მალტა – საქართველო ისტორიული ექსკურსი

694

რამდენიმე საათი დარჩა საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი მატჩის დაწყებამდე. ვლადიმირ ვაისის გუნდი მალტასთან მოგებას შეეცდება, ხოლო 5 ივნისს, როგორც იცით, მეორე ამხანაგური მატჩი ელის ლუქსემბურგთან.

საქართველო-მალტა დღეს 21:00 საათზე, ავსტრიის პატარა ქალაქ შვაცის სტადიონზე (3100 მაყურებელს იტევს) გაიმართება, პირდაპირ რეპორტაჟს კი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველი არხი გადასცემს.

ბოლო დანაკლისი: მალტასთან დაგვაკლდება გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს.  არ იქნებიან ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი, რომლებსაც გუშინ ყაზახეთის ტურის მატჩები ჰქონდათ, ისინი ლუქსემბურგთან ითამაშებენ. კიდევ არაერთი მოთამაშე გვაკლია, მაგრამ მათ შესახებ ბევრჯერ დავწერეთ და თავს აღარ შეგაწყენთ. ბევრ ფეხბურთელს ეძლევა თავის გამოჩენის შანსი, ნაკრები კი ის ადგილია, სადაც ათი შანსი ვერ მოგეცემა – უნდა გამოიყენო. ვნახოთ, ვინ როგორ მოახერხებს.

საქართველოსთვის მალტასთან მატჩი ისტორიაში 224-ე იქნება. უშუალოდ მალტა კი ჩვენი კარგი ნაცნობია. აქამდე 8-ჯერ შევხვედრილვართ და უპირატესობა ჩვენია: 5 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბურთები 11:5. ეს ერთადერთი მატჩი 2009 წელს წავაგეთ ამხანაგურში (0:2), მაშინ საქართველოს ექტორ რაულ კუპერი წვრთნიდა, რომელსაც ოპტიმალურისგან შორს მყოფი შემადგენლობა ჰყავდა მატჩზე.

ბოლოს კი 2015 წელს შევხვდით, თბილისში 2:0 ვიმარჯვეთ. მაშინ ნაკრებს კახა ცხადაძე წვრთნიდა, მისი დებიუტი იყო ნაკრების თავკაცის რანგში. გაგვიჭირდა, ბოლოს კანკავამ და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანეს.  პირველად ხდება, რომ ეს ნაკრებები ნეიტრალურზე ხვდებიან ერთმანეთს.

კანკავა ვახსენეთ და ჩვენი ნაკრების კაპიტნისთვის მალტა ხელსაყრელი მეტოქეა. მათთვის 3 გოლი აქვს გატანილი.

მალტელებმა 29 მაისს გამართეს ამხანაგური მატჩი და სომხებს ფრედ ეთამაშნენ – 1:1. ბოლოს 2017 წლის 6 ივნისს მოიგეს და თანაც, უკრაინას სძლიეს 1:0. ეს სენსაცია იყო. მას შემდეგ 9 მატჩი ჩაატარეს და მეტწილად, დიდი ანგარიშით აგებენ. წლეულს ლუქსემბურგთან 0;1, ფინეთან კი 0:5 წააგეს, ხოლო სომხებთან თამაშზე უკვე დავწერეთ.

მალტელებს გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავთ. ადრე ჰყავდათ ბუზუტილი, მერე მიფსუდი… ჩვენი არ იყოს, მალტაც ერთა ლიგაშია, მაგრამ საეჭვოა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ამბიცია აწუხებდეთ. ჯგუფში მოხვდნენ კოსოვოსთან, აზერბაიჯანთან და ფარერებთან ერთად.

აქვე, სრული სტატისტიკა:

ლა-ვალეტა. ტურნირი – 1994

მალტა-საქართველო 0:1

გოლი: 0;1 ქეცბაია (15 პენ)

 

თბილისი. ამხანაგური – 1994

საქართველო-მალტა 1:1

გოლები: 0:1 სპიტერი (33), 1:1 შოთა არველაძე (37 პენ)

 

ლა-ვალეტა. ტურნირი – 1998

მალტა-საქართველო 1:3

გოლები: 0:1 ყაველაშვილი (13), 1:1 ოვერენი (58 პენ), 1:2 ჯამარაული (71), 1:3 ყაველაშვილი (74)

 

ლა-ვალეტა. ამხანაგური – 2006

საქართველო-მალტა 0:2

გოლები: 0:1 მარცვალაძე (8), 0:2 კანკავა (16)

 

ლა-ვალეტა. ამხანაგური – 2009

მალტა-საქართველო 2:0

 გოლები: 1:0, 2:0 მიფსუდი (64, 75)

 

თბილისი. ევროშესარჩევი – 2010

საქართველო-მალტა 1:0

 გოლი: 1:0 სირაძე (90)

 

ლა-ვალეტა. შესარჩევი – 2011

მალტა-საქართველო 1:1

 გოლები: 0:1 კანკავა (14), 1:1 მიფსუდი (25)

 

თბილისი. ამხანაგური – 2015

საქართველო-მალტა 2:0

 გოლები: 1:0 კანკავა (83), 2:0 ყაზაიშვილი (90)

წყარო: adjarasport.com