზიდანის ხელმძღვანელობით მადრიდულმა გრანდმა 149 მატჩი ჩაატარა. მათგან 104 შეხვედრა ”სამეფო კლუბის” გამარჯვებით დასრულდა, 29 თამაში კი – ფრედ. ზიდანის ხელმძღვანელობით კლუბმა 9 ტიტული მოიგო, მათ შორის სამი ჩემპიონთა ლიგის თასი.

1 მაისს საფეხბურთო კლუბ მადრიდის ”რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პოსტი დატოვა. ფრანგმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.